თავისუფლებას დაუნდობელი მეტაფორები აქვს! (...გარეთ კი ფერთა რბილი, თბილი, გარდამავალი,
შემოდგომის გრადაციებია)
„გაფრენა სხვაგან“ თავისუფლების დაუნდობელი მეტაფორაა!
(... „ეძღვნება გეგა კობახიძის ხსოვნას“ – თვალში გვხვდება სემინარის პროგრამის მკაფიო მინაწერი)
თავისუფლების დაუნდობელი ტრაექტორიაა დინების საწინააღმდეგოდ სვლა!
(...დინების საწინააღმდეგოდ მცურავი ობიექტი ლურჯად ელავს პროგრამის ყდაზე)
თავისუფლების დაუნდობელი შედეგია გეგა კობახიძის აღსასრული!
(...სულში თავისუფლებაჩასახული მისი ჩიბუხიანი პორტრეტი ამ დაუნდობლობის წინასწარმეტყველებაა)
თავისუფლების დაუნდობელი თეზისია ჭეშმარიტების ყველაფერზე მაღლა დგომა, მათ შორის – ზოგჯერ უალტერნატივოდ მიჩნეულ ცნებებზე მაღლაც!
(...კადრში ჩანს, როგორ ტოვებს დარბაზს მერაბ მამარდაშვილი
და იმ დარბაზშივე იგრძნობა, რომ რაღაც ახალი შემეცნება იწყება ეგზალტირების ზღვარზე მდგარი
ადამიანებისთვის, წონასწორობის მოლოდინი კი გრძელდება დღემდე )
თავისუფლების დაუნდობელი მოთხოვნაა აფხაზებისა და ოსებისთვის ჩვენი მხრიდან მიყენებული ტკივილების აღიარება!
(...დარბაზში ისმის კითხვა: ჩვენივე ცნობიერებით ვინ არიან ჩვენთვის აფხაზები და ოსები?!)
თავისუფლების დაუნდობელი ვერდიქტია ჩვენი მამების სისხლიანი ბედი!
(...ზოგჯერ ქვეყნისგან დასავიწყებლად გამეტებულ ჭრილობებს ნუცას და თორნიკეს, შენი და ჩემი, ჩვენი, ობლების, აწ უკვე სიკეთედ გარდასახული მეხსიერება აცოცხლებს)
თავისუფლების მკაცრი მოთხოვნაა, მიიღო ადამიანი, რომელიც შენ არ გგავს!
(...ჯგუფში შენ გვერდით ექვს ათეულზე მეტი შენგან სრულიად განსხვავებული ადამიანი შენთან ერთად და
შენსავით ისმენს, შენსავით განიცდის, შენსავით იცვლება)
თავისუფლების ყველაზე პარადოქსული მოთხოვნაა, გადააბიჯო საკუთარ თავს და შეძლო თავისუფლებისთვის, ერთი შეხედვით, ყველაზე შეუფერებელი რამ – კომპრომისი!
(...კომპრომისი, რომელმაც თავის დროზე შექმნა ტიტული:„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“)
ამ ფიქრით და შემეცნებით ორიოდე დღის წინ პირველად შეკრებილები ერთად ვირჩევთ „თავისუფლების მკაცრ საკნებს“, რომლებშიც თავისუფლებისთვის დაუნდობლად ვებრძვით მის ყველაზე დიდ მტერს – საკუთარ თავს!
(...თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა – „თავისუფლების მკაცრი საკანი“!)
P. S. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 26-28 ოქტომბერი, 2022 წელი, ბორჯომი.
P.S. „თავისუფლების მკაცრი საკანი“ ესმა ონიანის ფრაზაა.
ესმა მანია
03. 11. 2022