blog

9 დეკემბერი, 2020, 17 საათი...
ავტობუსის ალტერნატიული სივრცე...
არ არსებობს ჩაშლილი შეხვედრები, არც იმედგაცრუებები არსებობს, თუ გაწმენდილი ხედვის უნარი და დიდი გადასახედი გვაქვს!
აქ და ასე შედგა დღეს ჩვენი შეხვედრა, რომელიც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ახალი ჯგუფის პირველი სემინარის შემდეგ წამითაც არ შეწყვეტილა! დაიწყო ეს შეხვედრა ერთ დიდ მისტერიასავით და იქამდე გაგრძელდება, სანამ სიხარულის უნარი გვექნება...
ეს ჩვენი პორტრეტებია, დაფიქრების და შთაგონების – ერთი სიტყვით, ბედნიერების წუთები მატერიალურად რომ ასახა! ეს კი ამონარიდებია თითოეული მონაწილის შთაბეჭდილებიდან, ყველა ჩვენგანის ხმაა ვინაობების გარეშე – მრავალი ფორმის, მაგრამ ერთი ხაზის სათქმელით, მთავარი სათქმელით, რომ ჩვენ ვიცვლებით, რომ სამყაროს აქვს ერთადერთი პერსპექტივა – უკეთესობა!
დავიძარით!
ვივლით მანამ, სანამ სიხარულის უნარი გვექნება – ე. ი., სანამ გაბედული და საკუთარ თავთან მართალი პირადი და სამოქალაქო არჩევანით ვიცხოვრებთ... სანამ უარს ვიტყვით თვალთმაქცობებით შეფუთულ ცხოვრებაზე... სანამ ჩვენი ფიქრი, სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვევა...
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა – ასე ვეძებთ და ასე ვპოულობთ:
 „თბილისიდან ბორჯომისკენ გზაში ვფიქრობდი, რომ ერთგვარ გაუგებრობაში მივდიოდი. შემდეგი ორი დღე ამ გაუგებრობაში გზას ვიკვლევდი. ბორჯომიდან თბილისისკენ გზაში კი მყარად ჩამომიყალიბდა აზრი – მოვხვდი იქ, სადაც ვისწავლი, როგორ შევძლო, ვიყო უკეთესი მოქალაქე!“
 „როგორც ორფეოსმა თავისი ღვთაებრივი ლირის ხმით გადაფარა სირინოზების მომაჯადოებელი ჰანგები და გადაარჩინა თავისი მეგობარი მეზღვაურები, ისე გამომაფხიზლა სკოლამ. გამახსენა, რომ ცოცხალი ვარ!“
 „ორმა ადამიანმა გაიხედა ფანჯარაში, ერთმა დაინახა წვიმა და ტალახი, მეორემ კი მწვანედ მობიბინე ბალახი“. შენ რას აირჩევ და რას დაინახავ, განაპირობებს იმას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამ, ეს ნაბიჯები კი განაპირობებს, რა შედეგს მიაღწევ! – ეს სკოლის ფიქრია.“
 „სკოლის მთავარი ხაზი იწყება მოსმენით, მიუყვება კეთილგონიერებასა და პიროვნებად ყოფნის ხელოვნებამდე მიდის“.
 „სკოლის ზღურბლზე გაგონილი უჩვეულო მუსიკისთანავე ოდნავ უნდა შეკრთე, დაინახო ჯერ სადღაც ნისლში გახვეული ნაცნობი სილუეტი, მერე ფრთხილად მიუახლოვდე, ბოდიშის მაგვარი განცდით (რომ დაკარგე თუ მიივიწყე) ჩამოუჯდე და გაუღიმო. ვის? - შენივე გაუცხოებულ თავს!“
 „განცდა მაქვს, რომ პოეზიის საღამოებზე ვიყავი. პოეზიით იყო გაჯერებული ყველაფერი... ყველა მომხსენებელი პოეტურად დეკლამირებდა... კინოს ენა ხომ, საერთოდ, ერთი დიდი და ლამაზი ლექსი იყო“...
 „სკოლაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დემოკრატიის მშენებლობას წვრილმანები სჭირდება. ოღონდ არა აგურების, არამედ უჯრედების დონეზე. მაქსიმალურად მცირე ზომის ერთეულებისგან შენდება დემოკრატია!“
 „სამეცნიერო ინფორმაციისა და ხელოვნების მონაცვლეობა, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხებიდან პოეზიასა თუ მუსიკაზე გადართვა სხვაგან არსად შემხვედრია!“
 „ეს არ იყო არც ექსკურსი ისტორიაში და არც ბანალური საუბარი ლიტერატურის სიყვარულზე. ეს იყო საუბარი თავისუფლებაზე, ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე. ამავდროულად, ეს იყოს საუბარი საკუთარ თავთან, საკუთარი სინდისის ხმასთან“.
 „კარგია, რომ სკოლა არასდროს მთავრდება და საინტერესო ადამიანების წრე მუდმივად ფართოვდება!“
 „მუსიკა, კინემატოგრაფი და პოეზია ჩუქურთმასავით დაყვებოდა იმ დიდ სურათს, რაც ბოლოს დავინახე“.
 „ამ ასაკში, პირველად მოხდა, რომ დროის საკითხს განსხვავებული კუთხით შევხედე. ახლა თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ დროს სჭირდება გაფრთხილება!“
 „სკოლა არის აქტუალური თემები წარმოჩენილი მრავალსახოვნად, მრავალფეროვნებაში, გაჯერებული კომპოზიციებით, კინომატოგრაფით, ფაქტებით, გმირობის მაგალითებით, ისტორიული ნარატივებით... სკოლა არის შემოდგომის ამ ყველაფრით გამთბარი საღამოები“.
 „მოხსენებებში იგრძნობოდა დღევანდელი მდგომარეობის კრიტიკა და ეს საუკეთესო გზაა სიტუაციის გასაუმჯობესებლად“.
 „მიუხედავად იმისა, რომ პირბადეები ნახევარ სახეს გვიფარავდა, სიჩუმეში იგრძნობოდა ადამიანთა გულისცემა... ადამიანებთან, რომლებთანაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გზების გადაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა გვესაუბრა ჩვენ შორის არსებულ განსხვავებებზე, სკოლაში დავინახე საერთო ჩვენ შორის!“
 „სინამდვილეში ამ სკოლაში უცნაური არაფერია, უბრალოდ, ჩვენ რეალობიდან შორს ვართ! მე სხვისი წესებით კი არ მიცხოვრია აქ ორი დღე, ეს იყო კაცობრიობის წესი, რომლითაც ყველამ უნდა ვიცხოვროთ, ასეთი პასუხისმგებლიანნი უნდა ვიყოთ სხვა დროსაც საკუთარი თავისა და ერთმანეთის მიმართ“.
 „კიდევ ერთხელ განვიმტკიცე ფიქრი, რომ ჩემი თუნდაც ერთი დღის, თუნდაც ერთი სწორი ქმედება საბოლოოდ მართლაც ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ!“
 „სემინარზე დასასწრებად ავიღე შვებულება. შუა სემინარზე შემომივიდა ზარი ხელმძღვანელისგან. სხვა გარემოში ვუპასუხებდი და შევთავაზებდი დახმარებას, თუმცა სემინარის ფარგლებში სრულიად გამოვეთიშე სამსახურს და არ ვუპასუხე. ეს ჩემი პირველი ჭეშმარიტი შვებულებაც იყო!“
 „ესაა მოგზაურობის შეგრძნება. მაქვს განცდა, რომ გავხდი სამოგზაუროდ გამზადებულ იმ ადამიანთა ჯგუფის ნაწილი, რომელთაც წინ დიდი და საინტერესო გზა ელით, გზა, სავსე არაჩვეულებრივი ემოციებით. დანარჩენს შემდეგი გაჩერებები გვიჩვენებს!“
 „ქაოსში ორიენტაცია მიჭირს. ამიტომ ის, რომ ზუსტად ვიცოდი, როდის იწყებოდა და სრულდებოდა სესია და რომ ყველაფერი ზუსტად დაგეგმილ დროს ხდებოდა, ეს იყო ჩემთვის ფუფუნება“.
 „სასიამოვნო სიურპრიზი იყო მუსიკალური საათი და შესრულება. ცოტა ისეთიც რომ დაეკრა, ცეკვის შესაძლებლობა გვქონოდა, არ იქნებოდა ურიგო. უფრო მეტად ვისიამოვნებდით“.
 „23 ოქტომბრის დღის ბოლოს მქონდა განცდა, რომ ქვეყნის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველას შევხვდი. აღმოვაჩინე, რომ ამ განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებაში შეგვიძლია მშვიდი დისკუსიაც და ერთმანეთის მოსმენაც“.
 „უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ამ წესრიგის, ამ კოსმოსის ნაწილი და ზუსტად ვიცი, როგორ, რისთვის და, რაც მთავარია, ვისთან ერთად ვუერთგულო ჩემი ქვეყნის დემოკრატიული, თავისუფალი, განვითარებაზე ორიენტირებული მომავლის იდეას“.
 „ვიპოვე ადგილი, სადაც ფიქრობენ, მსჯელობენ, გულისყურით უსმენენ, უპირობოდ უყვართ, უანგაროდ ზრუნავენ, გეხმარებიან, გაძლიერებენ და იციან დროის ფასი, დროის, რომელიც არც ისე ბევრია, თუ აქ და ახლა არ გაბედავ, არ შეცვლი, არ ირწმუნებ!“
 „ეს არის ადგილი, სადაც უნიკალური რამ გამოიყენება იმისათვის, რომ ადამიანებად, მოქალაქეებად შევდგეთ – ეს არის შთაგონება!“
 „სკოლა არის დიდი ძალის მომცემი იმისათვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე დარჩე დემოკრატიული პრინციპების ერთგულად, რომ ყოველთვის შეინარჩუნო სამართლიანობის განცდა, რომ არასოდეს დაკარგო კეთილგონიერება და, უბრალოდ, ყოველთვის დარჩე ადამიანად“...
 „მუსიკა, პოეზია, ფილმები, მომხსენებლები და მთლიანად გარემო - ეს მედიტაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე სასწავლო პროცესს. ცხადია, მედიტაცია პროცესებისგან გამიჯვნას კი არ ნიშნავს, პროცესებში გადაშვება უფროა.
 „უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო სკოლელი, არის დიდი პატივიც და ვალდებულებაც. სავსე ვარ ემოციებით, სიხარულით, მოლოდინით“...
 „ალბათ ახლა გეფიქრებათ, რომ უკვე დავარღვიე სკოლის ერთ-ერთი ოქროს წესი - დროის სიზუსტის დაცვა და შთაბეჭდილების გამოგზავნა მთელი 1 საათითა და 59 წუთით დავაგვიანე! სამწუხაროა, რომ მართალი ხართ... მაგრამ, მჯერა, რომ თუ გინდა ნამდვილი ცვლილება დაინახო ირგვლივ, ჯერ საკუთარი ხარვეზები უნდა აღმოაჩინო!“
 „საოცარია ისიც, რასაც სკოლის დატოვების შემდეგ განიცდი. ესაა გრძნობა, რომელიც ელემენტარული არჩევანის გაკეთების დროსაც გეკითხება - როგორია შენი პოზიცია და რა იქნებოდა ასეთ დროს პასუხისმგებლიანი მოქალაქის პოზიცია“.
 „რაც მთავარია, ეს ყველაფერი სახლში მიგყვება, დროის ფასს სწავლობ და ჩვეული ქართული რიტმიდან ვარდები – ესაა პირველი, რასაც ითავისებ და ხვდები, რომ აქამდე ასე არასდროს გიცხოვრია!“
 „სათქმელი №1: სკოლა უკვე მენატრება!“
 „მე პირადად სულ მეგონა, საზოგადოება იყო შემდგარი თვითკმარი ეგოისტი ინდივიდებისგან, რომლებიც მხოლოდ ეგოისტური კომპრომისის ხარჯზე თანაცხოვრობდნენ, თუმცა ამ სემინარის შემდეგ პირველად შევიტანე ამაში ეჭვი. ის ერთობა, რაც მე სემინარის დასრულებისას ვიგრძენი, იყო სრულიად სხვა“.
 „ეს მომავლის სკოლაა, ეს ახალი გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს საკეთილდღეოდ!“
 „ეს ის კვალია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვება. მადლობა, ოღონდ გულიდან ამოღებული!“
 „დღეს მეც სკოლელი ვარ... ცხოვრებაში მიუღწეველი მიზნები არ არსებობს!“
 „ავტობუსში ჩაჯდომისთანავე დავიწყე ფიქრი, როდის მოვა დეკემბერი, როდის მივალ ველოსიპედთან, როდის ჩავჯდები ავტობუსში და როდის გავემგზავრები ხელახლა ამოუცნობი სამყაროსკენ!“

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად