blog

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ბეწვის ხიდს ჰგავს!
20 წელია, რაც ის ამსამყაროსეულ სიტლანქეებს ბეწვის ხიდად რანდავს და ამ გზაზე გავლის სირთულეებს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იწვნევს!
 სხვა რა არის, თუ არა ბეწვის ხიდზე გავლა, ბალანსის დაცვა დიპლომატიასა და რეალობის გულწრფელ აღქმას შორის, ყოველ სემინარზე ასე დელიკატურად, მაგრამ ასე პრინციპულად რომ მოეთხოვებათ ექსპერტებს...
სხვა რა არის, თუ არა ბეწვის ხიდი, უპერსპექტივო რეალობიდან თუნდაც ერთი საიმედო შტრიხის ამოძარღვება...
სხვა რა არის, თუ არა ბეწვის ხიდზე გავლა, უნივერსიტეტის ცარიელ დერეფნებში მერაბ მამარადაშვილთან ერთად ხეტიალი და ფიქრი იმაზე, რომ მთავარის სახელით ზოგჯერ მის ფრაგმენტს, ან სულაც მის სუროგატს გვაჩეჩებენ... რომ ზოგჯერ ჩვენს სულთან სისხლხორცეულად შეზრდილი სხვისი ხმა საუბრობს ჩვენში...
 ბეწვის ხიდია, გაბედო, გახსნა და სახელი დაარქვა ყველაფერს, რაც შენ ირგვლივ არსებობს და გიბუნდოვნებს თვალსაწიერს. სხვა რა არის, თუ არა ბეწვის ხიდზე გავლა, „იალონის“ ბატონების ციკლი, ტკბილი წითელი ფერით და საკრალური კრძალვით რომ აღიბეჭდა ჩვენს ბავშვობაზე...
 სხვა რა არის, თუ არა ბეწვის ხიდზე გავლა, საკუთარი ადამიანური, სულიერი, პროფესიული, პოლიტიკური ვნებების მიუხედავად, მეორე ადამიანის ერთ დიდ, ხელშეუხებელ სამყაროდ აღიარება და ერთმანეთს შორის ამ ფორმალური წინააღმდეგობების დაძლევა ყველაზე უკომპრომისო და ქმედითი იარაღით – სიყვარულით!
 სხვა რა არის ბოლოს და ბოლოს სემინარის პროგრამის ყდის შავთეთრად გაფორმება, თუ არა პროტესტი სამყაროს ენის მოჩლექით აღქმაზე და იმის აღიარება, რომ არაფერია შუალედური სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის...
 ბეწვის ხიდი კათარზისია, თუ შენი დიდი ძალისხმევით ამ კონდიციამდე არ გარანდე საკუთარი არსებობა, მეორე ნაპირზე ვერასდროს გადახვალ! სკოლას კი თანდათან უგროვდება მეორე ნაპირის სულიერი გამოცდილება და ეს მისი მთავარი შედეგია!
ბეწვის ხიდია ჩემთვის სკოლა – ყოველთვის, როცა იქ ზრდასრული ადამიანის მწიფე ფასეულობებით მივდივარ, უკან ჩემი ფასეულობების ასე აწყობილი კონსტრუქციის ნამსხვრევიღა მომყვება... მსჯის ერთადერთი რამისთვის – არასაკმარისი სიყვარულისთვის! და ეს ასე იქნება მანამ, სანამ მთის გადადგმას შევძლებ...
 თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ბეწვის ხიდს ჰგავს! მთის გადადგმა კი მხოლოდ მეორე ნაპირზე, ამ ხიდის გავლის შემდეგაა შესაძლებელი!
ესმა მანია, სკოლა, 2019, დეკემბერი

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად