GEO ENG
Search
Go
December 2017
M T W T F S S
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

Poll

Do you like our site?

Yes No I do not know
Vote Results

„მე“-ს ფარდი „ჩვენ“

ასე მოკრძალებით დაწერილი ესეებიდან კიდევ უფრო დიდი მოკრძალებით ამოკრებილი ეს ამონარიდები თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მაისის სემინარზე მიღებული პირადი განცდები, პირადი დამოკიდებულებებია. არასაჯარო პუბლიკაციისთვის განკუთვნილი ეს ესეები თავის სიმართლეს, თავის კეთილ ენერგიას, თავის სიმსუბუქესა და ყოველგვარი მოჩვენებითობისგან განტვირთულობას ასე მარტივად, ასე სუფთად, ასე ადამიანურად გამოხატავს. ვასაჯაროებთ მათ და ასე იმიტომ ვკადნიერდებით, რომ ესეებისა და, შესაბამისად, განწყობების ამ ერთიანობაში „ჩვენ“ ნაცვალსახელის ილიასეულ მძლავრ ინკლუზიურობას ვხედავთ! ყველამ კარგად  ვიცით, რომ ეს ფაქტორი მით უფროა ძლიერი, რაც მეტია ამ ჩართულობაში, ამ განუყოფლობაში  ინდივიდუალიზმის განცდა. ესეც ასე აშკარაა ამ ტექსტებში.
ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმის პუბლიკაცია არც ერთ ჩვენგანს არ აზარალებს, მით უფრო, რომ ჩვენივე ფიქრით, ჩვენივე ნებით, ჩვენივე ძალისხმევით „მე“-ს ფარდად გავრანდეთ „ჩვენ“!
გიორგი სიჭინავა: საფიქრალის გარდა, სკოლა მოტივაციას აჩენს. მინდა უფრო ხშრად შევაღო ფანჯარა, გადავდგა სწორი ნაბიჯი, გავიაზრო, რას ვამბობ და როგორ ვამბობ. გეტყვით სკოლაში გაგონილ რამდენიმე ფრაზას, რომლებმაც ბევრი  ახალი რამ მასწავლა: „საზრისი“, „დრო“ „დასვენების კულტურა“, „მოსმენის კულტურა“, „არჩევანის კულტურა“... ცხადია, ეს ყველაფერი აქამდეც მქონდა გაგონილი, მაგრამ კონტექსტი ყველაფერს ახალ მნიშვნელობას აძლევს.
გიორგი ტურაშვილი: სემინარების დამთავრებისას, როდესაც საბოლოო შთაბეჭდილებას მოგწერთ, მოგიყვებით, როგორ მოვხვდი  სკოლაში, როგორ გარემოში ვიყავი და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სკოლაში მოხვედრას ჩემთვის,  რამდენი რამ შეიცვლა ჩემ გარშემო. ახლა კი მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რომ ამ საოცარ გარემოში ვარ და ვაკვირდები, სემინარიდან სემინარამდე როგორ იცვლება ჩემი დამოკიდებულება რიგ პროცესებისადმი და როგორ ვპოულობ პასუხებს ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
დავით ურთმელიძე: სემინარის მიმდინარეობისას სასიამოვნო იყო იმ ადამიანების მოსმენა, რომლებსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდე გარკვეულ შეხედულებებში, თუმცა სკოლამ მომცა  საშუალება, გახსნილად, მშვიდად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მომესმინა სხვისი,  გამეანალიზებინა ის და სხვებისთვის გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,  რომ სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია საქართველოში.
ნინო ელიეშვილი: ჯგუფური შედეგი დგება მხოლოდ მაშინ, თუ ყველა გააკეთებს იმას, რაც საუკეთესოა მისთვის და ჯგუფისთვის. „უვალი გზები“... საზრისი ვერ იპოვო, მაგრამ ძებნაში გაატარო მთელი ცხოვრება...
გაბრიელ მელივა: „სამყაროს შევეხალე“ - ლევან გიგინეიშვილის სიტყვებია, რამაც საკმაოდ ჩამაფიქრა. მივხვდი, რომ ეს ის მდგომარეობაა, რასაც ხშირად განვიცდი (და, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანიც ) და თურმე არ ვიცოდი, რა დამერქმია ამ განცდისთვის.
ნანა ცერცვაძე: იუვალ ფუქსის გამოსვლამ კიდევ უფრო გამიმყარა მოსაზრება, რომ ისრაელისაგან, სხვა მრავალთა შორის, ერთი მნიშვნელოვანი, რაც განგვასხვავებს, სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. ილია ჭავჭავაძეზე უკეთ, ამას ვერავინ იტყოდა: „საცა „მე“ ხშირია და „ჩვენ“ იშვიათი“. სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შენების პროცესში, ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვაკლია ერთიანობის შეგნება და შეგრძნება. საჭიროა, საზოგადოებას, მის თითოეულ წევრს ჰქონდეს გააზრებული, რომ ჩვენ, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, ვაშენებთ ჩვენს საკუთარ ქვეყანას. სულ ჩამესმის ყურში ფრაზა: „ჭე რელყ ონ ოურსელფ” - სადაც, „ოურსელფ”  და არა “ოურსელვეს”, ხაზს უსვამს იმას, რომ ებრაელებისთვის „ჩვენ“ არის „მე“-ს ტოლფასი ერთიანობა.
თათია როგავა: რეცეპტი: მეტი და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განათლებაში ყველა დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტის და საგარეო დახმარების სწორი გამოყენების გზით.  განათლება ყველა დონეზე ნიშნავს არა მარტო ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმებს. არამედ პროფესიული სასწავლებლების განვითარებას და კიდევ ბევრ სხვა კომპონენტს. 
სალომე ხვადაგიანი:  - ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა სახლში ყოფნა, აზროვნება კი სახლში ყოფნაა - დამარცვლას ცდილობს ანდრო. საკუთარი თავის პოვნა აზროვნების გარეშე თუ არ გამოდის, აზროვნება ეჭვის გარეშე, ეჭვი ტკივილისა და სულიერი სიმშვიდის დაკარგვის გარეშე, მაშინ? მაშინ რა გამოდის? ტკივილის მიყენება აუცილებელია? მორალურია?
გიორგი მიქანაძე: რეზო თაბუკაშვილი, გრიგოლ ფერაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჰოლოკოსტი... ჩემთვის ეს ის სახეებია, რომლებმაც შეიძლება გამიყვანოს და ჩამკეტოს ფიქრების მორევში. 2 დღე ძალიან ცოტაა, შეიძლება 2 წელიც, ან მთელი ცხოვრებაც. არ მეყო... არ მეყო... ახლაც ვუმზერ რეზო თაბუკაშვილის ფოტოს, რომელიც ჩემს სამუშაო მაგიდაზე მიდევს, იმდენად ღრმა და საინტერესოა ეს პიროვნება ჩემთვის, მოაქვს მუზები, მიშვებს ფიქრებში... 
გიორგი ჩაკვეტაძე: სკოლა არის მოგზაურობა მთელს მსოფლიოში და ჩვენ ვართ მაგელანები, რომელნიც სკოლის გემში ვსხედვართ და გარს ვუვლით ყველაფერს, რაც ისეთივე საინტერესო და გლობალურია, როგორიც ჩვენი დიდებული დედამიწა. ჩემი ბოლო მოგზაურობა დედამიწის გარშემო 5-6 მაისს შედგა. 
დოდო ჭუმბურიძე: ტყვეობიდან თავის დაღწევის სურვილმა გაიკიაფა… ფიქრი იმდენად ლაღი იყო, ადვილად მისაღწევი გვეჩვენებოდა მიუღწეველიც. რატომაც არა, ჩვენ  გაგვიმართლა - უვალი გზებიდან ოაზისში შემოსვლის უფლება მოგვცეს. კარი გაგვიღეს, რომ გულსა და გონებას შევეხმიანოთ, მეტად შევიგრძნოთ სივრცისა და მარილის გემო, გავითავისოთ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ზავი.                        
თორნიკე ჩარგეიშვილი: მაისის სემინარიდან განსხვავებულად გამდიდრებული წამოვედი. თუკი აქამდე, ძირითადად, მომქონდა ინფორმაციული სიმდიდრე, კონტაქტები, იმედები, ფიქრები და ასე შემდეგ... ამჯერად რაღაც სრულიად სხვა გამომყვა. ეს სხვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ნახსენები. ალბათ ეს დიდი ემოციური აღტაცება, სიყვარული და შინაგანი ტრანსფორმაციაა.
ქეთი დოლაკიძე: ახლა ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი ერთი მიზნისთვის იბადება, უყვარდეს და შექმნას გულშიდაუტეველი სიკეთე, რომელიც გაზიარებით ერთიდან მეორეზე გავრცელდება, შემდეგ კი უწყვეტი ჯაჭვივით თითოეულს გაუფერადებს სიცოცხლეს, გააქრობს ურთიერთუნდობლობასა და უხილავ საზღვრებს სიკეთის კეთებასა და გაკიცხვის შიშით გამოწვეულ გაუბედაობას შორის.
თამარ ლომაძე: ზოგადად, გაცნობიერებული მაქვს, რომ რაღაც მისწავლია, უფრო ბევრს მომავალში ვისწავლი და ეს სირცხვილად არ მიმაჩნია. ამ შემთხვევაში კი შემცხვა. შემცხვა, რომ ერთნი სრულიად უცხოებისთვის სწირავენ თავს და მეორენი, ჩემი ჩათვლით, არ ვაკეთებთ მინიმუმს - საკმარისად არ ვინდომებთ, დავაფასოთ გრიგოლ ფერაძის თავგანწირვა. მომინდა, დავბრუნებულიყავი 2015 წლის მარტის თვეში ოსვენციმში და გიდისა და მსმენელებისთვისაც ამაყად მეთქვა, რომ ის მღვდელი, რომლის გმირობის ისტორიასაც ტურიუსტების ჯგუფებს უყვებოდა,  ქართველი იყო.
ნოდარ ჭიაბრიშვილი: ნდობა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ფაქტორია, რაც ჩვენს დღევანდელ ყოფას არსებითად აკლია და ეს გამომსვლელის სიტყვებმაც დაადასტურა.  ენდო სხვას, ეს ალბათ განვითარების უფრო მაღალი საფეხურია, ჩვენ კი ჯერ საკუთარი თავისადმი ნდობაც არ გაგვაჩნია.
მაია ფიფია: საოცარია, როგორ შეიძლება გადაიკვეთოს ერთ პატარა სივრცეში, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ჰოლოკოსტი, შექსპირი, თაბუკაშვილი, არჩევანის დილემა, მონანიება, უვალი გზები, დემოკრატიის გამოწვევები, ნეშის სისტემა, ბიგ დატა, ნდობის პარადიგმა... ვჩქარობ, რადგან კონკიასი არ იყოს, 12 საათამდე უნდა მოვასწრო შთაბეჭდილების დაწერა და გაგზავნა...
გიორგი რევაზაშვილი: მეტად დამაფიქრა კითხვამ, რამდენადაა ქართველი კაცი (ვიტყოდი, საქართველოს მოქალაქე) მზად იმისთვის, რომ იყოს თვითმმართველი? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია, თუმცა გამოკვეთილად უსვამს ხაზს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხს.
მარიამ დოლიძე: ...და ფილმი „66-ე სონეტი“. ეს ფილმი ნანახი მქონდა, მაგრამ სკოლას აქვს ერთი ძალიან უცნაური თვისება, ყველაფერს ახლი  რაკურსიდან განახებს, განსხვავებულ მნიშვნელობას გკარნახობს, გაგრძნობინებს ან გასმენინებს. 
მიხეილ გაბაიძე: „ღამის საუბრებმა“ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ადამიანებს გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი რამ, რის გამოც შეგვიძლია ვიყოთ ერთად ბედნიერები!  ერთად ყოფნის სურვილი და მიზიდულობა კი სიყვარულია თითოეულ ჩვენგანში.
ბესიკ წიკლაური: საყოველთაო განვითარების თანამდევია სწრაფი ეკონომიკური ზრდა; ცხოვრების მაღალი დონე; ტექნიკური სიახლეების, მართვის მეთოდების გავრცელება და სწრაფი დანერგვა; ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე მთელი რიგი ქვეყნებისთვის. ეკონომიკის საერთაშორისო ინტეგრაციას მივყავართ შრომის ოპტიმალურ დანაწილებასთან, რაც კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას იძლევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტიციებისთვის. სკოლაში მიმდინარე პროცესი მრავალმხრივია და საერთო გლობალური სიკეთის მიღებას ემსახურება.
გიორგი ჩიფჩიური: ქართული რეალობისთვის მნიშვნელოვანი იყო ე. წ. „მართულ დემოკრატიაზე“ საუბარი, რაც პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ასეთი არსებითია და, სამწუხაროდ, აქტუალურია თანამედროვე საქართველოშიც. მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა ისრაელის საგარეო პოლიტიკაზე, რომლის წყალობითაც ქვეყანამ სარგებელი მიიღო დღევანდელი მსოფლიოს ორივე დაპირისპირებული პოლუსიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც და რუსეთიდანაც. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის, პირველ რიგში, გასათვალისწინებელი გაკვეთილია.
ნათია ზაქრაძე: როცა ჰოლოკოსტზე ვფიქრობ, სამყაროსადმი ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. სამყარო ჩემს წარმოსახვაში წყვეტს, იყოს მოვლენათა ობიექტური ჯაჭვი, კანონზომიერი მიმდევრობა, ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მის განვითარებას ასახავს. ჰოლოკოსტის სიმძიმის გააზრებისას სამყარო ჩემთვის „თავდაპირველ სიტყვამდელი“, ქაოსით მოცული ხდება. მიჩნდება უამრავი უპასუხო კითხვა, როგორ მოახერხა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, შეეცდინა მთელი ევროპა და მათთვის ალოგიკური გზებით ეტარებინა?
თათია ბრეგვაძე: თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვენდეთ, არ ავიღეთ პირველი ნაბიჯის გადადგმის პასუხისმგებლობა და არ დაველაპარაკეთ მეზობელს, არ შევთანხმდეთ სადარბაზოს დასუფთავებაზე, არ დავივიწყეთ სულელური დაცინვა განსხვავებულის მიმართ და სხვისკენ ხელის გაშვერა, მანამ ვუშავებთ საკუთარ თავს და საზოგადოებას, ვუშავებთ სწორედ უმოქმედობით, მატარებელში ხმის ამოუღებლობით, შემგუებლობითა და კონფორმიზმით.
თეიმურაზ მეგრელიძე: ებრაელების გენოციდის ისტორიამ სემინარზე საკმაოდ დიდი და მძიმე გავლენა იქონია ჩემზე, შემზარავია ფაქტი, რომ ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ეროვნების გამო იქნენ ლიკვიდირებულები, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, რაოდენობრივად კი ალბათ ერთ სახელმწიფოს შექმნიდა გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი.
თამარ გურგენიძე: სემინარიდან სხვანაირი ვბრუნდები, თითქოს სხვა ქალაქში ჩამოვდივარ, გაზრდილი პასუხისმგებლობით და მეტად მოტივირებული, მაღალი მოთხოვნებით საკუთარი თავისადმი. მე თბილისი პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელთა რიგებში ვირიცხები, ეს კი ნიშნავს, რომ ვსწავლობ პიროვნებად ყოფნას!
ბიძინა მურღულია:  კაცის ცნობიერებაში წარმავლობისა და მარადიულობის დაპირისპირების თემა ესაა - ადამიანს მხოლოდ მაშინ უჩნდება საზრისის განცდა, თუ სიცოცხლეს სიკვდილს დააძლევინებს, ან - უფრო უკეთ - სიცოცხლესა და სიკვდილს შეარიგებს.
ირმა მჭედლიძე:  ვიცოდი ოსკარ შინდლერი, ირენ სანდლერი, რაულ ვალენბერგი, (ებრაელებს რომ ეხმარებოდნენ, ის უიშვიათესი გერმანელები), გრიგოლ ფერაძეც, იუვალ ფუქსისაგან ახლა გავიგე სერგო რატიანის შესახებ, სვანეთის მთებში რომ მალავდა თურმე ებრაელებს...
გიორგი აბაშიძე: სემინარის მეორე დღე ჩვემთვის დილის 5 საათზე დაიწყო და მეორე დღის გამთენიისას, 3 საათზე დასრულდა. თამამად ვიტყვი, რომ ასეთი საინტერესო 22 საათი, არ მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა და მქონდა თუ არა საერთოდ... გავემგზავრეთ მონასტერში, ბორჯომიდან 45 წუთს მოშორებით, სადაც გიორგობადღეს  გასაოცარ წირვას დავესწარით. 
დიმიტრი ჯავახაძე: ვფიქრობ, მისაბაძი მაგალითები საკმარისია იმ ბიძგისთვის, რომ ვიყოთ უკეთესი მოქალაქეები, პიროვნებები... რომ ნათლად გავიაზროთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც სახე საქართველოსი. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, გადაწყვეტილება, არჩევანი, საზრისი და შინაარსი მხოლოდ ღირსეული და სრულფასოვანი მოქალაქის საქციელი უნდა იყოს, რადგან აქ ჩანს სახე საქართველოსი, რადგან ჩვენი მოქალაქეობრივი, პიროვნული არჩევანის კულტურა განსაზღვრავს ხვედრს საქართველოსი. 
მიხეილ ჯავახიშვილი: ფაქტი ერთია - ვერავინ შეცვლის ჭეშმარიტებას, ვერავინ შეგვიშლის ხელს არჩევანში, ვერავინ დაგვტოვებს საგზლის გარეშე, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ გვერდით მდგომი დავაპუროთ და ამოვუდგეთ მხარში. სკოლა არის ერთიანი და ამ სივრცეში მოსული ადამინი არის ამ ერთიანობის განმამტკიცებელი ფესვი ! ვამაყობ, რომ ამ განმტკიცებაში მეც ვმონაწილეობ! დიდი მადლობა თანადგომისთვის ყველა სკოლელს, მათ, ვინც ჩვენამდე მოიტანა ეს სივრცე! 
მარიამ მუნჯიშვილი: მრგვალი მაგიდის ფორმატი ტრადიციად იქცა და არაჩვეულებრივი საშუალებაა საკვანძო თემის გაშლისთვის, პრობლემის არსში ჩაწვდომისთვის და გამოსავლის ძიებისთვის, მონაწილეთა მეტი ჩართულობისთვის. მრგვალი მაგიდა, ვფიქრობ, სემინარის განუყოფელ ნაწილად უნდა დარჩეს.
ირაკლი მესხი: თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ჩემთვის იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, იქნება ადგილი, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს, სადაც ყველა თანასწორია, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური კუთვნილებისა და ა.შ. სადაც ერთმანეთის აზრსა და შეხედულებას სცემენ პატივს, სადაც განსხვავებული აზრი შეგიძლია თავისუფლად გამოთქვა, სადაც წესრიგი და ურთიერთობის მაღალი კულტურაა დამკვიდრებული. მე ასეთი დამოკიდებულების, ასეთი წესრიგისა და კულტურის საქართველო მინდა.
ლალი ნასრაშვილი: მე-8 წელია, ვესწრები სემინარებს და ყოველთვის საინტერესოს, ახალს და, ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი ნეგატიური პროცესის მიუხედავად, საიმედოს აღმოვაჩენ ხოლმე. მაძლიერებს, მაფხიზლებს, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ჯონ ნეშის სკალაზე მარჯვნიდან მარცხნივ დაქანების უფლებას (დიახაც, უფლებას!) არ მაძლევს. ადამიანის ყველაზე დიდი სიმდიდრე ისევ ადამიანია, აქედან უნდა დამეწყო! აქაც სკოლაა.
ზურაბ გელაშვილი: ამ ორმა დღემ დამანახა, რამდენად ნაყოფიერად შეიძლება თითოეული დღის გატარება. ყველას ვუყვები, ვცდილობ,  გავუზიარო და მათაც განვაცდევინო ემოცია, რაც  განვიცადე.
გიორგი კაპანაძე: რაც ყველაზე მთავარია, სემინარის მსვლელობისას აღმოვაჩინე, რომ უკვე ახალი, ნამდვილი მეგობრები გამიჩნდა, თითქოს გავშინაურდი კიდეც იმ გაგებით, რომ ნაკლებად ვღელავდი, უფრო კონცენტრირებული ვიყავი, თუმცა, რა თქმა უნდა, კომფორტის ზონიდან საკმაოდ შორს, რაც, თავის მხრივ, კარგია.
ნიკა ჩიტაძე: სემინარის ყველა მონაწილემ მნიშვნელოვნად აიმაღლა საკუთარი ცოდნა მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენასთან - ჰოლოკოსტთან დაკავშირებით (მომხსენებლები: იუვალ ფუქსი და ეფიმ შუმანი). ამავე დროს, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკესთან ერთად, განხილულიყო საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის მიერ, როგორც ებრაელების, ისე სხვა ერების მიმართ განხორციელებული ანტიჰუმანური ქმედებები.
თათია ბურდული: სკოლა დღესაც რჩება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურ შემფასებლად. ის შეუცდომელი კამერტონია, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობს და ხედავს მთავარ პრობლემებს, ამბობს სათქმელს განსაკუთრებული კორექტულობით, თუმცა ამავდროულად არ კარგავს კრიტიკულ ტონს.
რატი რატიანი: სკოლამ გამაცნო ცხოვრების საკუთარი სტილი, როგორსაც, შეიძლება ითქვას, ყოველთვის ვეძებდი. მესმის, ძალზე მომხიბვლელია გარემო, საყოველთაო კეთილგანწყობა, რაც მიუჩვეველ კაცს მოჩვენებითიც კი მეგონა, თუმცა აქ სხვა განცდა დამეუფლა,  ოთხი დღე ვარკვევდი, სიტუაციური იყო ეს სინამდვილე თუ გულწრფელი. საბოლოოდ მეორე ვარიანტზე შევჩერდი.
სოფიო თუთისანი: სკოლა სიძლიერის გარანტია, რადგან აქ თავისუფლება და ჯანსაღი გარემოა. ის დიდი ოჯახია, რომლის ნაწილიც ვარ. იქ მიღებულ შთაბეჭდილებას ვერაფერი ცვლის, ვერც რუტინული გარემო, რომელიც სემინარიდან დაბრუნებულს გხვდება, ვერც თავსდამტყდარი ათასი პრობელმა,  თავდაყირა რომ აყენებს ათასჯერ მოფიქრებულ და დაგეგმილ ცხოვრებას.
რუსუდან მაჩაიძე: ამ სემინარზე ცის სასრულობა-უსასრულობაზე არ მიფიქრია, დედამიწის პატარა წერტილში მიმდინარე  პოლიტიკურ პროცესებზე ვფიქრობდი. უცებ მივხვდი, რომ დედამიწა მიყვარდა. არა კონკრეტულად რომელიმე ქვეყანა ან კონკრეტული ადამიანები, არამედ დედამიწა მთლიანად და ყველაფრით. უბრალოდ, პლანეტა მიყვარდა, რომელიც ძალიან ბევრი პლანეტისგან სიცოცხლით გამოირჩევა, ადამიანების სიცოცხლით. რა კარგია, რომ ის მაინც ბრუნავს!
მოამზადა ესმა მანიამ

19.05.2016


<< back
Council of Europe
International Network
Publications
Gallery
Golden Fund
Online Application
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com