GEO ENG
დეკემბერი 2017
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

სკოლის უნისონი

      რა ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ ვერ ვქმნით უნისონს? არადა, სწორედ ქვეცნობიერი უნისონისთვის გამზადებული 30 ახალი წევრი პირველად შეიკრიბა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარზე. შეხვედრის წუთიდანვე დაიწყო ერთი საინტერესო პროცესი - ყველა ჩვენგანს თანდათან გვეცლებოდა „უცხოობის“ შრეები და იწყებოდა ახალი გზა ერთმანეთისკენ. ეს პროცესი მით უფრო საინტერესო იმით იყო, რომ არავინ იცოდა, რისთვის მოდიოდა, რა ელოდა... სემინარის დასრულების შემდეგ კი ერთი ასეთი რამ დაიწერა: საკუთარი თავისაც კი მშურსო... ჩვენი არჩევანიც ასეთია - უნისონი, რომელშიც ადამიანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ჰგონია, გარემოსაც ცვლის და ცოტა მეტი ძალისხმევით - საკუთარ თავსაც. ლოგიკურია, რომ სემინარი არჩევანის კულტურას ეძღვნებოდა. ეს კი „მთავარ“ სათქმელამდე მისასვლელი კვანძებია, ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გვთავაზობს სკოლა:

არა უშავს VS უშავს
         
 მწერალ დათო ტურაშვილის სასუბრო თემა ორსიტყვიანია - „არჩევანის კულტურა“ და ეს ასე ქრონოტოპული შეუზღუდაობა მის არჩევანს კიდევ უფრო ართულებს, მსმენელებს კი უტოვებს საექსპერიმენტო ინტერესს: რაზე ისაუბრებს მომხსენებელი? რასაკვირველია, საბჭოთა დროზე! უმძაფრეს საბჭოთა შთაბეჭდილებად ამ გამორჩეულ დამკვირვებელს თურმე მეგობარი გოგონას დისკომფორტული ფეხსაცმლით გამოწვეული კვნესა მოჰყვება... არ არსებობდა ფეხსაცმლის არჩევანი და ეს, რასაკვირველია, უზარმაზარი პოლიტიკური, იდეოლოგიური, სულიერი კრიზისის ბოლო საფეხურია. არ არსებობდა არჩევანი და, შესაბამისად,  ატროფირებული იყო ყველა ადამიანური უნარი, მას სულიერ არსებად რომ ქმნის... არ არსებობს არჩევანი და ყველაფერი ნებადართულია, სიმკვეთრე და სიმძაფრე დაკარგული აქვს ყველაფერს და აქტუალურია ერთადერთი უძარღვო ფენომენი - არა უშავს. არა უშავს VS უშავს - ეს ოპოზიცია სულაც არ არის ისეთი კატეგორიული, რომ გაგაღიზიანოს, მით უფრო, დიდ საზოგადოებრივ მოვლენებს, პროცესებს შეუქმნას საფრთხე. არადა, სწორედ ეს არის ფასეულობათა სისტემის რღვევის არაჩვეულებრივად შეფარული, ერთი შეხედვით, უწყინარი მოდელი. ერთი სიტყვით, ამ მანკიერ საბჭოთა მოვლენას „სასხვათაშორისოობა“ ჰქვია. 
ეს უსულგულო სასხვათაშორისოობა დღემდე ყველაზე საბედისწეროდ გამოყოლილი მანკიერებაა. 
კიდევ ერთი საგულისხმო რამ: დათო ტურაშვილი ასე ხშირად რომ ახსენებს ბებიას და მისი პირით რომ ამბობს უამრავ საკვანძო სათქმელს, ამ ფაქტს იდილიურ, ოჯახურად მყუდრო განწყობასთან ერთად, კიდევ ერთი ნიუანსი ხომ არ ახლავს - სწორედ ბებიებმა ხომ არ შემოინახეს ამ აუტანელ სასხვათაშორისოობას გამორიდებული ცნებები და სათქმელები თავიანთი ჭაღარით, ნაოჭებით, ხანდაზმულობით, სითბოთი და, რაც მთავარია, ფრაზეოლოგიზებული, მითოლოგიზებული სიბრძნეებით და,  რაც კიდევ უფრო საიმედოა, რბილი და ზომიერი იუმორით.
   დათო ტურაშვილის სივრცეში იმ დიდ, უზარმაზარ, გაუსაძლის საბჭოთა მანქანას ერთადერთი უსუსური მოწინააღმდეგე ჰყავს - ბებია! ბებია კი, თავისი უპროტესტობით, ურისხველობით ლმობიერად, სვენებ-სვენებით აფრთოვებს თავის სივრცეს ბოსტნიდან ეზოში, ეზოდან - სოფელში, სოფლიდან - ქალაქში... თუკი სიგარეტის ნამწვის გადაგდებაზე შენს მითითებას უკადრისობენ, შენ თვითონ უნდა აიღო და გადააგდო, ამაშიც ხომ რაღაცნაირად ბებიას სიბრძნე დევს...

ადამიანობის კულტივირებისთვის                                        

უცნაური საკითხია, მაგრამ ადამიანობის „კულტივირება“ მუდმივი პროცესი უნდა იყოს, მით უმეტეს, ასე გავრცელებული სასხვათაშორისოობის საპირწონედ. ლევან გიგინეიშვილი არჩევანის კულტურის მერაბ მამარდაშვილისეულ გზაზე საუბრისას შეეხო ამ თემებს. მისი თქმით, არჩევანის უნარი ადამიანობის „კულტივირებაა“, ამ პროცესში კი ყველაზე მთავარი თურმე ერთია - იცხოვრო საკუთარი ბრალის შეგრძნებით! ბრალის შეგრძნებით ცხოვრება საკუთარი თავისუფლების პირობაა, არადა, რამხელა გამოცდილება გვაქვს ამ ფორმულით ცხოვრებისა: არა უშავს...

„შიგნით“

უამრავი ხერხი არსებობს საუბრის წამოსაწყებად, სათქმელის გადმოსაცემად, აზრის გამოსახატავად, მაგრამ ამ „წამოწყებას“, „გადმოცემას“, „გამოხატვას“ თავისთავად მიმართულება არა აქვს. ინტელექტუალური კომუნიკაცია სულიერში მაშინ არ გადადის (და შედეგიც მაშინ არ დგება), როცა მოსაუბრე ზმნების ან საარვისო პოტენციალს იყენებს, ან - სასხვისოსას. შესაბამისად, ძალიან ბევრ მოსაუბრეს „გარეთ“ გამოაქვს საკომუნიკაციო ველი, ამასობაში კი გარემომცველი გარემო მექანიკურად აცივებს ან აზიანებს ყველაზე მგრძნობიარე და, როგორც ამბობენ, მოწყვლად ელემენტებს. ანდრო დგებუაძე კი ყველას გვეპატიჟება საკუთარი თვითშემეცნების წიაღში („წიაღი“ ერთმნიშვნელოვნად დადებითი სიტყვაა, ის უსათუოდ გულისხმობს სითბოს და სილბოს...). მას ამ სიღრმეების თუ სივრცეების უცნაური გასაღები აქვს, ის  არასდროსაა „მეტალის“, გასაღების ქსოვილად ყოველთვის იყენებს მასა და ჩვენ შორის არსებული განსხვავებების გადაცლის შემდეგ აღმოჩენილ საერთო ქსოვილს და ამ მასალისგან (რა უხეში სიტყვაა!) დაბადებული („შექმნილს“, „გამოძერწილს“ ეს სიტყვა ვამჯობინეთ) „გასაღებით“ აღმოგვაჩენინებს იმ „მთავარს“ „შენში“, „ჩემში“, მრავლობით „ჩვენში, ასე რომ მივაგდეთ და მივივიწყეთ. იქ, სადაც მოსაუბრე გვეპატიჟება, ძალიან მაღალი დონის ინკლუზიურობაა, ძალიან მაღალი დონის ერთობა, რაღაცნაირი კეთილხმოვანებაც კი... 

„მზემდე“

საკუთარი თავის აღება სამუშაო სივრცედ მეტად დიდი გამბედაობაა. ადამიანისეულ „მზემდე“ მისასვლელ გზაზე უამრავი ზედმეტი ფენაა, უამრავი უფორმო და უხეში წინაღობა, სწორედ მათგან ისმის უსახური ხმები, „ცოდვის ხმა“ რომ უწოდა პავლე მოციქულმა. მთავარი სახარებისეული სათქმელია „თუ ხელახლა არ დაიბადე“... იმ დროიდან მოყოლებული, ყველა ეპოქა თავისებურად აახლებს ამ საკვანძო გასაღებს, მეოცე საუკუნის საქართველოში მერაბ მამარდაშვილმა განაახლა ის. ამდენ „ზედმეტს“, ამდენ „ზედნაშენს“ ჩვენს სულებში სჭირდება რაღაც ფუნდამენტური, ე. ი. ხელახლა დაბადება. სწორედ ამის შემდეგ ეძლევა ადამიანს მთავარი ფუნქცია - არჩევანის უფლება, რითაც ის ზეცის უსხეულო ძალებსაც აღემატება. 
ცნება „B წერტილი“ კონცეპტუალურად სახიფათო მოვლენაა, რადგან ის „სხვა“ მდგომარეობაა. „A წერტილი დეტერმინირებული, უარჩევანო მოცემულობაა, შესაბამისად, მასში სახიფათოც არაფერია. A წერტილში“ ვიბადებით პირველად, ხელახლა დაბადების შემდეგ კი კაცისთვის აუცილებელია „B წერტილის“ ძიება. ის კი, რასაკვირველია, მეტად ფართო ცნებაა და მასთან მისასვლელი საკუთარი გზა გვაქვს ყველას. ისევ უკან რომ დავბრუნდეთ, „B წერტილამდე“ ყოველთვის ხელახლა დაბადება, მზის მიგნება და ნათლისღებაა, მანამ კი საწყისის საწყისი, „A წერტილის“ „A წერტილი“ - ღმერთი!
ეს ყველაფერი ე. წ. „ვერტიკალური“, საკუთარ თავში „ჩაბრუნებული“ ფიქრის ანდრო დგებუაძისეული მაგალითებია, ყველა თეზისი საგანგებოდ ღიად რომ დატოვა და თან უამრავი პოტენციური შენაკადის ალბათობა რომ დაუტოვა. 
ადამიანი რომ თავისუფალია, თვითშემეცნების სიღრმეებს რომ ესწრაფვის და არჩევანის უფლება რომ აქვს, ერთი შეხედვით, განუზომელი სირთულეა, არადა, რა მარტივად შემოგვთავაზა ანდრო დგებუაძემ, ჩემი თვითშემეცნების წიაღში გეპატიჟებითო...
ფიქრის კულტურა სკოლის არსის გულისგულია...

 „რა სიშმაგით ღრიალებენ ღორები“
     
ლექსის ეს სტრიქონი გალაკტიონის ე. წ. „საბჭოთა“ ლირიკიდანაა... უცნაურია, მაგრამ ასეა, ორად „ყოფენ“ გალაკტიონს, „პოეზიად“ და „საბჭოთა პოეზიად“, ამგვარადვე საბედისწეროდ „იყოფა“  მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლი იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, ირაკლი აბაშიძე, ოთარ ჭილაძე... მღელვარების გარეშე ვერ შეძლებ იმის გააზრებას, რომ ერთ პინაზე სიკვდილი (ამ სიტყვას ვერ შევარბილებთ!) დევს, მეორეზე - გადარჩენა. დღეს კი ტერორის ულმობელი მანქანის ამსახველი საარქივო მასალა - დაკითხვის ოქმები დევს ერთ პინაზე, როგორც წყარო და წყალგაუვალი მტკიცებულება  და მეორეზე - ადამიანი, როგორც არჩევანწართმეული მსხვერპლი. ეს ისეთი პროპორციაა, სისხლს რომ გაგიყინავს ძარღვებში.
არჩევანის კულტურაზე ქართულ საბჭოთა მწერლობაში ამ საკითხებით ისაუბრა ლევან ბერძენიშვილმა. სწორედ არჩევანი უალტერნატივო გარემოში იყო ამ ეპოქის მთავარი სარკაზმი და სიმძიმე, სიმძიმე იმისა, რომ გამოსავალი არ არსებობდა, რომ გამონაკლისიც არ არსებობდა... არადა, მძიმეა ამის დაჯერება, მძიმე და არაეთიკური. ფაქტი ფაქტია, მას არსობრივად აქვს რაღაცნაირი სიხისტე, ვერაფერს უზამ, მაგრამ ინტერპრეტაციებში უნდა უპოვო ალტერნატივა, სიმართლე თუ არა, გამართლება. სადღაც მაინც ხომ არსებობს ფაქტის კატეგორიულობას აღმატებული, ამდენი სირუხისგან გაფერმკრთალებული სიკეთეები?! გალაკტიონი რომ წერს, „რა სიშმაგით ღრიალებენ ღორები“ - განა მართლა პასტორალურ სიუჟეტს აღწერს ამით?! ერთი წამით რომ შევაჩეროთ ღორების ეს გაშმაგებული ღრიალი და ავტორისეული „მზის“ წიაღში აღმოვჩნდეთ, ასეთ უკიდურეს მყუდროებასა და სიმშვიდეს, ჰაერზე უმსუბუქეს სათქმელს აღმოვაჩენთ: „ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი“... ვისაც ასეთი „სიჩუმის“ უნარი შესწევს, ის ასეთ „ღრიალს“ ვერ აიტანს, სადაც ასეთი სულიერებით გაფაქიზებული ხედვა და სმენაა, იქ ეს „ღრიალი“ სულის ამბოხი და პროტესტია, სხვა არაფერი! ეს არაკეთილხმოვანი ბგერწერა ავისმომასწავებელი ექოა... და „ღორების ღრიალს“ წამში მივყავართ კბოდესთან, ღორების გადაჩეხილ კოლტთან და ყველაზე მძიმე სასწაულთან სახარებიდან... 
„რა სიშმაგით ღრიალებენ ღორები“ - ეს ალბათ სხვა არაფერია, თუ არა აშკარა მხილება და მეტად სახიფათო რისკი, მერა რა, რომ ამ რეალობის შეცვლის შემდეგ უჯრებში ათწლეულობით ჩაკეტილი ნაწარმოებები არ არის ნაპოვნი ქართულ სინამდვილეში...
     
აბრეშუმისმაგვარი

     როცა შემოდგომის ცისფერს დაისის ფერთა პირველი გრადაციული შენაკადები შეუერთდა, სწორედ მაშინ დაიწყო მუსიკალური საათი. მუსიკა დაისს მხოლოდ ერთი რამით ჰგავდა, აბრეშუმისმაგვარობით, თორემ განწყობა დაისისა მას სულაც არ ახლდა... სასტუმროს ვიტრაჟებიდან   ბორჯომის ზომიერი სიმაღლის მთების პანორამა იშლებოდა, გამოღმა კი - ზვიად ბოლქვაძის კონცერტი მიმდინარეობდა. რაღაც ცინცხალი, რაღაც ნედლი იყო ამ მუსიკაში. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჰარმონიას აქ სრულებით სეგმენტირებული, ცალ-ცალკე მდგომი კომპონენტები ქმნიდა. ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ კომპოზიციებში ერთმანეთს კი არ ერწყმოდა ექსპრესია, გამომსახველობითი ელემენტები,  ტექსტი, არამედ თავისთავადი ფუნქცია ჰქონდა სადა, ბუნებრივ, ხშირად ბავშვურად სუფთა და მარტივ ტექსტს, ცოცხალ და კომბინირებულ მუსიკას, გამორჩეულად ექსპრესიულ პანტომიმიკას და, რაც მთავარია, მუსიკალური შორისდებულებით აღსავსე ემოციას. ალბათ ასე შეიძლება ითქვას, მუსიკალური შორისდებულები ყველაზე ღრმა წერტილებიდან მოდის. წერტილებიდან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ე. წ. სოციალიზაციასთან, რომლებიც არავის წინაშე არაფრით არის ვალდებული. მუსიკალურ შორისდებულებსა და სადა სტრიქონებს შორის უზარმაზარი ამპლიტუდები იქმნებოდა და შედეგიც უცნაურად საინტერესო დგებოდა. საერთოდ შორისდებული ერთადერთი ელემენტია კულტურულ მეტყველებით სისტემაში, ადამიანური ცნობიერების მეტყველებამდელ შრეებს რომ ასახავს. ეს უღრმესი და უძველესი „სულის“ ელემენტები, მუსიკალურ რეალობაში ასე ფაქიზად დაცული, მაშინაც კი უხვად იყო ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებაში, როცა ის დათოვლილ ნაძვებს უმღეროდა.
ოფლის წვეთებით დაცვარული სახით ბოლომდე იხარჯებოდა ზვიად ბოლქვაძე, იხარჯებოდა, რადგან იქვე ქმნიდა, მაღალი მუსიკალური მგრძნობელობის მეგობრებთან ერთად ქმნიდა იმპროვიზაციებს საგანგებოდ შექმნილ სცენაზე და არაფერი ჯობდა იმის შეგრძნებას, რომ შენი, დარბაზში მყოფი მსმენელის, ემოციას რაღაცნაირი წვლილი შეჰქონდა მათი მუსიკის რაგვარობაში.
დაისის დასაწყისისას დაიწყო კონცერტი, ეს მუსიკა კი დაისს მხოლოდ ერთი რამით ჰგავდა -  აბრეშუმისმაგვარობით!

პროცესი და არა ფინალი

      ასე ფიქრობს სკოლა, ასეთ საფიქრალს ეძებს მოვლენებში, ფაქტებში, უფრო მეტად კი საკუთარ თავში... აქ ფინალები, დასკვნები და ბოლოთქმები კი არ არის მთავარი, არამედ - პროცესი. ალბათ სწორედ ამიტომ ვერ გამოითქმება ზუსტად, რატომ აქვს ასე აუხსნელი მომხიბვლელობა სკოლას.

ესმა მანია

27.10.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com