GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

გუდაურული ალუზიები ანიდან ჰაემდე

 

ა-ლუზია. როცა გონებაში ძალდაუტანებელ ფრაგმენტებდ ტრიალებს ალუზიები, უმჯობესია, მათ მიჰყვე. ზოგჯერ ისინი იმაზე მეტს და იმაზე კარგად ინახავს, ვიდრე ქრონოლოგია, ლოგიკა, პრაგმატიკა... ალუზია - მინიშნებების, განწყობების ეს ფემონენი, ყველაზე მეტად შეესაბამება  თბილისის პოლიტიკური სკოლის ფასეულობების აღქმის მეთოდს... ალუზია, ის, რაც თავისთავად ჩნდება გონებაში მარგალიტებად დაკრისტალებული თოვლით გადათეთრებულ გუდაურზე ფიქრისას...

„ბ-იჭს მაშინ დაგიძახებდი, მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე“ (ვაჟა).

 „გ-ეოპოლიტიკური შიზოფრენია“ - საკუთარი ქვეყნის სახელისუფლებო პოლიტიკის დიაგნოზი მოსკოვის  ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორის ნიკოლაი პეტროვისგან - არა ნაციონალური ინტერესები, არამედ ნებისმიერი ინტეგრაციული პროექტი.

დ-ემოკრატია - საუკეთესოც, უარესიც;  შემწყნარებელიც, მოძალადეც; სულისჩამდგმელიც, მკვლელიც...

ე-როვნულობა თუ პიროვნულობა - გია ყანჩელის უკომპრომისო პასუხი - მეტი პიროვნულობა, რომელიც ეროვნულობის საზღვრებს აფართოებს.

„ვ-ისწავლოთ პიროვნებად ყოფნა“ (ნიკო ჭავჭავაძე)- მინაწერი სემინარის პროგრამაზე, სკოლის უმთავრესი ფასეულობა.

ზ-მნაც და სახელიც - ელჩობა. სტატიკაც და დინამიკაც. გულშემატკივრობის ფენომენი. ევროპის საბჭოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, გერმანიის, ჰოლანდიის ელჩები სემინარზე... სხვა რანგის გაწონასწორებულობა, სხვა დოზის კეთილგანწყობა, სხვა გადასახედი ზოგჯერ კრიზისული ქართული ხედვისთვის, ქცევის, გარეგნობის სისადავეც, მისალმება-მადლიერების ქართული ფორმულებიც და ღიმილი...

„თ-ორმეტი  აგვისტოს“ ღვინო. მოჩვენებითობის, თვალთმაქცობის, ფასადური ცხოვრების მეტაფორა, ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვის“ მეტაფორა. სხვისი გამმეტებელი. სხვისი გამწირავი, ძირჩამყაყებული ცხოვრების მეტაფორა. ხმის ამომღები კონტურებად ჩანს საიდანღაც.

ი-სევ თეზისები სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის, დემოკრატიზაციისთვის, ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის...

 „კ-ულტურა გრძელვადიანი, განფენილი და გაშლილი პროცესია, მისი სეგმენტებად დაყოფა ხელოვნურია“ - თუკი ამის თქმა ვინმეს თავდაჯერებით შეუძლია, შვეიცარიელია, გიუნტერ ბეჰლერი, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

ლ-ოგოსი და კულტურა.  ჭეშმარიტება და ცხოვრება. ალუდა ქეთელაური და თემი. მარადიული, თუმცა ყველაზე მტკივნეული არჩევანი.

„მ-ე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ (ზურაბ ჟვანია) - არა უბრალოდ მოსწრებული ფრაზა, საქართველოს ისტორიული და ცნობიერი გზის ნათელი დასტური.

ნ-ელსონ მანდელა, ვისაც საკუთარი პოლიტიკური შეცდომის აღიარება შეუძლია - „დიდობის“ კრიტერიუმი.

„ო-ღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“

პ-ოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა - სემინარის თემა და საფიქრალი.

ჟ-ონავს, წვეთავს, ლღვება, დნება, ფორმას კარგავს სამყარო სალვადორ დალისთან. არაერთი ქვეყნის ხატის აღმოჩენა შეიძლება მის შემოქმედებაში.

„რ-თული ქრისტიანობა“ - ვაჟა-ფშაველას აღმსარებლობა, შემეცნების მაღალი ხარისხით გაჯერებულობა.

„ს-აზღვრების რიტორიკა“, როგორც ქართული პოლიტიკური აზროვნების სიმყიფე, საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორთვინ ჰენიგის მინიშნებით.

ტ-რანსპორტი მოლიპულ გზაზე.  საბურავები, ჯაჭვები, ერთმანეთისთვის არდასანახი ფორიაქი...  „კაცი მიდის ბილიკ-ბილიკ, კაცს უჭირავს სული კბილით, რაგინდ კაცი იყო გმირი, სული მაინც არის ტკბილი“... (მუხრან მაჭავარიანი).

უ-სიცოცხლო იდეა - „რესოვიეტიზაცია“.

ფ-ოლკი კლასიკაში. მიშა მდინარაძის ეგზოტიკური პროექტის ეგზოტიკური დეგუსტაცია სემინარის სალონურ საღამოს...

„ქ-ვა - სიმძიმე, სისასტიკე, ქვის გულში პოეზიის კეთილშობილება“ - მერაბ მამარდაშვილისეული პარადოქსული რუსეთი.

ღ-რმა გარდატეხა  რუსული თვალთახედვით - ქართულ-რუსული კონფლიქტის საკრალურიდან პრაგმატულ მდგომარეობაში გადასვლა.

„ყ-ვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“... გია ყანჩელი თავისი დუმილის გენიალობით, ნატო მეტონიძე შემოდგომისებრი გაცრეცილობით, შესაშლელი მსგავსება გალაკტიონის უკანასკნელი სიყვარულის ემოციასთან...

შ-ეცდომა - „ბოდიში გადაუხადა“, „მადლობა მოუხადა“. სფერო, სადაც აუცილებელია უკომპრომისობა!

 ჩ-ვილი ბავშვივით მოსავლელი მუსიკა. დასანანია, დაწერილი სიტყვა ხმას რომ ვერ გამოსცემს...

„ც-ისა ფერს, ლურჯსა ფერს“... - Цвет небесный, синий цвет... ასე გაშლილი ბარათაშვილი, პასტერნაკი, გაბრიაძე...

ძ-ველი პრობლემები, ახალი გამოწვევები...

ჭ-იქა ღვინო - გორული მწვანე. ჭიქაში მოქცეული გამჭვირვალე ლანდშაფტი, რაღაცას რომ ავსებს, სახელს რომ არქმევს, თითქოს დაუსრულებელს რომ ასრულებს...

 

ხ-უხუნაიშვილები. სახალხო მომღერლები, იმაზე მეტად სახალხო, ვიდრე ფოლკლორი (როგორც მეცნიერება) იტევს. მოუხელთებლობა, ყოველწამიერი იმპროვიზაცია, ამოვარდნა ტაქტიდან, დესტრუქცია, შეკივლება, წამოძახილი, ამოხარხარებაც კი  და... მაინც წამის გააზრება, შეხმატკბილება, უზადო ჰარმონია...

ჯ-ერ კრიტიკა, თვითკრიტიკა,  ეჭვი ყველაფერში, ყველგან, ყოველთვის - სიკეთის ძირისძირი.

ჰ-აერი სუფთა და ზომიერი ტემპერატურის, განცდა ბუნებრივი და სადა, ქცევა გააზრებული, საკუთარ სურვილებში მოქცეული სხვისი სურვილები... სუფთა ჰაერის, ხორბლის, გზის გადაკვეთის , მანქანის გაჩერების, მადლიერების... -  სულიერი და მატერიალური კულტურა განფენილი ჩვენს ცხოვრებაში ქვეყნის სტარტეგიული პრიორიტეტი უნდა იყოს და...

ანიდან ჰაემდე ფრაგმენტულად ტრიალებს გონებაში ალუზიები, ამ სემინარების სისავსეს, ძნელია, სხვა ფორმა მიუსადაგო...

                                                                                             ესმა მანია

 

16.12.2013


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com