შეხედეთ ამ ადამიანების თვალებს და დარწმუნდებით, რომ ასეთ დღეებში რაღაც მეტად მნიშვნელოვანი ემართება სამყაროს – ოდნავ ღრმავდება თუ ოდნავ მაღლდება, უფრო მსუბუქი თუ უფრო გამჭვირვალე ხდება! ამას ადასტურებს ერთადერთი რამ – აქ ვხედავთ ერთმანეთს და გვრძნობთ, რომ ადამიანის ცნება ღმერთის ცნებაზე ნაკლები არ არის! აქ რომ არ იყვნენ ანა და ლუკა, ლია და ილია, ია და საბა, ლელა და მაკა და რეზი და... აქ რომ არ იყოს თემური... ერთი სიტყვით, არა „ჩვენ“, არამედ თითოეული ჩვენგანი საკუთარი სახელით, არაფრად ეღირებოდა სამყარო...
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 4-5 მარტი, ბორჯომი – აქ ვხედავთ ერთმანეთს!
აქ ვხედავთ, რისთვის ვიბრძვით, რაზე ვხუჭავთ თვალს და რის გამოტოვებას ვაპირებთ...
აქ ვხედავთ ჩვენი აზროვნების დიდ წითელ ლაქებს, მეოცე საუკუნემ რომ დაგვიტოვა, უფრო სწორად, უკანასკნელ უჯრედამდე აფხეკის ტკივილს თავი ავარიდეთ და ჩვენვე რომ დავიტოვეთ...
აქ ვხედავთ, როგორ შეგვილამაზებია ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ცნებები, როგორ დაგვირქმევია „ანექსიისთვის“ „გასაბჭოება“, ევფემიზებული ილუზიებით როგორ გაგვივსია სამყარო და ხმაამოუღებივ, უპროტესტოდ როგორ შევჩვევივართ ამას...
აქ ვხედავთ, როგორ დაგვიკნინებია კანონამდე სამართალი და ამ უსამართლოდ დაპატარავებულ სამყაროში დასაზრახი ალიბები გვიძებნია...
აქ ვხედავთ, რომ თუ თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ე. ი., უკვე ვართ თავისუფლები... თუ „არას“ თქმა შეგვიძლია, დიდი ბრძოლის მოგებაც შეგვიძლია...
აქ ვხედავთ, რომ უკანასკნელი ხალდელების სისხლი ჩვენი სისხლის სტრუქრურის იდენტურია და რომ ზარბაზნით ბრძოლის ტოლფასია შრომით და გონით, მით უფრო, სიყვარულით, ამ ყველაზე დიდი აღჭურვილობით, ბრძოლა...
აქ ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა, ეს ხმელეთის 0, 047 პროცენტი, რაღაცით უნდა გადარჩეს – წინა თაობამ ფერი გააჩინა მსოფლიო რუკაზე, მომდევნოს კი უფრო დიდი ვალდებულებები აქვს!
აქ ვხედავთ, რომ მთავარზე ფიქრის დრო დაუნანებლად წავართვით ერთმანეთს და, რაც მთავარია, საკუთარ თავს! და თუკი რამ ამ ჩვენს ბუნებით, ორგანულ მდგომარეობაში გვაბრუნებს, სწორედ ამ წერტილებს ვესწრაფვით დიდი ძალისხმევით... იქნებ იმიტომ გვიხარია სკოლა, რომ მთავარზე ფიქრში, ამ წერტილში გვაბრუნებს ის...
...აქ რომ არ იყვნენ ანა და ლუკა, ლია და ილია, ია და საბა, ლელა და მაკა და რეზი და... აქ რომ არ იყოს თემური... ერთი სიტყვით, არა „ჩვენ“, არამედ თითოეული ჩვენგანი საკუთარი სახელით, არაფრად ეღირებოდა სამყარო...
აქ ვხედავთ ერთმანეთს...
ესმა მანია
07.03.2021