8 აგვისტოს გურიაში წავედი და 23 აგვისტომდე აქიდან ფეხი არ უნდა გამედგა,
მაგრამ გასაუბრება 13-ში ჩაინიშნა. 13-ში, დილით წამოვედი, 4 საათი ვიმგზავრე,7-ის
ნახევარზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვიყავი, 9-ზე დასრულდა შეხვედრა და უკან
დავბრუნდი. ყველა მეუბნებოდა, „ამხელა გზაზე გასაუბრების გამო წასვლა რამდენად
გიღირსო?“ პასუხი ერთი მქონდა, ჩემი მიზანი იყო სკოლაში მოხვედრა და,
შესაბამისად, აუცილებლად უნდა მივსულიყავი გასაუბრებაზე. 10-ის 15 წუთზე ბევრი
ზარი შემომივიდა ტელეფონზე და თითქმის ყველა ერთსა და იმავეს მეკითხებოდა –
ღირდა თუ არა ამხელა გზაზე წასვლა... და მე დარწმუნებით ვეუბნებოდი, რომ ღირდა.
სკოლის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მკითხა, ხარ ემოციების
ქვეშო? და რომ ვერ მოვუყევი, რამხელა ემოციის ქვეშ ვიყავი, თვითონ მითხრა, ვიცი,
ვიცი, აღარ იწვალო სიტყვების მოსაძებნად, ახლა ხომ მიხვდი, რაზე გელაპარაკებოდი
ამდენი ხანიო?!
ხოდა, მართლაც რომ მივხვდი, რატომ არიან სკოლაში მოხვედრილი ადამიანები ასეთი
„შეშლილები“ სკოლასა და იმ სიტუაციაზე, რომელიც იქ არის. მე მხოლოდ 2 საათი
მქონდა იმისთვის, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შემქმნოდა თბილისის
პოლიტიკური სწავლების სკოლის შესახებ და ადამიანებზე, რომელებიც ამ სკოლასთან
ასოცირდებიან.
სიმართლე გითხრათ, დაძაბული არ ვყოფილვარ, მაგრამ უფრო თავისუფალი გავხდი
საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში. მომეწონა უშუალო გარემო, პოეზიის 5 წუთი
(რომ მოვდიოდი, გამაფრთხილეს, ლექსს აუცილებლად მოისმენ გასაუბრებაზეო. ვერ
ვხვდებოდი, რა საჭირო იყო, იქ ყოფნისას კი მივხვდი).
იმის მიუხედავად, რომ წერა არ მიჭირს, მაინც ცოტა მერთულება, ზუსტად გადმოვცე
ემოციები, რომლებიც 13-ში საღამოს მივიღე. ბევრი ემოცია ერთად მივიღე. 2 საათში
ბევრი გაკვირვება იყო, ბევრი ღიმილი, დიდი ინტერესი და ბევრი ფიქრიც. ემოციებით
დატვირთული გავუდექი გზას ბიბლიოთეკის დარბაზიდან გურიისკენ.