მამის მტევანი ბეჭზე – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა... პირველი სემინარი... კადრად გამოყოლილი ფიქრი!
ვსხედვართ სემინარზე ძლივს გამონახული დროით, რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს ისტორიაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში, მუსიკაში, ფილმში, ურთიერთობაში, მარტოყოფნასა და ერთადყოფნაში, შექებისა თუ შენიშვნის მიღებაში, მგზავრობასა და კვებაში და თითქოს არ არის საშველი – ან მონა ხარ, ან მეამბოხე! ჯერჯერობით სხვა გამოცდილება არც ჩვენს სულს აქვს და არც ჩვენს კულტურას... ირგვლივ იმდენი უღელია, თითქოს თავს ვერაფრით აღწევ მათ – ან მონად გაქცევს, ან მეამბოხედ!
ასეთ ვითარებაში შენი ცხოვრების მთავარი ობიექტი ხდება სხვა! ან სხვას ემონები, ან სხვას უკაფავ გზას... მოტივაციას, ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ორივე შემთხვევაში ანგარების ავი სურნელი ასდის და ეთერებისთვის გამზადებულ ჩვენს პერსონალურ სივრცეებს ავსებს ნარჩენებით, ავითარებს და აძლიერებს ჩვენში ველურს, იმის მსგავსად, როგორც ვიქეცით ხორცის მჭამელებად სამოთხეში დაბადებულები...
მაგრამ როცა აქ-იქ, ცალ-ცალკე შეუწყვეტელი ბრძოლებისგან დეფორმირებულები და ფორმადაკარგულები, მრუშები და გაველურებულები მაინც თავდაუზოგავი ძალისხმევით განვაგრძობთ ბრძოლას შიგთავსისთვის, სწორედ მაშინ გვადებს თავის დიდ, დაძარღვულ ხელს ბეჭზე მამა და მხოლოდ სულის მოთქმის კი არა, პირველ სამოსელთან და ნარჩევ ზვარაკთან ერთად, სიმღერის უფლებასაც გვაძლევს!
...გარეთ ძალაში შესული შემოდგომის ძლიერი, წვიმიანი ქარი ქრის, შემრეშილ ფოთლებს ახეთქებს შუშებს და ჩვენ ყველას, არასერიოზულებს, გზას აცდენილებს, ქარაფის პირას მდგომებს მამის მტევანი გვეხება ბეჭზე... როგორც იმ არასერიოზულ კაცს, ფორტეპიანოზე სევდით განატიფებულ მწარე სიმღერას რომ უკრავდა...
იმ დარბაზიდან, ჩვენ რომ რაღაც ძალამ ერთად შეგვყარა, საკუთარ თავთან ბრძოლით გადაღლილთა მწარე სიმღერის ხმა ძალაში შესული შემოდგომის მძიმე ქარის ხმას სძალავს!
მამის მტევანი ბეჭზე – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა!
ესმა მანია
27-29 ოქტომბერი, ბორჯომი