GEO ENG
Search
Go
August 2017
M T W T F S S
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

Poll

Do you like our site?

Yes No I do not know
Vote Results

ასტეროიდი B-612

სამი წელი იყო გასული, რაც ლექსი არ დამეწერა. სიმართლე რომ ვთქვა, სამი წელი იყო გასული, რაც ლექსს ვეღარ ვწერდი. თითქოს ვეღარაფერს ვგრძნობდი და აღარაფერი ვიცოდი საერთოდ. პარასკევ საღამოს კი ექსპრომტი ვთქვი, გავიხსენე ათი წლის წინ დაწერილი ლექსი, რომელიც ამდენივე წელია, არ გამხსენებია და ყოველ თემაზე, რაზეც ვსაუბრობდით, თითო ლექსი მომდიოდა თავში. ორი დღე გავიდა. უკვე კვირაა, ვზივარ საწერ მაგიდასთან და ლექსებს ვწერ. რა უნდა დაარქვა იმ ორ დღე-ღამეს, რომელიც პოეტად გაქცევს?!

უკანასკნელი წლებია, ვცილობ, გავიზარდო. ჩავიცვა, ვისაუბრო, ვიმუშაო და ვიცხოვრო ისე, როგორც ზრდასრულმა. ვცდილობდი, მომეპოვებინა წარმატებული ზრდასრულის სტატუსი, ნაკლები ლექსი მეწერა და - მეტი ცხრილი, ნაკლები მხატრული ლიტერატურა მეკითხა და - მეტი მეცნიერული. ოთხშაბათამდე სრულიად გაზრდასრულებული ვიყავი. ბორჯომში კი თითქოს დავუბრუნდი ჩემს ასტეროიდ B612-ს. გახსოვთ, ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“? როგორც ის ამბობდა, „ყველა ზრდასრული ყოფილა ბავშვი, უბრალოდ. მხოლოდ ცოტას თუ ახსოვს ეს“. მეც არ მახსოვდა, სანამ 10 დეკემბერს, დილით, საქართველოს დროით ცხრა საათსა და ნულ-ნულ წუთზე არ გავიგონე: „დუმ-დუმ-დუმ...“, მერე უცნაური სიმართლე: „ვიცით... ვიცით... ქიციც ვიცით, ქიცმაცურიც ვიცით, მაგრამ... მაგრამ... მაინც არაფერი ვიცით!”“და სიჩუმე...

ო, როგორ ამომიტრიალდა სამყარო და გულში სისხლის გეიზერებმა ამოხეთქა. ადამიანებმა ხომ არაფერი ვიცით, ზოგადად, და მაინც როგორი სერიოზულები ვართ, როგორი თვითკმაყოფილები. ხოდა ასე, თითო-თითოდ ამომაძრო ბორჯომმა „თვითკმაყოფილებიდან“ „კმაყოფილების“ ასოები და დამტოვა მხოლოდ „თვით“ - ანუ, არც მეტი და არც ნაკლები, უბრალოდ - მე.

აღარ მინდოდა, ვინმესთვის თავი მომეწონებინა, აღარ მინდოდა, დამეთმო ჩემი სინდისი და ამოვფარებოდი რაიმე ნიღაბს, რადგან მკვდარი იყო ჩემში კომფორმისტი და გაეღვიძა სიკეთეს, რომელსაც ვსწავლობ. ძალიან ბევრი გაკვეთილი მივიღე...

არა... თუნდაც რად ღირდა მიხეილ მაჭავარიანის კომპრომისი - აღიარება საკუთარი შეცდომების... ალეკო ელისაშვილის პასუხისმგებლობის განცდა ხალხის მიმართ, ლანა ღოღობერიძის რომანტიკული ეფემერა და ზურაბ ჟვანიას მემკვიდრეობა. რად ღირს ის, რომ ლევან გიგინეიშვილს ყოველთვის შეუძლია აბსურდულად მართალი იყოს და რად ღირს ის, რომ საქართველოს ჰყავს მიშო ჯავახიშვილი. ერთმა მსმენელმა მკითხა, ეს ბიჭი ამ პლანეტაზე დაიბადაო? მე ამაყად ვუპასუხე, რომ ეს ბიჭი დედამიწელია და რომ ის ჩვენს პლანეტას აუცილებლად ასახელებდა სამყაროს მასშტაბით.

აი, მე კი ნამდვილად დავკარგე იმის შეგრძნება, თუ რომელ პლანეტაზე ვიყავი... დიდხანს ვფიქრობდი... ვიხსენებდი... და ბოლოს ევრიკა - ასტეროიდი

B612... ნამდვილად ეს არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. არ ფიქრობთ ასე?

ვარდი არ არის საქართველო, მშვენერება, რომელსაც მოვლა სჭირდება, მოფერება, ყურადღება?..

ბაობაბი არ არის უმეცრება და ცრუმცოდნეობა, ასე რომ მოსდებია ჩვენს პლანეტას და განადგურებით ემუქრება ვარდსაც და მთელს სამყაროსაც?

...და ჩვენ არ ვართ პატარა უფლისწულები, რომლებიც ყოველწამიერად ამ ასტეროიდზე ვთხრით ბაობაბის ფესვებს და ვუვლით ვარდს?.. ნამდვილად ჩვენ ვართ. როგორც მელა ამბობს, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საქართველოზე, როგორც პატარა უფლისწული თავის ვარდზე. ჩვენ სხვა პლანეტაზეც რომ აღმოვჩნდეთ, ცაში ახედვისას ვარსკვლავებშიც ჩვენს ვარდს უნდა ვხედავდეთ და ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, დავუბრუნდეთ მას...

„უდაბნოს მშვენებად აქცევს ის - თქვა პატარა უფლისწულმა - რომ სადღაც მასში დამალულია ჭა“. ჩვენს საუბრებს კი მშვენებად სწორედ ის აქცევს, რომ მათში დამალულია ხსნა.

ძალიან ბევრს ვგრძნობ... მენატრება ბორჯომი... აუტანელია ეს მონატრება. როგორ მინდა, ჩემი სახლი იყოს ასტეროიდი B-612.

ალექსანდრე ზარდიაშვილი
14.12.2015


<< back
Council of Europe
International Network
Publications
Gallery
Golden Fund
Online Application
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com