blog

„სიყვარულიო“ – ბედის ირონიაა, რომ დღეს უკან არ მოგახედებს ეს სიტყვა...
ბედის ირონიაა, რომ ამ სამყაროში ყველაზე მეტად გაცვდა ყველაზე მთავარი, ათას ნაწილაკად დაწვრილმანდა იგი! მართალია, თითოეულმა ნაწილაკმა თან გაიყოლა მთელის, დაუშლელის ენერგეტიკა, მაგრამ მათ შესაკოწიწებლად დღეს ძალიან დიდი ძალისხმევა, დიდი შინაგანი წვა, ტიხრების დადება და ხარვეზების ამოვსებაა საჭირო! – ამ ფიქრებში გართულნი ვსხედვართ ბორჯომის სემინარზე ამ ზამთარ-გაზაფხულის მიჯნაზე და სკოლა ჩვენდა უნებურად გვაწყებინებს ფიქრს იმ „ოქროს ძაფებზე“, დაქუცმაცებული „სიყვარული“ უხარვეზო მთლიანობად რომ უნდა აქციოს... არავინ იფიქროს, რომ სკოლას ოდესმე უფიქრია შედეგზე (შედეგზე ფიქრს თითქმის ყოველთვის ხარვეზად დაჰყვება ანგარების ენერგეტიკა!), სკოლისთვის მთავარი პროცესია, მსვლელობაა, ძიებაა... ის უფაქიზესი მგრძნობელობით აღიქვამს როგორც ადამიანის სულის, ისე საზოგადოების ერთიანი სხეულის ნაკაწრებს და ბზარებს, ნგრევის და მსხვრევის არ ეშინია, რადგან იცის ანამნეზები და მოხელთებული აქვს უფაქიზესი რეცეპტი – ოქროს ძაფები!
სკოლამ შესანიშნავად იცის, იქამდე არ დაუბრუნდება „სიყვარულს“ სიმრთელე, სანამ იმ „ოქროს ძაფებით“ გამჭვირვალობამდე არ მივა სამყარო, სანამ არ შევიმეცნებთ, რომ ჯერ იმის მეასედიც არ გვიძებნია, რაც უნდა გვეძებნა... იმის მეასედიც არ გაგვიღია, რაც უნდა გაგვეღო, ეს კი ნიშნავს, რომ ჯერ იმის მეასედიც არ გვყვარებია, რაც უნდა გვიყვარდეს!
ბედნიერებაა, კარგად გრძნობდე ამ ხარვეზის სიმწვავეს და შეუწყვეტელი ფიქრით და საქმით ეძებდე უფაქიზეს რეცეპტს – ოქროს ძაფს!
ესმა მანია
26 თებერვალი, 2020
 

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად