ჩვენ ვეძებთ მოკავშირე სულებს, თანამფეთქავ გულებს – ნუგეშად, ძალად. რომ
ოცნება და მცდელობა – ჯანსაღი და ძლიერი, სამართლიანი, კულტურული ქვეყნის
განმტკიცებისკენ არ დარჩეს ეფემერად.
ჩვენ ვმღერით, ვწერთ, ვხატავთ, ლოცვა-ლოცვით დავყვებით საბჭოთა დაღდასმულ
ადამიანებს, ვინც კი არ დაიმსხვრა ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილის – მამის, დედის,
ბიძის, ბებია-ბაბუის ოცნებების და სიცოცხლის დამსხვრევით, არამედ ეს ბოროტება
სიცოცხლის და სიკეთის, მეტი სიყვარულის და ქმედების ენერგიად აქცია.
ექვთიმე, ფილიმონი, კახი, ხალდელი მებრძოლი სულები... გმირი სიმბოლოები,
რომლებმაც სანიმუშო დღე-სასწაულებად აქციეს მათივე ცხოვრების თითოეული
ნაბიჯი და ნამოქმედარი. და ბრძოლის შედეგი – გამარჯვება იდეისთვის. თავგანწირვა
და ისტორიისკენ არჩეული გზა!...
სკოლაში უნებურად მოგვაქვს ხოლმე გუდა - შეკითხვებით, შფოთით, ზოგჯერ სავსე
უიმედობითაც, მაგრამ უკან გზაზე ეს გუდა უფრო მსუბუქი და ძვირფასი თვლებით
სავსე მიგვაქვს უკან. თვლებით, რომლებიც ციდან ჩამოგვყვა საგზლად, მაგრამ
დაგვეფანტა, დაგვებურა, აგვეხლართა სხვა არასიძვირფასეებთან ბრძოლაში.
ჩვენც ვაპრიალებთ ჩვენ ფიქრებს და იმედებს აქ, ვეძებთ და იქნებ, ხშირად თუ ვერა,
ზოგჯერ მაინც ვპოულობთ კიდეც საბრძოლო ხელოვნების ილეთებს, ხერხებს,
ურომლისოდაც ვიძირებით უმოქმედო გამოუვალობაში...
აქ სიმღერაც უფრო გულწრფელი და სულში ჩამწვდომია, რადგან იცი, რომ მთელი
არსებით გისმენენ, თუ სწავლობენ მოსმენას, რომლის დროსაც შემსრულებელიც
სწავლობ, როგორ იყო მეტად გამომსახველი, გულწრფელი თუ ღრმა.
აქ კითხვის დასმა უფრო საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ პასუხის მოლოდინი, რადგან
იცი, რომ გულისყურით უსმენენ შენი ხმის და გულის რხევას და იწყებენ შინაგან
მოძრაობას, ფიქრს პასუხის საძებნელად თუ გასაზიარებლად.
ეს უაღრესი წესრიგი მაფიქრებინებს, რომ ეს სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენი
სახელმწიფოს მოწყობას: მწყობრი, თანმიმდევრული, კულტურული სმენის,
მიყურადების, ფიქრის და საკუთარი ხმის შეწყობა, აზრის გამოხატვის მისაღები
ფორმის მოძიება...