blog

ეს იყო კურსდამთავრებულთა სემინარი – სხვა სემინარი, სხვა ფერებით, სხვა ენერგეტიკით, სხვა იმპროვიზაციით... ის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დიდ საგას ასეთი მინიატიურებით შეუერთდა:
„ლაბადის სეზონი“ – უცნაურად, თვალსა და ხელს შუა დაკარგულა ერთი სეზონი, გაზაფხულისა და შემოდგომის გარდამავლობის, გრადაციის, უეცარი გადასვლებისგან თავის არიდების, შეჩვევის, კომპრომისების, მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი უკიდურესობების შეჯერების, მათი უმტკივნეულო გადაკვეთის სეზონი! სად დაიკარგა ლაბადის გრაციოზული სეზონი, სითბოს და სიცივის ბალანსის სეზონი, შენი ისე შეწყნარების სეზონი, რომ ჩემი შეწყნარებისთვისაც რჩებოდეს ადგილი?! სად დაიკარგა გაზაფხულის სიფერმკრთალე და შემოდგომის შემრეშილობა და რატომ აღმოვჩნდით ზამთრისა და ზაფხულის ბინარულ ფერებს შორის?! რატომ შევრჩით მხოლოდ ორი სახის პოლარობას – მჭახე სითეთრეს და გავარვარებულ სიწითლეს?! და კითხვა – შეგვრჩა თუ არა ჩვენ, საზოგადოებად წოდებულ კრებულს, ამ საშიში პოლარობების დაძლევის რესურსები... „ლაბადის სეზონი“ – ის, რაც, გავიხედეთ და, ასე საშიშად თვლსა და ხელს შუა დაგვკარგვია...
მზითვის ფერი... – თურმე აქა-იქ, მთაში, სიმაღლეზე, ნისლში, ჯერ კიდევ არსებობს ფერები, არსებობენ ქალები არისტოკრატულად თხელი, ალუბლის ყვავილისებური რძისფერი სახის კანით... თურმე იქ ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა ქორწინებას, როგორც საკრალურ რიტუალს და მზითვს, როგორც ქალის ბუნების, მისეული კოსმოგონიის ანარეკლს... მერე რა, თუ შეშას თავად აპობენ, მსხვილფეხა საქონელს უვლიან, ტვირთს ეზიდებიან, ოჯახს და მეუღლეს კერპად იხდიან და ნებაყოფლობით ადიან სამსხვერპლოებზე... სამაგიეროდ, თვითგამოხატვის ფერადი ფორმა აქვთ, ისეთი ფერადი, მხოლოდ რაღაც მიზეზებით სამსხვერპლოებზე ნამყოფ ადამიანებს რომ შეიძლება ჰქონდეთ... აჭარული ნაქარგობა, ენდემური ესთეტიკის ენერგეტიკას რომ გამოსცემს, სინამდვილეში, მსოფლიო ქალთა ასე დაუნანებლად და უხეშად დავიწყებული ზმანებებია... ასე რომ არ იყოს, ფრიდა კალოს რა გაახსენებდა აჭარული მზითვის ფერით შთაგონებულ ხელოვანს!
„ალუბლების რძისფერ კაბაში...“ – ამ გულცივ, ორფეროვან სამყაროში ალუბლების რძისფერი კაბა აპრილსღა შერჩა... აპრილს, რომელიც თვალსა და ხელს შუა გვეკარგება და აქა-იქ, თითზე ჩამოსთვლელ ხელოვანსღა თუ ახსოვს! ახსოვს მას, ვისაც უბრალო, ნეიტრალური ადამიანის ცხოვრება ადარდებს და არამხოლოდ კინოდოკუმენტალისტიკის ფარგლებში, არამედ საკუთარ პერსონაჟთა ნაცრისფერ, სრულებით ნაცრისფერ, ნამდვილ ცხოვრებაში შეაქვს ფერები... გოგიტას გახუნებულ, გადათრთვილულ მინდორში მას ვითომ შემთხვევით გაუვარდება მარწყვით სავსე კალათა და ცისარტყელის ბაფთით შეკრულ წვიმის წვეთებს გულზე აბნევს მის გაუხეშებულ აწმყოს, რადგან იცის, რომ ფერების გარეშე გოგიტას ახალი ცხოვრება ვერაფრით შედგება.
დროს აღმატებული საათ-ნახევარი – მათ, კურდამთავრებულებმა, საათ-ნახევარი ითხოვეს, ითხოვეს მადლობისთვის და სულ სხვა ზომიერებით, სულ სხვა ტაქტით, სულ სხვა დახვეწილობით, სულ სხვა თანადგომით, სულ სხვა სიყვარულით, სულ სხვა იმპროვიცაზიით შექმნეს ეს დრო! ამ დღეს თოვლიან-ყინვიანი ბორჯომის ცივ სითეთრეში ათასი ფერისაგან შექმნილი დიდი ტილოს კონტურები კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანდა და ამ ფერებში რეალურ დროს აღემატა მადლობისთვის ნათხოვარი დრო!
 
ესმა მანია
30. 12 2021

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად