blog

პური...
დიდი გადასახედით, პურს არა აქვს ეპითეტი!
საამქვეყნო გადასახედით კი, როცა ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი სასწორზე იდება, როცა აბსოლუტური ღირებულებები არ არსებობს, ყველაფერი ითხოვს ეპითეტს...
კარგი პური...
ჩვენს სემინარზე ასე დაისვა შეკითხვა – სად ცხვება კარგი პური და სულ ცოტა ხანში რატომ ქრება ის?
სინამდვილეში ამ ორი კითხვით – სად კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს და რატომ არის ყველაფერი, საჭიროსთან მიახლოებული, ასე ხანმოკლე და უდღეური – ყველა პრობლემის პრობლემურ წერტილს გაესვა ხაზი.
...თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ჩვენი სკოლის, ძიება სხვა არაფერია, თუ არა კარგი პურის, კარგი პურის მცხობელის, კარგი პურის დამფასებლის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხორბლის მთესველის, ერთი სიტყვით, კეთილგონიერი მიწის მუშაკის ძიება... სკოლა უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხანია, ეძიებს მათ... ეძიებს მუსიკაში, სალამურსა თუ საზში, მხატვრულ თუ დოკუმენტურ კინოში, მხატვრულ თუ პუბლიცისტურ სიტყვაში, პოლიტიკურ თუ საზოგადო საქმეში, ურთიერთობებში, თვალებში, გამოხედვაში, სიტყვასა თუ დუმილში, ფიქრსა თუ გამბედაობაში, მთასა თუ ზღვაზე, ფრესკის თუ დაისის ფერებში... და ყველაზე მეტად ინტერესდება იმით, რაშიც ანგელოზებზე უფრო თავისუფალია ადამიანი – არჩევანით, პირადი არჩევანით!
... და ეძებს კარგ პურს, კარგი პურის მცხობელს, კარგი პურის დამფასებელს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხორბლის მთესველს, ერთი სიტყვით, კეთილგონიერ მიწის მუშაკს იმისთვის, რომ ოდესმე დადგეს დრო და პურს არ დასჭირდეს ეპითეტი!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა – რამდენი ჩვენგანის პური!
ესმა მანია
14.07.2021

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად