blog

"არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში“ – სახარებისეული მეტაფორა ითქვა დეკემბრის სემინარზე.
ბოლო საუკუნეების განმავლობაში ყველაზე მთავარმა ნაბიჯმა გაგვიათკეცა საფიქრალი და კითხვის ნიშანი. ახალი შიგთავსი და ძველი ჭურჭელი ან იქნებ განახლებული შიგთავსი და მოძველებული ჭურჭელი... და რა გვაქვს შესაცვლელი ამ უჰარმონიობის, ამ დაუბალანსებლობის, ამ შეუწონადობის შესაცვლელად, იმ ჭურჭლის, იმ სამოსელი პირველის, აბრეშუმისებურობის განსაახლებლად, ხენეშ კვართად რომ გვიქცია ისტორიამ... დღეს ამ ნაბიჯმა, შესაძლებლობამ, დავუბრუნდეთ ერთხელ აცდენილ ძველ გაზას, იმაზე მეტი კითხვა მოიტანა, ვიდრე გვეგონა, ვიდრე გვეფიქრებოდა, ვიდრე წინასწარ ჩანდა... დღეს ყველა ჩვენს პრობლემას სხვა მეტატექსტი, სხვა განზომილება გაუჩნდა... დღეს ყველა ჩვენი ხარვეზი იუველირულად დელიკატური კუთხით გათვალსაჩინოვდა... დღეს გაჩნდა სივრცე იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემის დამალვა, მიჩქმალვა, მიწის მიყრა სირცხვილი, უფრო მეტიც, დანაშაულია! დღეს ჩვენი სუბსტანციური შიგთავსის შინაგანი რევიზია დაიწყო და მან მოიცვა როგორც ისტორიის აღქმის ჩვენეული ხედვები და უნარები, ისე თითოეული ჩვენგანის პერსონალური თუ სამოქალაქო ყოველდღიურობა.
დღეს ამ ფიქრებში მოექცა ყველაფერი, პოლიტიკური არჩევანით დაწყებული, ჯანსაღი პურით კვების უფლებაზე, ყოველი ადამიანის ღირსების თანაბრობაზე, ჩვენი ძველი თუ ახალი ისტორიის გადააზრების კონცეფციებზე, გაბედვის მნიშვნელობაზე ფიქრით დამთავრებული.
ფიქრის პრიზმა კი ერთადერთია - რა გვქმნის ევროპელებად:
– ალბათ ფიქრი იმაზე, რომ ამ სამყაროში ავანსად გეძლევა ყველაფერი, მათ შორის სახმელეთო ევროპის გაღმა ნაპირამდე გადმონაცვლება.
– ალბათ ფიქრი იმაზე, რომ უსათუოდ უნდა გქონდეს კრიტიკული აზრი ყველაფერზე, საკუთარი თავით დაწყებული, და ეს გახდეს შენი აზროვნების პრიზმა.
– ალბათ ფიქრი იმაზე, რომ აუცილებელია, აემრიზო შენს დროებას, ზოგადად ნებისმიერ დროებას, და იკითხო სულგაწამებულმა: „რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ, გამაგებინე, რა ლექსი გინდა?!“
– ალბათ ფიქრი იმაზე, რომ შენ, ფუტურისტად თუ დადაისტად დაბადებული, სულ მარტივად შეიძლება გახდე ცენზორი, თავისუფალი აზრის მდევნელი.
– ალბათ ფიქრი იმაზე, როგორ შეგცვლიდა, რას შეგმატებდა „ანგლიური გაზრდილობა“, „ანგლიური განათლება“, ამის შესაძლებლობა საუკუნე-ნახევრის წინა პერიოდიდან რომ გქონოდა?
და მაინც ფიქრი იმაზე, რა არის ევროპელობა – გეოგრაფია, იდეოლოგია, ფასეულობათა სისტემა, პოლიტიკა, მისი ამოსავალი წერტილი იდენტობაა თუ არჩევანი – ყველაზე მძაფრი და ძლიერი ნაკადია ამ საუკუნოვანი ნაბიჯის შემდეგ ჩვენს აზროვნებაში.
მთავარი კი მაინც ისაა, რომ ევროპულ აზროვნებაში მე ვცდილობ, ვიცოდე შენი მნიშვნელობა და შენი ადგილი, რომ სწორად აღმოვაჩინო ჩემი ადგილი შენ გვერდით! ამ იდეისთვის უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა, იბრძვის ჩვენი სკოლა! და დღესაც, სულ სხვა გააზრებით, სულ სხვა მოცემულობიდან, მისი სემინარის პროგრამის ყდას აწერია ზურაბ ჟვანიას მარად ახალი სიტყვები!
დღეს, როცა ახალი შიგთავსი ბობოქრობს ძველ ტიკში, წამიც კი არ გვაქვს ამ პროცესის მიყუჩებისთვის, მიჩქმალვისთვის... ამიერიდან ყოველი წამი რადიკალური განახლების დროს უნდა მიუერთდეს, რომ ალაგ უწვრილეს ბოჭკოებამდე გადაცვეთილმა და ალაგ ბეტონივით ხენეშმა ჩვენმა კვართმა ახალი ქსოვილის პლასტიკური ფაქტურა დაიბრუნოს და გაიღოს კარი, რომელში შესვლაც მხოლოდ ახალ შიგთავსს და ამგვარად განახლებულ ჭურჭელს შეუძლია!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ბორჯომი, 21-23 დეკემბერი, 2023 წელი.
ესმა მანია
ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოები
30. 12. 2023

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად