GEO ENG
ივნისი 2017
   1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30   

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მოგზაურობა სვანეთში - გზა „მთავარ“ სიკეთემდე

                        „უმი“
მიყვარს ჭექა-ქუხილი, ამ დროს ვრწმუნდები, რომ დედამიწას ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი შემაზანზარებელი ძალა“ - წერდა ერთი მწერალი. ეს განცდა განუშორებლად მიჰყვებოდა მესტიაში ანსამბლ „რიჰოს“ თავიდან ბოლომდე კულმინაციურ ფოლკლორს. მას თეორეტიკოსები ასე შეაფასებდნენ, „უმიაო“ („მოხარშულის“ საპირისპიროდ), „კულტურამდელიაო“ („კულტურულის“ საპირისპიროდ). არადა, სუბსტანციაა მთავარი, სუბსტანცია, რომელიც შემდეგ თავისთავად პოულობს განვითარების საფეხურებს, ფორმებს, ე. ი. „უმობა“ ან „მოხარშულობა“ კი არ არის მთავარი, არამედ  - რაღაცის „უმობა“ და რაღაცის „მოხარშულობა“. არადა, როგორ არ უხდება ასე სეგმენტირებული მსჯელობები იმას, მესტიაში, სასტუმროს დარბაზში იმ საღამოს რომ ხდებოდა. იქ ჭექა-ქუხილივით ისმოდა სიმღერა, რომელიც „მწვერვალით“ იწყებოდა და „მწვერვალითვე“ სრულდებოდა. დანაწევრებულობა, დაშლილობა, გაყოფილობა ბოლოს ერთ წერტილამდე მიდიოდა და საინტერესოა, რომ ამ დაუშლელ უკანასკნელ წერტილში შემადგენელი ნაწილების არათუ კვალი ან ანარეკლიღა რჩებოდა, არამედ სუბსტანციურად „იდგა“ ამ სიმრავლეთაგან ყველა ერთ განუყოფელში. რომ დაგეშალა სვანური სიმღერა, წარმართულსაც იპოვიდი მასში და ქრისტიანულსაც, მკაცრსაც და ლმობიერსაც, საზღვარში ჩაკეტილსაც და საზღვარს გაცდენილსაც, ფუყესაც და უტეხსაც, ქაოსურსაც და კოსმოსურსაც, ხელშესახებსაც და ეფემერულსაც, ნაცდუნებსაც და წმინდასაც, გაუგებარსაც და ახსნილსაც, შურისმაძიებლურსაც და მიმტევებლურსაც, უმზეოსაც და მზიანსაც... ათასწლეულებიდან გამოყოლილი შრეებით არაფერს გაურბოდა სვანური სიმღერა, არაფერი ჰქონდა მისაჩქმალი და დასამალი, მათ შორის ყველასგან დასავიწყებლად გადადებული ახლო წარსულის ნაშთის - საბჭოთა ჰიმნის რაღაცნაირად უხერხული სიტკბო... მისი ძალაც სწორედ ამ პირწმინდობაში იყო. მის პერსპექტივაში ყოველთვის არის ადგილი საკრალურობისთვის, როგორც ლოგიკური და საცდურისთვის, როგორც ბუნებრივი მდგომარეობისთვის. 
   
   სინამდვილეში ეს 82 წლის სვანი ლოტბარის ისლამ ფილფანის პორტრეტის კონტურებია, რომლის  80 წლის იუბილესაც სკოლამ უმასპინძლა და ამ ტრადიციას მომავალშიც განაგრძობს. 

   „მოხარშულობით“ გათანაბრებული საფიქრალიდან ჭექა-ქუხილივით შემაზანზარებელი „ამოვარდნა“ იყო ანსამბლი „რიჰო“.

კონდიცია
   1900, 1950, 2000, 2100-ზე მეტი მეტრი ზღვის დონიდან, ხანდაზმულობამოძალებული ტყის შემრეშილი ფერი, ერთმანეთს შერეული გრადაციული ფერადოვნება, ჯერ კიდევ თხელი ნისლი უფრო მეტად ჰარმონიულ პალიტრაში  რომ სვამდა, პირველი სიცივით გამოფხიზლებული გარემო და წვრილი, აქა-იქ თოვლგარეული წვიმა მიგვაცილებდა კალაში წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტაძრისკენ. იქ, ანალოგიის ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ ერთად იდგნენ სასულიერო პირი და ტაძრის მცველი - ამ ორ აზროვნებას, ამ ორ კონტექსტს უმტკივნეულოდ და უნაწიბუროდ აერთიანებდა რაღაც მთავარი, რომელიც ამ უმზეო დღეს ასე ამზიანებდა ტაძარს. თვალით ხილულიც ბევრი რამ ამზიანებდა იმ დღეს ტაძარს. ეს იყო მესტიის მუზეუმის საკუთრება, მაგრამ, სახელსაც ვერ მოუძებნი, ისეთი შინაგანი ენერგიით მაინც ტაძარში დარჩენილი ჭედური და ფერწერული ხატები, ხელნაწერი წიგნების ყდები, მედალიონები, საწინამძღვრო ჯვრები, ლუსკუმები...
აღიარებულს, ნანახს, გაგონილს რამდენად აღემატებოდა წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტაძარი  პატარა სტოათი, მოუსწორებელი მიწის იატაკით, კლიმატური და ბუნებრივი გარემოს, სანთლის ნამწვავისა და ნაღვენთის კვალით დაძველებული ფერწერით, მაინც ასეთი მკაფიოდ რომ იკითხებოდა იოანე ნათლისმცემლის სრულიად უჩვეულო ფრესკა ვედრების კომპოზიციიდან. ალბათ ამიტომაც, ათჯერ მაინც მიგახდებს უკან ეს ტაძარი ერთმანეთს შერწყმული შიშით და სიყვარულით! 

   ჩნდება შთაბეჭდილება, რომ აქ დრო სრულებით აცდენილია თავის ასტრონომიულ განზომილებას, სიბრტყესა და სივრცეში არსებული ობიექტები კი - სტერეომეტრიულ თუ პლანიმეტრიულ შეზღუდულობას და ფანტომადაა ქცეული კაცის მიერ დაწესებული სამართლებრივი გარემო, რადგან ირგვლივ რაღაცნაირი კონდიციაა, უსახელო კონდიცია...

   ირგვლივ ისევ ხანდაზმულობამოძალებული ტყის შემრეშილი ფერია... გასაოცარი ერთი რამაა, ამ უშინაგანესი კონდიციის პარალელურად, გარეთ ყველაფერი ნეიტრალურია, მშვიდი და უპრეტენზიო. ერთი მხრივ, ამ ნეიტრალობით და, მეორე მხრივ, ამ კონდიციით პირველი და ბოლო დღე გაერთიანდა თითქოს...

ლმობიერება
   უშგული, ჩაჟაშის კოშკთა სიმრავლე, ზვავების ჩასახერგად გამზადებული თხრილები, საზღვრის მცველობის უკომპრომისობა, ურმებში შებმული ხარების ძალა - სვანური სამყაროს ამ ერთგვარ პატრიარქალურ მეტამორფოზაში უცებ ისეთი ლმობიერებით შემოდის ლამარია... ჩვენი მოგზაურობის დღეს მის წინ ნისლის რიდეაფარებულად, მხოლოდ კონტურებით  ჩანდა შხარა. თოვდა უშგულში, თეთრად ეწინწკლებოდა ისედაც რძისფერი სავანე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და თითქოს თვალხილულად ხედავდი, როგორ ტალღებად ავრცელებდა ლმობიერებას ირგვლივ... ეს აბრეშუმის სილბო ამ სილურჯეგადაკრულ ნისლისფერ თოვაში დაუჯაბნავი სილბო იყო და ცვლიდა ყველას, ამ დიდი ძალის ლმობიერ გავლენას გრძნობდა ყველა... 

   და ჩნდებოდა კითხვა: რისთვის იყო ეს ლობიერება, ეს ძიება, ეს არჩევანი, ეს ძალისხვევა, ალბათ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავებულებს იქიდან ამოყოლილი, მართალი მეტაფიზიკური სილბოთი გაერღვიათ კაცის ხასიათში ჩაკირული უღმერთობები, ლამარიას სილბოსავით გადასულიყვნენ ერთიდან მეორეში, მეორედან - მრავალში, მრავლიდან - ყველაში და ასე ევლოთ „მთავარ“ სიკეთემდე.

ზრუნვა
   ვისხედით მესტიის მუზეუმის ერთ კამერულ, თბილ დარბაზში, ვიტრაჟიდან მხატვრის ტილოსავით შემოგვნათოდა მესტიის ღამის გამორჩეული, განათებული პეიზაჟი. ანდრო დგებუაძე საუბრობდა არჩევანზე, ტექნიკური და ეგზისტენციური თვალსაზრისით... საუბრობდა   სხვადასხვა ფაქტორის გაცნობიერებულ თუ უნებლიე გავლენებზე ადამიანის პირად არჩევანზე, საუბრობდა თავისუფლებამდე - ადამიანის მთავარ და ერთადერთ დაუშლელ წერტილამდე მისაღწევ ბარიერებზე, საუბრობდა ფიქრის, დაუსრულებელი, მიზანმიმართული, კეთილგონივრული ფიქრის აუცილებლობაზე. 

   ჩვენი საფიქრალი, სვანეთის რეალობა და ჩვენი მოგზაურობის ერთიანი კონტექსტი მან სტრუქტურულად ასე გამოსახა: სუბკულტურა - კულტურა - ზეკულტურა. ამ აღმავალი გრადაციული გზის მაგალითად კი ისლამ ფილფანი მოიხმო. ფილფანი, რომელმაც ეს გზა გაიარა და რომელიც დაუბრკოლებლად გაუგებს ამავე გზაგამოვლილ, ერთი შეხედვით, მასთან არავითარი კავშირის არმქონე ახალზელანდიელს, რადგან ორივე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საკუთარი მოცემულობებით, თვითონ მივიდა იმ მთავარ წერტილამდე, ყველა ადამიანში საერთო რომაა.

   დედა არასოდეს ცდება, მით უფრო შვილთან... როცა მისთვის ანდრო დგებუაძეს უკითხავს, რა არის კულტურაო, ის, რაც ჟრუანტელს მოგგვრისო, ყოფილა პასუხი. ჟრუანტელისმომგვრელი რამდენი რამეა მესტიის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, დრო რომ მათზე აღბეჭდილა თავისებურ კვალად - გადარეცხილ ფერადოვან ფენად, ჩამოშლილ ფურცლოვან ოქროდ, დალაქავებულ ეტრატად, გაძარცვულ შემკულობად, დეფორმირებულ ჭედურობად, მომწვარ კიდეებად... უფრო მეტი სიცოცხლეა ამ დაზიანებებში... ისტორია ჟრუანტელისმომგვრელ კვალს რომ ტოვებს არტეფაქტზე, ეს კულტურის ერთი ინტერპრეტაციაა, სვანეთისთვის ასე ნიშნეული კულტურის ინტერპრეტაცია.

   მოგზაურობა სვანეთში, ამ გადასახედებით, სკოლის კულტურის ერთი ნაწილია. ეს არის კულტურა, ერთი სიტყვით ასე რომ გამოიხატება - ზრუნვა. ზრუნვა იმაზე, რომ ასეთი მოგზაურობებით, ასეთი აქცენტებით, ასეთი ხაზგასმებით, ასეთი მრავალშრიანობით, ბოლოს და ბოლოს ასეთი ადამიანებით, ვიპოვოთ საკუთარი თავი და ამ გზით - სხვები (სინამდვილეში, ასე ახლობლები). ამაზე დიდი ფუნქცია შეუძლებელია, რომელიმე საზოგადოებაში ოდესმე „კულტურას“ ჰქონდეს. სწორედ „ზრუნვა“ აერთიანებს თავისთავში  ყველა ერთსიტყვიან დეფინიციას, თითოეულმა ჩვენგანმა იმ საღამოს სახელდახელოდ რომ წარმოთქვა. ეს ზრუნვა 9-11 ოქტომბერს ამჯერად სვანეთში მოგზაურობით გამოიხატა. 

   P. შ. მთას ცრურწმენასთან ოდნავ წილნაყარი საკრალურობა აქვს, „მთამ მიგვიღოო“, ასეთ მადლიან მოგზაურობაზე იტყვიან.
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                ესმა მანია
 
 
14.10.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com