blog

ჩვენი სკოლის სემინარი არაერთხელ დამთხვევია ქვეყნისთვის საკვანძო მოვლენებს, ბეწვის ხიდებს... ახლაც, 16-18 ივნისს ვისხედით სემინარზე და ევროპელი დიპლომატებისგან წინასწარ ვისმენდით განაჩენის ტოლფას ვერდიქტებს... პროგრამის ყდაზე ევროპის რუკა გვქონდა დატანილი, 270 წლის წინ ქართველი ბატონიშვილის ხელით შესრულებული რუკა... თითქმის სამი საუკუნის წინ სამეფო ოჯახებში ასე მკაფიოდ ხედავდნენ, ესმოდათ და ესწრაფოდნენ ევროპას... სწორედ ამ რუკის ავტორის აღმზრდელი იყო სულხან-საბა ორბელიანი, საკუთარი და საქვეყნო სურვილით საევროპო გზებს რომ ეძებდა... მას შემდეგ ბევრს ეცადნენ და ცდილობენ, დაგვაჯერონ „ლუდოვიკოების“ ჩვენდამი დამოკიდებულების ნიჰილისტურ მისტერიებში, მაგრამ რაკი ევროპა ჩვენი ზედნაშენი და შენაძენი კი არა, მთავარი ღერძია, ამაოა ყველა ავი მცდელობა!
ერთ დროს ისტორიული უკუღმართობის მსხვერპლნი დღეს ბეწვის ხიდზე ვდგავართ და ვკითხულობთ, როგორები ვართ ევროპის თვალში? რა გვაქვს შესაცვლელი ხმელეთზე, ზღვაზე, კიბერსივრცეში და, რაც მთავარია, საკუთარ ფიქრში... ამ დროს სემინარის მონაწილე ბელორუსი რეჟისორის ფილმიდან ისმის ამ სამყაროში ყველაზე ამაზრზენი ხმა – ნაწამები მამაკაცის მხეცური ღრიალი ციხის სენაკიდან... ღელავს ერთიანად თეთრებში ჩაცმული თეთრი ბელორუსი... – ჰქონდათ მათ ეს დიდი და კარგი გამოცდილება! მართალია, დღეს უკიდურესად მძიმე პოლიტიკური ტერორისგან თავის დასაღწევად და ქვეყნიდან გასაქცევად ჭაობებში იხოცებიან, სამაგიეროდ, მათ იციან თავისუფლების გემო და ჩახშობა უკვე გვიანია! უკრაინამ დაადასტურა, რომ თავისუფლების ეს გემო სისხლის სიმწარეზე ბევრად ძლიერია... და რა არის დღეს ლიზას, ზურაბ ჟვანიას შვილის, თაობის პრივილეგია, თუ არა „თანდასწრება“, საერთო პოლიტიკური და ფასეულობითი სივრცის – ევროპული მოვლენების, საფიქრალის, მეტაფორების, სიმბოლოების ბოლომდე გაგება, მიღება და ამით თანდასწრება, სისხლშიც და სიხარულშიც თანდასწრება...
კარლჰაინც შტოკჰაუზენის უცნაური ხმების ფონზე შუა ზღვაში მიცურავს საკუთარი წიაღიდან ამოგლეჯილი უზარმაზარი ხე, რატომღაც ჩვენი ქვეყნის ბედის მეტაფორასავით ჩანს ეს კადრი... მაგრამ, საბედნიეროდ, საკუთარ ბუნებას, ვინაობას, ავთენტურობას, ყოველგვარი ანომალიური გარემოების მიუხედავად, უსათუოდ გამოავლენს ადამიანი, ქვეყანა – მით უმეტეს...
ღამის პირველ საათზე ღია ფანჯრებიდან შემოსული მტკვრის დინების ხმა უცნაურად უხდება დებიუსის „მთვარის შუქს“, ბახს, პიაცოლას, ყანჩელს, აზარაშვილს, რახმანინოვსა და ჩაიკოვსკის – ეს ჩვენი თანდასწრებაა იმ დიდი და ნათელი სამყაროსი, რომელმაც ყველაზე მეტად იცის თავისუფლების ფასი... ჩვენ ვიცით ეს ფასი, თავისუფლების ფასი, საკუთარი ევროპული გენეტიკის და მეხსიერების ფასი, ამიტომ, ნებისმიერი ძალისხმევის მიუხედავად, ჩახშობა უკვე გვიანია!
 
ესმა მანია
26.06.2022

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად