მიუხედავად იმისა, რომ არც მუსიკათმცოდნე ვარ, არც შემსრულებელი, კვალიფიციური მსმენელიც კი არ ვარ, რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა ჩემს თავს, მუსიკალური საათიდან გამოსულმა სისხლის მძაფრი მოძრაობით გამოწვეული ძარღვების ტკივილით ვიგრძენი... ამ ერთმა საათმა კითხვის ნიშნის ქვეშ მომიქცია ცოდნა იმის შესახებ, რომ მთელი აუდიოსამყარო სამ ფენომენად – ხმად, ხმაურად და მუსიკად იყოფა... მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მუსიკალურმა ექსპერიმენტებმა, კარგა ხანია, დაადასტურა, რომ სინამდვილეში მუსიკაა ხმაც და ხმაურიც, ამ შემეცნებამდე პირადი გამოცდილების გარეშე ძნელია მისვლა.
თურმე თუ საგანგებოდ არ შეიტანე მწყობრში ქაოსი, თუ კომპოზიცია (როგორც წარსულის, სიმწყობრის მეტაფორა) დესტრუქციად არ აქციე, წარსულის ტყვედ მოგიწევს დარჩენა, წარსულის ტყვეებს კი მომავალი არ აქვთ, რაკი ამ ტვირთის ქვეშ ექცევიან და მათ გასასრესად ეს სიმძიმე სრულებით საკმარისია. თურმე სული და არაცნობიერი იმაზე დიდია, ვიდრე ყველაზე დიდი კლასიკოსების სტატიკად ქცეული ნააზრევი. სტატიკას განვითარება არ აქვს, განვითარება აქვს დესტრუქციას, ჩარჩოების ნგრევას, ქაოსს, იმის აღიარებას, რომ არ არსებობს საზღვრები... დიახ, არ არსებობს საზღვარი ყველაზე თვალხილურ ოპოზიციებს შორის – ფიზიკურ და ეთეროვან სხეულებს, გუშინდელ და ხვალინდელ დღეებს, შენსა და ჩემ შორისაც კი!
...იმ პატარა, ლურჯ, კამერულ დარბაზში მან ხანგრძლივი საუბრიდან თითქოს შეუმჩნევლად გადაინაცვლა შესრულებაზე და როგორც კი იმპროვიზაციით – თავზეხელაღებული ნგრევით – წაშალა ყველა ზღვარი, გააქრო დროც, აღმოვჩნდით სრულიად უნიკალურ გამოცდილებაში, რომელსაც იმ მუსკალური საათის შემდეგ ჩემთვის პირველად დაერქვა სახელი – ალბათ ეს იყო აწმყო! ალბათ ამას ერქვა აწმყო!
მიუხედავად იმისა, რომ არც მუსიკათმცოდნე ვარ, არც შემსრულებელი, კვალიფიციური მსმენელიც კი არ ვარ, რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა ჩემს თავს, მუსიკალური საათიდან გამოსულმა სისხლის მძაფრი მოძრაობით გამოწვეული ძარღვების ტკივილით ვიგრძენი... თურმე მე მქონდა აწმყო, აწმყო, რომლის არსებობის ერთადერთი გზაა იმპროვიზაცია, ე. ი., აზროვნება – როცა მოაზროვნე თავად იქცევა პროცესად... იმ პატარა, ლურჯ, კამერულ დარბაზში იმ დღეს ის ასეთი იყო!
ასე, – ხან მუსიკით, ხან ფილმით, ხან ფერწერით, ხან პოეზიით, ხან სიტყვით, ხანაც დუმილით, წვეთ-წვეთად, მარცვალ-მარცვალ, ფრაგმენტ-ფრაგმენტ, სისხლის მძაფრი მოძრაობისაგან ძარღვების ტკივილით იკინძება აწმყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარებზე, რომ ამოავსოს ხარვეზები და წაშალოს ზღვრები... სადაც ვერ ივსება ხარვეზი, იქ აწმყო მყისიერად წარსულად ან მომავლად, ე. ი., ილუზიად იქცევა... ილუზიაში კი არ არსებობს განვითარება, რადგან არ არსებობს სიცოცხლე!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა – ადგილი, სადაც არსებობს ყველა ფაქტურის ხარვეზის შევმავსებელი მუსიკა, ე. ი., ადგილი, სადაც არსებობს აწმყო!
ესმა მანია
9 - 10 დეკემბერი, ბორჯომი