აქ არ იზომება ცის სიღრმე და სილურჯე...
არც ნისლის სისქე...
არც წვიმის სიხშირე...
არც ვარსკვლავთა რიცხვი...
არც კოცონის ალის სიმაღლე...
არც სათოვლიების წინასწარმეტყველური ენერგეტიკა...
არც უკვე ჩასული მზის ნარჩენი ფერები...
არც რძისა და ერბოს სიმსუყე...
არც სქელი და გაუმჭვირვალე თაფლის სიტკბოება...
არც უღობეო სახლ-კართა ევროპული სიმსუბუქის ხარისხი...
არც ნაძვებზე სიბერედ დაკიდებულ ხავსებზე მარგალიტებად ქცეული წვიმის წვეთების რიცხვი...
არც პასტორალური ჰორიზონტების სიშორე...
არც თოკებს აქა-იქ შერჩენილი სარეცხის სევდა...
აქ ასე არ სვამენ კითხვას – კახიძე თუ ჩაიკოვსკი...
არც ასე – სამშობლო თუ საანგარიშო...
არც ასე – თავსხმაწვიმიანი თუ მზით გამჭვირვალებული დღე...
არც ასე... – სალიტერატურო ქართული თუ თითქმის შორისდებულებად ქცეული გურული დიალექტი...
არც ასე – პირველი (სემინარი) თუ ბოლო...
არც ასე – მე თუ შენ...
აქ, თუ მართლა უყვართ და სტკივათ, ურბანულ საფრთხეებს არ უხუჭავენ თვალებს...
ეს სიმბოლოები ან ალუზიები კი არა, რეალობაა!
რეალობაა ერთმანეთის შესახვედრად დაბადებული ამდენი ადამიანის ასეთი ერთობა!
რეალობაა სამი დღე, როგორც უსასრულობა!
რეალობაა დასასრული, როგორც დასაწყისი!
P.S. აქ, ამ დღეებში ყველაფერი საუბრობდა ადამიანზე, რომელიც აქაურობამ მოისაკლისა... ერთად ავხედეთ ბახმაროს ცას, რომლის სიღრმეს და სილურჯეს არ ზომავენ, და ვიგრძენით ის – ზურაბ ინაშვილი! საგანგებოდ გაშლილი კარავი ამ დროს ჩაიკოვსკის „ოქტომბრით“ იყო სავსე...
P.S. მზის სხივებისგან მარგალიტებად ქცეულ წვიმის წვეთებზე, როგორც სამყაროს მთავარი საიდუმლო, ეწერა ერთმანეთისკენ მიმავალი გზების ტრაექტორიები... ჩვენი სკოლის მთავარი ფუნქციაც სწორედ ამ, ერთმანეთისკენ მიმავალი გზების ძიებაა!
ესმა მანია
16-19 სექტემბერი, ბახმარო