blog

იმის გააზრებამ, რომ ყველაფერი ისევ და ისევ საფრთხეშია, მოზომილ ტალღად გადაუარა სემინარის მონაწილეებს! დიახ, ისევ და ისევ, რადგან 120-150 წლის წინანდელი წერილები სემინარის პროგრამის ყდაზე იმავე საფიქრალს, საზრუნავს და საბრძოლველს ეხება, რაც დღესაც სავალალოდ მთავარია!
იმის გააზრებამ, რომ ყველაფერი ისევ და ისევ საფრთხეშია, სულ სხვა შემართებით აღჭურვა საქართველოს მეგობრები! დიახ, მეგობრები, რომლებიც მაშინაც კი არიან ჩვენთან, როდესაც დაუნდობლად ვდევნით ჩვენგან... ჩვენთან არიან საქმითა და ემოციითაც, ლმობიერი მითითებებითაც და მკაცრითაც, იმედის ასეთი ხარისხითაც და ისეთითაც... ჩვენთან არიან მაღალი რანგის დიპლომატები ქართული მისალმებებით და რვა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სხვადასხვაგვარი ტემპერამენტით... არ ჰგვანან ერთმანეთს არც ჩვენდამი მიდგომებით, არც ჩვენი ქცევების მათეული აღქმით, არც პრიორიტეტებით, მაგრამ მთავარი მაინც ერთია, თითოეულმა მათგანმა იცის, ყველაზე აშკარა და თვალსაჩინო ევროპული მარკერებიც რომ წაუშალო საქართველოს მოქალაქეს, ის მაინც ევროპელად რჩება! იციან, რომ გეოპოლიტიკაზეც მეტია და ისტორიაზეც ჩვენი ევროპელობა!
ისევ და ისევ საფრთხეში რომ არ იყოს ყველაფერი, უხერხული იქნებოდა იმის თქმა, რომ სემინარი ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას!
ისევ და ისევ საფრთხეში რომ არის ყველაფერი, სცენაზე არათუ პერფორმანსები გვჭირდება, არამედ ცხოვრება! და ჩვენ ვნახეთ ცხოვრება სცენაზე, ჰორიზონტულად და ვერტიკალურად, დროსა და სივრცეში გაშლილი ფოლკლორი, „ამერ-იმერის“ ფოლკლორი, როგორც ჩვენი ვინაობის შეულამაზებელი ფორმულა!
ისევ და ისევ საფრთხეში რომ არ იყოს ყველაფერი, ვინ აპატიებდა ახალგაზრდა რეჟისორს იმ სიბინძურის მხილებას, ბევრ ჩვენგანს რომ გვიტარებია უბით ან უადგილო იქნებოდა აგრესიული სიმშვიდით დამუხტული ვალერია ნოვოდვორსკაიას გახსენება სემინარზე!
„რა დროს პრინციპებია, ბავშვი ხომ არ ხარ?!“ - ასეთ ფრაზებს ვისმენდით „გიორგობისთვიდან“ და ვფიქრობდით გამოსავალზე „ქაჯობიდან“, რომლის გარეშე ცხოვრებასაც დღეს დიდი შინაგანი გარღვევა და გამბედაობა სჭირდება.
შეგრძნებების სინატიფის კულმინაცია სემინარის მონაწილეებს მუსიკალური ექსპერიმენტის დროს დაგიდგა. ჩვენ გავხდით შემსწრე, ამ სამყაროში ნებისმიერი სტატიკური სტრუქტურა თუ ქმედითი აქტი, თუნდაც ყველაზე ქაოტური - სივრცეში ნაწილაკების შემთხვევითი მოძრაობაც კი, - როგორ შეიძლება გამოისახოს მუსიკალურ კომპონენტებში, საზომებში, საშუალებებში, ე. ი., ტრანსფორმირდეს მუსიკად. თუკი ბგერათა ნებისმიერი კომბინაციის, მათ შორის ჩვენი გვარ-სახელების, ალპების მთების კონტურების მუსიკალური ტრანსფორმაცია უკვე შესაძლებელია, ალბათ ძალიან მალე, როცა ჩვენი სისხლის მიმოქცევის ხმასაც ალგორითმებს, ტექნიკებს მიუსადაგებენ, ერთიან მუსიკად იქცევა მთელი ჩვენი სამყარო. რეზო კიკნაძის ანჩისხატში დაწყებული საგალობელი კი, მისი გულმოდგინე და უფაქიზესი ძიების შემდეგ, ამ სამყაროში ყველაზე ნამდვილ საგალობლამდე აიწევს.
„უთვალავი ფერით“ ჩვენთვის ნაჩუქარ სამყაროში გვრჩება ერთადერთი რამ -- შევქმნათ მედიუმები და გამომსახველობითი საშუალებები, გავინატიფოთ შეგრძნება, სმენა, ხედვა და მივიღოთ სამყარო, რომელში ცხოვრებასაც ურომლისოდ ვამთავრებთ ხშირად!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მთავარი შედეგი მაინც ის არის, როგორც მრგვალ მაგიდაზე, გულწრფელად შეგვეძლოს იმ ხარვეზების აღიარება, რომლებიც ამ ასაკშიც კი სკოლამ დაგვაძლევინა! ჩვენ არათუ მივიღეთ ერთმანეთი, საკუთარი თავი ვიპოვეთ გვერდით მდგომებში და „სკოლელობა“ აღვიქვით ზმნად (ქმნადობად, შეუჩერებელ ქმნადობად), სიყვარულივით!
P. S. „სკოლელობა“ არის ზმნა, სიყვარულივით!“ - ასე გამოხატა ერთმა გამორჩეულმა სკოლელმა საკუთარი აღქმა და ჩვენც ჩვენი თავი და განწყობები დავინახეთ მის განწყობაში და ამ ნათქვამის მუსიკალურ ვიბრაციას შესანიშნავად შევუთავსეთ თითოეული ჩვენგანის „სკოლელობა“, ე. ი., დაუღლელი ქმნადობა!
 
 
15-17 მაისი, 2023, ბორჯომი
ესმა მანია
 

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად