GEO ENG
დეკემბერი 2017
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

Sapere Aude

სასტუმრო „ჰუალინგის“ ის დარბაზი, რომელიც დიდი სივრცის, მარმარილოს ეფექტების სიცივის, ეკლექტური სტილის მიუხედავად, გასაკვირ სიმყუდროვეს ქმნიდა, თავისთავად მოგდიოდა ფიქრად, რომ  დევნილობა, როგორც სასჯელი, თვითშემეცნების ახალ გზებს უსახავს ადამიანს! სემინარის დახურვაზე ერთი ასეთი კითხვა დაისვა: შეძლებს თუ არა რუსეთი ამერიკის გარეშე არსებობას და პირიქით, ამერიკა - რუსეთის გარეშე? პასუხი ასეთი იყო: „რასაკვირველია, შეძლებს, მაგრამ რატომ?“ მოსკოვის სამოქალაქო განათლების სკოლა ახერხებს სემინარების საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებას, იმ საკუთარი ქვეყნის გარეთ, რომელმაც ქვეყნის შიგნით მას ეს უფლება წაართვა. რასაკვირველია, ახერხებს, მაგრამ რატომ? ეს კითხვა კითხვად დარჩეს, ბევრჯერაა საჭირო უპასუხო (ან მკაფიო პასუხის მქონე), მაგრამ კითხვისთვის უსათუოდ დასასმელი კითხვები

მეორე მხარეს კი  დევნილობაა. ამგვარ დევნილობას „სასჯელად“  თვითშემეცნების ასე ფორმულირებული გამბედაობა მოაქვს: „SAPERE AUDE“ - გაბედო ფიქრი, გაბედო ბრძნულად ფიქრი! სწორედ ამ „გამბედაობამ“ უფრო მეტი თავისუფლებით მოიყვანა სკოლა  საქართველომდე, თბილისამდე, მერაბ მამარდაშვილამდე, თუმცა მის გარეშე არც მოსკოვის, არც თბილისის სკოლებს 
ერთი დღეც არ უარსებია, რადგან მისეული პრინციპი - ადამიანის ხელახლა დაბადება,  ფიქრისთვის დაბადება - ამ სკოლების მთავარი პრინციპია.  მერაბ მამარდაშვილს ეძღვნებოდა სემინარი, რადგან ფილოსოფიაში, როგორც დისციპლინაში, და ფილოსოფირებაში, როგორც კონტექსტურ, 
შესაბამისად, სამოქალაქო ქცევაში (ე. ი. საკუთარი თავის სხვა ადამიანის გვერდით (და არა, ვთქვათ, შენ გვერდით სხვა ადამიანის) მოაზრებაში, „მეზობლის“ საზრისის გაგებაში) არის სწორედ 
ხელახლა დაბადების პოტენციალი.
 
„SAPERE AUDE“ - ამ კონტექსტში სემინარი იმპერიული აზროვნების ჩიხებსა და რუსული აზროვნების სტერეოტიპებსაც შეეხო, დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა ადგილსაც პოლიტიკაში, რუსეთის არაერთგზის უშედეგო დაბრუნებასაც ევროპაში, მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის არატოლფარდობასაც, იმასაც, თუ რატომ ითარგმნება ცუდად რუსულად ცნება „modernity“ და იმასაც, რა ხდება, როცა ერი ცდება... და ეს ხდებოდა ისეთი მგრძნობიარე დისკურსის ფონზე, როგორიც არის ეთნიკური საკითხი, კულტურის პოლიტიკა, ბიოლოგიური ეთიკა, კონფლიქტური გარემოები გლობალურ სამყაროში. 

ამ ყველაფრით ინტელექტუალურ დღესასწაულს ჰგავდა მოსკოვისა და თბილისის სკოლების სემინარი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, საფუძვლად სულიერება ჰქონდა, კომპონენტებად  - ცოდნა, განვითარება, განათლება,  კულმინაციად - „SAPERE AUDE“ (საგულისხმოა, რომ ამ კულმინაციით მხოლოდ იწყება...).

პროცესებს, რომლებიც იმ დარბაზში ხდებოდა, სამუშაო თემატიკისა და მეტად 
წარმომადგენლობითი საექსპერტო წრის გარდა, ადამიანური ურთიერთობები, გულახდილობა, სითბო ხდიდა დღესასწაულად. 

სამოქალაქო განათლების მოსკოვის სკოლის დამაარსებელმა ლენა ნემიროვსკაიამ სემინარის გახსნისას თბილისის სკოლისადმი დამოკიდებულება ასე გამოხატა: „თბილისის სკოლამ ყველა ჩვენგანს მოგვცა ბოდიშის მოხდის საშუალება“... მხოლოდ ამ სიმაღლის პასუხისმგებლობით, მხოლოდ ასეთი ეთიკურობით, მხოლოდ ასეთი სიყვარულით აქვს აზრი კანტის თეზისს „SAPERE AUDE"

სემინარი 26 სექტემბერს, სოხუმის დაცემის წინადღეს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ დახურა. სოხუმის დაცემის, ამ უძიმესი ფაქტის წინადღეს 120-კაციანი რუსული აუდიტორიისთვის ეს სათქმელი გვქონდა - „მარავალჟამიერის“ შემართებით, „წინწყაროს“ ესთეტიზმით, კრიმანჭულის სისხარტით, მეგრული სიმღერის ლირიზმით, აფხაზური სიმღერის 
სიდარბაისლით გამოხატული სათქმელი. ამ სხვადასხვაგვარმა მუსიკალურმა განწყობამ იმ საღამოს მსხვერპლის სათქმელიც თქვა და მონანულისაც...

                                                                                       ესმა  მანია 
30.09.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com