ახალი ჯგუფის პირველი სემინარი შემოდგომის პლასტიკაში, შეხვედრა ბახმაროს სემინარსა და სტრასბურგის ფორუმს შორის, სადაც ჰაერს ფანჯრებიდან შემოაქვს საოცრად თბილი ლანდშაფტის ჩვენი წილი სიყვითლე, მართლაც უცნაურად თბილი ყვითელი...
სადაც ვუსმენთ პასტელურად იისფერ მუსიკას, რომელიც ამთლიანებს გარდამავლობებს, გრადაციებს და გაგრძნობინებს სიჩუმეს, ყვითელი ფოთლების სიჩუმეს...
სადაც შენ წინ დიდი მეგობრები სხედან და განასახიერებენ სხვადასხვა ხარისხის ევროპულ პლასტიკას, საკუთარი ქვეყნების სხვადასხვაგვარი წარსულის ანარეკლს...
სადაც იცი მშვიდობის ფასიც და ომის ფასიც!
სადაც ფიქრობ არჩევანზე, შენი სამოქალაქო სინდისის ნაყოფზე!
სადაც ეცნობი მიშელ მუსხელს და თანამედროვე ევროპეიზმის იდეის ჩვენს, ქართულ წილს!
სადაც ყველაფერი სავსეა კრიტიკით, არამხოლოდ რაციონალური, თვითმიზნური კრიტიკითაც კი და სადაც პირველად შედის პროგრამაში ტერმინი „რიტიკული გამოწვევები...
სადაც პოსტმოდერნული ფასეულობებისაც გესმის და ერთი მთავარი, დიდი ჭეშმარიტებისაც. ეს იმ შემთხვევაში გამოგდის, თუ გვაქვს ღონე და სურვილი, ერთმანეთის განსხვავებულობას, ერთმანეთის აზრსა და მიზიდულობას საძირკველი გაუსინჯო!
სადაც ფიქრობ ილია ჭავჭავაძის არჩევანზე თავის დროს და დღეს, თანამედროვეობაში... სადაც იცი, რომ ის იშვიათი ქართველი იყო, რომელსაც ესმოდა როგორც ისტორიის, ისე აწმყოს ფასი და ამ ბალანსით იცხოვრა!
სადაც არც მეტი, არც ნაკლები, უტაქტობად მიიჩნევა უიმედობა ფილმში, მუსიკაში, წიგნში, მოხსენებაში, ცხოვრებაში...
სადაც ასეთი მსუყე ცხოვრების გამო გაკვირვების, გახარების უნარდაკარგულს უცებ, შენდა უნებურად, შენდა გასაკვირად, „იალონის“ ასე შინაურული, ასე საშენო ნამღერის მოსმენისას რაღაც გემართება, რაღაც, რაც ცრემლსაც აღემატება, რასაც ხელოვნურად ვერ გამოიწვევ – ჟრუანტელი, ნამდვილობის ყველაზე უტყუარი ეს ბეჭედი!
სადაც ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება დროში ძალისხმევაა, ძალისხმევა კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აწმყო გქონდეს, აწმყო კი – იმისთვის, რომ ცოცხლად იწოდებოდე!
სადაც ადამიანად რომ გადარჩე, ზღვრული ძალისხმევის გაღება გიწევს, შენი არჩევანის დასაცავად საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმა გიწევს! დღეს, სწორედ დღეს, სავსეა ჩვენი სკოლა ასეთი ნაბიჯების ენერგეტიკით! ამ ნაბიჯების გადამდგმელებმა ყველაზე კარგად იციან, რომ არ არსებობს მონობაზე დიდი სიკვდილი!
სადაც პროგრამის ყდაზე დატანილ ფოტოზე შეიძლება ამოიკითხო ერთი დიდ მეტაფორა – ახლო პლანზე და მკაფიოდ – მიტოვებული, ჟანგმოკიდებული, ჯაჭვებით შეკრული, ჩაკეტილი საქანელა შემოზღუდულობის, უფუნქციობის, უიმედობის, ზამთრის და დაისის მოლოდინით... შორ პლანზე კი – გაშლილი ზღვა, დიდი და თავისუფალი, შემოუზღუდავი სივრცე... სივრცე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავია ამ თავისუფლებაში ჰარმონიულობის შენარჩუნების, ბალანსის, წონასწორობის გარანტი, შენი თავი, საკუთარი თავი!
... ისმის პასტელურად იისფერი მუსიკა, ღია ფანჯრებიდან შემოდის ყვითელი შემოდგომა, არ ცივა, თბილა, წინ რვა ნოემბერია, მართალია, ბევრია ჩვენში ოპორტუნისტი, მაგრამ უფრო მეტი, ვინც არჩევანი გააკეთა და საკუთარი თავი აირჩია ამ დიდ თავისუფლებაში ჰარმონიულობის შენარჩუნების, ბალანსის, წონასწორობის ერთადერთ გარანტად!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ბორჯომი, 24-27 ოქტომბერი, 2023 წელი
ესმა მანია