სულ უნდა დაუშვა!
სხვა შესაძლებლობები ახლავს დაშვებებს!
რა სახელები შეიძლება რქმეოდა პატარა გოგონას თავის დაბადების ადგილას, ან იერუსალიმში, სადაც იზრდებოდა, ან იმ ქვეყნებში, რომლებიც კი სხვებთან ერთად თუ მარტომ გამოიარა, ან რა ერქმეოდა მეზობელ სომხეთში, საიდანაც საქართველოში შემოვიდა და რა სახელით მივიღეთ ის ჩვენ! - ყველა ერს ხომ თავისი ფონეტიკური სტერეოტიპი აქვს!
ჩვენ ის გოგონა, ყველაზე მთავარი ამბით რომ შემოვიდა ჩვიდმეტი საუკუნის წინ საქართველოში, ნინოდ მივიღეთ!
ალბათ სხვა ბევრი სახელი ერქვა წმინდა ნინოს და მისი ფარგლებიც საქართველოზე ბევრად დიდია! ჯავახეთი კი, სადაც პირველად დადგა ფეხი, რაღაცნაირად აღემატება ტბის და ალპური ზონის სტანდარტულ ლანდშაფტს, მეტია თავისთავზე!
ბედნიერებაა, წელიწადში ერთხელ, ამ დღეს, ამ პირველ ივნისს, გრძნობდე ლანდშაფტზე დიდ ლანდშაფტს, ხედავდე არსებულზე მეტ ადამიანს და გქონდეს იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე დატევა შეგიძლია!
სულ უნდა დაუშვა! ასე უფრო დიდი და უფრო მართებულია სამყარო და ეს წმინდა ნინოს ლოგიკაა, წმინდა ნინოსი, პატარა გოგონასი, რომელიც ყველასია, ვინც თავის სახელს არქმევს მას... რომელმაც იმთავითვე გაუხუნარი, მარად თანამედროვე ევროპული კულტურული კონტექსტი განუსაზღვრა საქართველოს - დროსაც რომ აჯობა, გეოგრაფიასაც, ყოველგვარ პოლიტიკურ რეჟიმსაც და ცხოვრების მდინარების დახავსებულ ლოგიკასაც!
სულ უნდა დაუშვა!
სხვა შესაძლებლობები ახლავს დაშვებებს!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა
ესმა მანია
06 ივნისი, 2023 წელი