blog

21-ე!
...სინამდვილეში ვართ ის, რაზეც ვდუმვართ!
...მთელი ცხოვრება ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ხმა ჩვენივე დუმილს ემთხვეოდეს... ეს კი არ მოხდება, თუ ფეხაკრეფით სიარულში ხშირად აგიხმაურდება ნაბიჯები!
თუ სემინარის პროგრამაზე დატანილ ათასობით თოლიაში ვერ ამოიცანი საკუთარი თავი, როგორც მსოფლიო უკუღმართობის მსხვერპლი...
თუ ცამდე ასულ კოცონთან შესრულებული აფხაზური სიმღერის დროს უმწვავეს კითხვად არ დადგა: მიწა თუ ადამიანი, აფხაზეთი თუ აფხაზი...
თუ იმის უნარი არ შეგწევს, რომ ათასი ბრალდებით დამძიმებულ ისტორიულ მოღვაწეს 30 წლის შემდეგ გადაღებულ ფოტოზეც იგივე პალტო აღმოუჩინო...
თუ გასაავდრებლად გამზადებულ ბახმაროში მზით ჩაშაქრული ჰაერის ფერმა არ მოგჭრა თვალი!
თუ წყალობად არ მიიღე, ზაფხულის უკანასკნელ დღეს (ძველი სტილით), ასე ნაშრომ-ნაჯაფს და დაკოჟრილს ყველაფრის გვირგვინად საკუთარ ეზოში „მისი ფეხით“ რომ გესტუმრა მრავალჟამიერი...
თუ ბახმაროს ქოხმახებიდან გამოსული სურნელი რძის და თაფლის სურნელად ვერ აღიქვი...
თუ დაკლაკნილ ნისლებს ბოლომდე არ გაადევნე ფიქრი და ამ მღვრიე სითეთრეში მეთოვლია ყვავილის პირით ზამთრისპირის სამყაროს ასახდენად ვერმოსწრებული ოცნებები ვერ ამოიცანი...
თუ ბახმაროდან ჩამოტანილი მოცვის გარჩევისას გამოცხრილული ფოთლების გადაყარა არ დაგენანა...
ბოლოს და ბოლოს, თუ აშკარად არ იგრძენი, თვალხილული ხიფათებისგან გადასარჩენად ხელში აყვანილი რომ გატარა დიდმა ძალამ!
თუ შეუმცდარად, შესაბამისად, დიდი მადლიერებით არ აღმოაჩინე, რომ ბეწვის ძაფებზე გივლია...
ზიხარ კედლებაკაპიწებულ სივრცეში, ოთხივე მხრიდან დაუნანებლად შემოდის ბახმაროს პასტორალები და ნათელი სევდით იბურება ფრაზა „ბოლო სემინარი“... თუ ყველაფერი ერთი დიდი შეხვედრაა, რაღაა „ბოლო“, სადაა „ბოლო“?! ვინ გაბედავს და ამ ჩვენს ამოუთქმელ დუმილს, სინამდვილეში ჩვენს ვინაობას, დააპატარავებს დასასრულისთვის?!
21-ე ჯგუფი! ზუსტად ერთი წლის წინ, რა თქმა უნდა, დასასრულისთვის არ დაწყებულა ეს დიდი მისტერია... ვუსმენთ დუმილს – ჩვენს მთავარ ავტოპორტრეტს და, როგორც მთას იქით ზღვას, ვხედავთ დასასრულს გადარჩენილ დიდ და ნათელ გზას! გზას, საყოველთაო შეჩერების მიუხედავად...
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა! ნაპოვნი ერთმანეთი! დასაწყისი!
21- ე!
ესმა მანია
15 სექტემბერი, 2020

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად