სიმბოლურია, ბახმაროში დემოკრატიაზე საუბრისას, გრიგოლ მეგრელიშვილთან
ერთად, სემინარი მიეძღვნა ამ რაიონის კიდევ ერთ გამორჩეულ შვილს, პირველი
დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე ქალაქ თბილისის მოურავად - მერად
არჩეულ ბენიამინ ჩხიკვიშვილს. ესეც ხომ სკოლის ძირითადი გამოწვევაა,
დაგაწყებინოს ფიქრი ადამიანზე, რომელმაც 100 წლის უკან დაიწყო ბრძოლა
დემოკრატიისთვის.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მსმენელი გავხდი, ვფიქრობ, რა მომცა
სკოლამ: რა თქმა უნდა, ახალი მეგობრები, რომელთა წრე ყველა სემინარსა თუ
მოგზაურობაზე იზრდებოდა და მომავალშიც გაიზრდება; მაპოვნინა თანამოაზრეები,
კიდევ ერთხელ დამანახა, რამხელა ძალა აქვს განსხვავებული აზრის მოთმინებით
მოსმენის კულტურას, მოსმენის შემდეგ კი არაიმპულსური და გააზრებული ფორმით
საკუთარი აზრის გამოხატვას; შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი და პირადად
გავსაუბრებოდი მაღალი რანგის დიპლომატებს, ექსპერტებს, პოლიტიკოსებს,
რეჟისორებს, მწერლებსა და მუსიკოსებს, მათთან ერთად გვეფიქრა და გვემსჯელა
ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; სკოლის სივრცეში აღმოვჩენილიყავი
დემოკრატიისა და ქართული ჰანგების გარემოცვაში. ვფიქრობ, მთავარი, რაც სკოლამ
მომცა, არის თავდაჯერებულობა და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოხატვის
გამბედაობა. ფიქრი იმაზე, რომ „რა ჩემი საქმეათი“ რაც დიდხანს ვიცხოვრებთ, რაც
უფრო ნაკლებად ვიქნებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული, დაველოდებით
როდის გააკეთებენ სხვები საერთო საქმეს, მით უფრო გვიან გავხდებით ჩვენი
სოფლისა და ქალაქის ბედის განმსაზღვრელები. ყველა არჩევნების შემდეგ გვექნება
იმედგაცრულება და საკუთარი თავის გარდა, ყველას დავაბრალებთ ამ შედეგებს.
ზოგიერთ ადამიანს, ფიქრის დასაწყებად სჭირდება პროვოცირება, სათანადო სივრცეში
მოხვედრა, სადაც შექმნილი გარემო უბიძგებს, თავს ძალა დაატანოს და იფიქროს.
სწორედ ასეთი ადგილია სკოლა.
ჩემი სურვილია, სკოლასთან ურთიერთობა სემინარებთან ერთად არ დამთავრდეს და
შევძლო გავხდე ამ დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. თუ როგორ შევძლებ ამას და რა
გამომივა, ამას დრო აჩვენებს.

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად