blog

შედგა ეს სემინარი – პირველი „უკანასკნელის“ კულმინაციურობით!
შედგა ეს სემინარი – რომ შორიშორ მსხდარებს ერთმანეთი აღგვექვა არა სიტყვით, არა მიმიკით, არა შეხებით, არამედ თვალით და გულით და გვედევნებინა გულისთვალი იმისთვის, როგორი სიმყარით და სიფაქიზით იწყებოდა ჩვენი ურთიერთობის გარდამავალი ფერის მისტიკური ქსოვილის ქსოვა!
შედგა ეს სემინარი – რომ გვესაუბრა ახალი სამყაროს ორ გამწვავებულ შეგრძნებაზე: გლოვასა და სილამაზეზე!
შედგა ეს სემინარი – რომ მიგვეძღვნა იმისთვის, ვისი სულიც იმ შროშანიდან ამოვიდა და იმ შროშანშივე ჩაბრუნდა, მთავარანგელოზს რომ ეჭირა ხელში სამყაროსთვის ყველაზე სასიხარულო უწყების გამჟღავნების წინ!
შედგა ეს სემინარი – რომ დარბაზში მსუბუქი ნისლივით დამდგარი მუსიკა როგორმე შერწყმოდა შენი სულის მუსიკას და მათი შეერთების ადგილზე ღმერთი გამოსახულიყო!
შედგა ეს სემინარი – რომ ასკილის ტოტს, აყვავებულ კაქტუსს, მეზობლის ფანჯრიდან დანახულ ოჯახურ საგებს, გამჭვირვალე ხელის პლასტიკას, ზღაპარს, პურის გულისგან გამოძერწილ ნაწამებ ქანდაკებებს ჰქონოდა მნიშვნელობა!
შედგა ეს სემინარი – იმის დასტურად, რომ არ არსებობს სიბერე, სიმარტოვე, რომ მყიფეა ყველა პრინციპი, თუ ის ადამიანის სულის ყველა, უკლებლივ ყველა რხევას არ მოიცავს!
შედგა ეს სემინარი – რომ მთელი ცხოვრება ფიქრობდე, რა წამოიღო წარსულიდან, ერთი მხრივ, რომ არ გაღარიბდე და, მეორე მხრივ, მის ტყვედ რომ არ იქცე!
შედგა ეს სემინარი – რომ მის გულზე გადაბიჯებისას ფეხის ტერფიდან აყოლილ ჟრჟოლას როგორმე მოეტანა ჩვენივე ნებელობამდე საკუთარი თავის შემმეცნებელი მეფის სინანული!
შედგა ეს სემინარი – რომ შემდგარიყო „ერთი დიდი შეხვედრა“ როგორც განშორებების არარსებობის დამადასტურებელი ბეჭედი!
შედგა ეს სემინარი – როგორც წყალობა, როგორც საჩუქარი!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 21-24 ოქტომბერი, 2020 – თარიღი, რომელიც დასასრულის კულმინაციით შედგა და რომელსაც დასასრული არა აქვს!
ესმა მანია

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად