GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მორიგი სემინარი 7-8 თებერვალს ქობულეთში გაიმართა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ორი კონკურენტული პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ეძებს და ირჩევს კოჰაბიტაციური თუ კონფრონტაციული თანაარსებობის პირობებს, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა საარჩევნო ეიფორია, სემინარის მთავარი საკითხი პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა იყო. სემინარი პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს დაემთხვა. შეკრებილმა ექსპერტებმა და მონაწილეებმა ერთად შეიტყვეს იმ ინცინდენტის შესახებ, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას უძღოდა წინ. როდესაც თბილისსა და ქუთაისში როგორც შინაგანი, ასევე საკმაოდ არაკორექტული ფორმით გამოხატული დაძაბული პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, ქობულეთის სემინარზე მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების დეტალური და მრავალპლანიანი ანალიზის შედეგად მიღებული ტენდენციები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა, ქართველ და უცხოელ ექსპერთა გამოსვლებსა და დისკუსიებში იკვეთებოდა. 
   მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი არსებული ვითარების დადებით მახასიათებლად პროცესის გამჭვირვალობას, ბევრად მაღალ ანგარიშვალდებულებას, ნაციონალური მოძრაობის – როგორც ძლიერი ოპოზიციის შესაძლო დადებით როლს ასახელებდნენ. ახალი ხელისუფლების რამდენიმე მიმართულებით ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველ  სტრატეგიას, რაც მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, არასახარბიელო ფაქტორად მიიჩნევდნენ.
   სემინარზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზაციის, პიროვნული კონფლიქტების საფრთხეზე, რისი პირველი სიმპტომები, სამწუხაროდ, უკვე გვაქვს. სემინარის მონაწილეთა ინტერესი, ბუნებრივია, შეეხო ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხს  ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. უცხოელი ექსპერტების თქმით, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პირველ რიგში უნდა განივიხილოთ ახალი (კულტურული, ეკონომიკური) კავშირების შესაძლებლობა, რომ კორექტული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან სულაც არ ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას. რიჩარდ ნორლანდის თქმით, ,,საქართველო რეგიონში განსაკუთრებული რეპუტაციის ქვეყანაა. ცვლადი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მან შესაძლოა, მთელი რეგიონის ბედიც განსაზღვროს. ,,საქართველო – საღი აზრი კავკასიაში  "ეს ჩემი სლოგანია.”
    ლოგიკურ, შინაგან, პირველყოფილ და არა პოლიტიკური მაქინაციებით თავს მოხვეულ ,,ქართულ ევროპეიზმზე” რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ივლიანე ხაინდრავამ ისაუბრა. მის გამოსვლაში ხაზგასმული იყო როგორც ევროპული იდენტობის კეთილშობილური კვალი ქართულ ცნობიერებაზე, ასევე ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაყოფიერი მონაწილეობა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში. მისი თქმით, ევროპულ თანამეგობრობაში საქართველომ პოლიტიკური და სოციალური ბენეფიციარის როლი კონტრიბუტორის როლით უნდა შეცვალოს, რისი ერთ-ერთი მაგალითიცაა ქართული საჯარისო შენაერთების ყოფნა ავღანეთში.
    სემინარზე მომხსენებლებმა ევროპული სტრუქტურების მხრიდან კრიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
   ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ საკითხებს (საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კანონმდებლობა, მასმედია...) კვალიფიციურ ქართველ პოლიტიკოს-ექსპერტთა გარდა, სემინარზე მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართული საინტერესო მსჯელობის დროსაც შეეხნენ.
    მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შეხვედრების გამოცდილება თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას უკვე აქვს, მაინც სიახლედ უნდა მივიჩნიოთ ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავჯდომარეები ერთ სადისკუსიო სივრცეში შეიკრიბნენ ხელისუფლების ცვლილებებთან დაკავშირებული შეცდომებისა და გაკვეთილების შესახებ სამსჯელოდ. ჯერ კიდევ უმწიფარი ქართული პოლიტიკური დისკურსის პირობებში აკაკი ასათიანის, ნინო ბურჯანაძის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა სტაბილური სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის ერთგვარი პრეცენდენტი იყო. სხვადასხვა დროს ხელისუფლების სხვადასხვაგვარი ცვლილებები, ეპოქების სპეციფიკურობა და განსხვავებულობა და, ამავე დროს, საერთო პრობლემა – კრიტიკული მასის, კოლექტიური გონის, სამოქალაქო ცნობიერების ფორმირება ლაიტმოტოივად გასდევდა სამივე გამომსვლელის საუბარს.
   არაკონფორნტაციული, არამედ რაციონალური კრიტიკის, ჯანსაღად ხედვის, კერძოობითობაზე ამაღლებული განზოგადოგადებული გააზრების, წარსულის კონცეპტუალური ხაზის თანამედროვე სამყაროში გადმოტანის, ზომიერებისა და მადლიერების კულტურის აუცილებლობაზე საუბრობდა სკოლის დირექტორი არმაზ ახვლედიანი.
    ქობულეთის თებერვლის სემინარი დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების 80 წლისთავს მიეძღვნა და მისი შემოქმედება თავისებური ჰარმონიით ავსებდა იმ დანაკლისებს, რასაც ხშირად რაციონალური აზროვნება ვერ უმკლავდება.
                                                                  
                                                                                                  ესმა მანია 
12.02.2013


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com