GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

თვითშემეცნება - სემინარის კულმინაცია

 „დრო“ და მისგან ნაწარმოები სიტყვები

სხვათა შორს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარის პროგრამა ხშირად შეუმცდარ საზოგადოებრივ ტენდენციებსაც ასახავს. საგულისხმოა, რომ სკოლის დაკვირვების ობიექტმა „ძირითადი გამოწვევებიდან“, „მთავარი პრობლმებიდან“ შეუმჩნევლად გადაინაცვლა უფრო ღრმა შინაგან ფაქტორებზე, როგორც, ერთი მხრივ, თვითშემეცნებისა და, მეორე მხრივ, დემოკრატიზაციის პროცესის შემაფერხებელ ფარულ წინააღმდეგობებზე. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად სკოლამ მედროვეობა მიიჩნია. რადგან მედროვეობა ნიშნავს კონიუნქტურის სამსახურს,  ფასეულობების უკიდურეს მარგინალიზაციას, იმ პრინციპების უქონლობას, რომლებიც დროზე მაღლა დააყენებდა ადამიანს...

პროზაული ქვესათაურიც სასაუბრო თემამ მოიტანა. სწორედ პროზაულობა, გახსნა, განქიქება, ღრმად ჩასვლა და დაკვირვება სჭირდება ყველა ნიღბიან, შემოპარულ და შემოჩვეულ მანკიერებას, თორემ ფართომასშტაბიანი და გლობალური ისედაც მკაფიოდ ჩანს.

„დროთი“ ნაწარმოებ ორ სიტყვაზე ისაუბრა ლევან გიგინეიშვილმა: დროული და მედროვე, „დროულობა“ ილია ჭავჭავაძეს დაუკავშირა, „მედროვეობა“ - ყვარყვარე თუთაბერს და ამით საზოგადოების ცნობიერების შესაბამისი შრეების გაფილტრვა სცადა.

როცა სული ამბობს...

როგორ სასხვათაშორისოდ, საყოფაცხოვრებო ნარატივის კონტექსტში, ყოველგვარი ზეაწეულობისა და განყენების გარეშე ახსენა ანდრო დგებუაძემ ფრაზა - „სული ამბობსო“ და ადამიანის სულის ღრმა შინაგან პერიპეტიებზე, ღრმა შრეებზე დაიწყო საუბარი. არადა, სხვაგან ასეთი საუბრები, ტრადიციულად, სამწუხაროდ, ძალიან შორს დგას საზოგადოებრივი ცხოვრების კონტექსტისგან. ჩვენ მათ ხშირად ვისმენთ განყენებულად, გათიშულად, დანაწევრებულად, ისე, თითქოს სული სხვა იყოს და დანარჩენი კაცობრიული მონაცემი - სხვა... იქნებ ამიტომაცაა, რომ საზოგადოება ასე ხშირად იტანჯება როლური კონფლიქტებით.  როლური კონფლიქტები კი თვითშემეცნების დაბალი ხარისხიდან მოდის. ორი უკიდურესობა ჩვევიაო ადამიანს, ან საკუთარი თავიდან გასვლა, ან მხოლოდ საკუთარ თავში დარჩენა, არადა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ განვითარდება თვითშემეცნების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი არაფრისმთქმელი თეორია თვითშემეცნების გარეთ - უტილიტარიზმი, ლიბერტარიანიზმი... სინამდვილეში კი, ჩემსა და გარე სამყაროს შორის ბუნებრივი, ლოგიკური შეხებების წერტილებია, რომლებიც მე სულად და ხორცად, ან ცხოვრებად და შემოქმედებად კი არ  მანაწევრებს, არამედ თვითშემეცნების გზაზე მაყენებს, სადაც ეს სეგმენტები ერთმანეთის დანამატები კი არ არის, არამედ - განუყოფელი ერთიანობა. ასეთი სიმაღლეც არსებობსო, - ამბობს ანდრო დგებუაძე, - იმდენ რამეს გავეცანი, რომ ვიპოვე საკუთარი თავი... და როცა საკუთარი თავის შემეცნებას  და საკუთარი მისწრაფებების გაცნობიერებას იწყებ, სწორედ მაშინ გეძლევა, ერთი შეხედვით, დამთრგუნველი თავისუფლება - შენ თვითონ უნდა შექმნა შენთვის სასურველი მოდელირებული სახელმწიფო. მე რომ სულიდან ამოვდივარ და საზოგადოებრივი მოწყობის ჩემეული ფორმის ძიებას ვიწყებ, სწორედ ამ წერტილიდან იწყება როლური კონფლიქტის დაძლევის პროცესი. ჩვენი სასემინარო დავალებაც სწორედ ეს იყო, არა ხელოვნური პოლიტიკური და სოციალური მოწყობებით სახელმწიფოს სასურველი მოდელის ფორმირება, არამედ -  საკუთარი თვითშემეცნების  კონტექსტიდან გამომდინარე.

ისე, საინტერესოა ერთი დაკვირვება, როგორც კი მოვშორდით საკუთარ სულს და თუნდაც ბუნებრივად, თუნდაც ლოგიკურად გადავაბით საზოგადოებრივი ცხოვრება, თავისთავად დაიტვირთა სათქმელი, შაბლონს და სტერეოტიპს ვერ დავარქმევ, მაგრამ რაღაც იმდაგვარით, დაიტვირთა უამრავი ტერმინით - სახელმწიფო მოწყობა, სოციალური მოწყობა, ადმინისტრაციული დაყოფა... ამიტომ სადმე რამე ფორმალობა, რამე ხარვეზი რომ არ გაპარულიყო, ანდრო დგებუაძემ უალტერნატივო ფორმულა იპოვა - შექმენით სახელმწიფო, როგორსაც საკუთარი შვილისთვის ისურვებდით.   ამით ყველაფერი ნათქვამია, ამით ყოველგვარი პირობითობა მოსხნილია. და როგორი სასურველია საზოგადოება, სადაც სახელმწიფო შენდება ყოველგვარი მანკიერებისგან განტვირთული კრიტერიუმებით, შენდება შვილისთვის!

ეს „უსაინტერესოესი“, „უღრმესი“, „უშინაგანესი“ პროცესიაო, ეპითეტების ხარისხის აღმატებული ფორმებით საუბრობს ანდრო დგებუაძე და გრძნობ, რომ რაღაც ისეთ სიფაქიზეს ეხება, საკუთარმა გაუხეშეხულმა მანერებმა სრულებით რომ გადაგვავიწყა, არადა, თურმე შენს თავს რომ მოუსმინო, იქ სიცარიელე კი არა, უკეთესი მუსიკა დაგხვდება, თურმე შენს თავს რომ მოუსმინო, სულისას გაიგებ...

თამაში სოლიდური თემატიკით

ერთადერთი შეუზღუდავი საზოგადოებრივი აქტივობაა თამაში. თამაშს ჰგავდა ვინაობის აღმნიშვნელი სადგამების არარსებობა და საკონფერენციო დარბაზში თავისუფლად განთავსების შესაძლებლობა, ოღონდ მხოლოდ რეგლამენტირებულად, ერთი დღით, მეორე დღეს ისევ უნდა შეცვლილიყო დარბაზის კონფიგურაცია... ერთგვარ თამაშს ჰგავდა დემოკრატიული ცხოვრების განხილვა შვეიცარული, თურქული, ქართული გამოცდილებით, სადაც არც ერთი მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. სწორედ თამაშის დისკურსში საუბრობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გველეშაპზე, უარყოფითი ძალის დამარცხებასა და გამარჯვების ეიფორიით სამოქმედო უნარების ატროფიაზე... კიდევ ერთი საგულისხმო თამაში იყო მის ნაუბარში, თამაში მტრობასა და კონკურენციაზე.

დღესაც მკაფიოდაა დარჩენილი გონებაში ქართული ეკონომიკური თამაშის აზიმ სადიკოვისეული (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელი საქართველოში) კომპონენტები: ინვესტიცია, მონეტარული პოლიტიკა, მთავრობის ვალი, ეკონომიკური პერსპექტივები, ცენტრალური ბანკის ფუნქცია, ინფლაცია, ფასების სტაბილურობა, საპროცენტო განაკვეთი...

უზარმაზარი თავისუფლება, შესაბამისად, დიდი შესაძლებლობებია თამაშში, სოლიდური თემატიკის თამაშში - მით უმეტეს!

 

ლოგიკური ხარვეზი

ფილმის ჩვენების შემდეგ ცისფერ დარბაზში მიხეილ ჯავახიშვილმა, გიორგი წამალაშვილმა და ანდრო დგებუაძემ  ექსპრომტად შეასრულეს ღვთისმშობლის საგალობელი  „შენ ხარ ვენახი“. თითქოს პირველად და თითქოს უკანასკნელად გალობდა  (ეს სიტყვა როგორ შეესაბამება შესრულების მისეულ მანერას) მიხეილ ჯავახიშვილი, თითქოს ეს მისი ენერგია ერთადერთი იყო, რომელსაც შრესა და შრეს შორის, ამოსუნქვასა და ამოსუნთქვას შორის, ფიქრსა და ფიქრს შორის ხარვეზის ამოვსება შეეძლო. გალობდა მიხეილ ჯავახიშვილი მიკარგული პასტორალებიდან, უკაცრიელი გამოქვაბულებიდან, უწყლო და უნაყოფო უდაბნოებიდან და მის  ანაქორეტობიდან მოყოლებულ, ახალმოწამეობრივი ნამსახურეობით დამთავრებულ, გაუზულუქებელ ხმასა და ბგერას აქ, ჩვენთან, ბორჯომში, სასტუმროს ცისფერ დარბაზში საკმევლის სურნელი ასდიოდა, გიორგი წამალაშვილი თავისი წელში გამართული ბგერით ეყავარჯნებოდა საგალობელს და ანდრო დგებუაძე ბანს ამბობდა და თანაც ეჭვქვეშ აყენებდა საგალობლის უკანასკნელი აკორდების სისწორეს, რაღაცნაირ დანაკლისს გრძნობდა და ეს რამდენჯერმე გაიმეორა კიდეც.

არ ცდებოდა შემსრულებელი, ამ სამყაროში, არც აქამდე და რაც ამას იქით, არასოდეს შესრულებულა და შესრულდება უხარვეზოდ „შენ ხარ ვენახი“ და ეს ყველაზე მართალი მდგომარეობაა. ლოგიკურია, რომ ეს ხარვეზი ვოკალურ, პოლიფონიურ, ტექნიკურ, აკუსტიკურ სრულყოფილებას ყოველთვის და ყველაგან მაინც ძლევს... ამას უხერხულობასავით გრძნობდა ანდრო დგებუაძე, რომელსაც თურმე საკუთარ ფიქრთან დაბრუნებას მუსიკის მასწავლებელი ასე ასწავლიდა: უნდა აეღო სამი ნოტი:  ჯერ პირველი, შემდეგ მეორე პირველი ნოტის ჟღერადობის გარდამტეხ დაღმართზე, მესამე კი მეორე ნოტის იმ კონდიციამდე, სანამ ბგერის განვითარებას დასასრულის პირველი ნიშნები შეემჩნეოდა... ამის მისაღწევი 10-15-ჯერადი მცდელობის შემდეგღა იყო ბავშვი მზად მუსიკალური ფიქრისთვის.

ეს მზაობა მუსიკალური ფიქრისთვის ასე ეტყობოდა მიშოსაც, გიორგისაც, ანდროსაც, საკმევლის სურნელიან საგალობელსაც და მის ლოგიკურ ხარვეზსაც.  

საგალობელს ასრულებდა სამი პროფესიონალი, სინამდვილეში პროფესიონალიზმი პროფესიული უნარ-ჩვევებით კი არა, თვითშემეცნების ხარისხით იზომება.

სხვათა შორის, სემინარი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დაარსების 90 წლისთავს მიეძღვნა და აკომპანემენტივით გასდევდა მთელ სემინარს მუსიკალური „სილბო“.

ძალდაუტანებელი, ე. ი. არისტოკრატული...

სასადილოს დარბაზი კია, მაგრამ არავინ პატიობს აკუსტიკურ ჩავარდნებს... შემსრულებლის სავარძელიც მოუხერხებელია, მით უმეტეს, მისივე თქმისა არ იყოს, არც ოცი წლისაა, მაგრამ მაინც არავინ პატიობს ხარვეზს...  არც ორკესტრი ჰყავს, მაგრამ არავინ პატიობს ჰარმონიის ნაკლებობას... და მომთხოვნ მსმენელს ეს მიდგომა უხერხულობას იმიტომ არ უქმნის, რომ საკუთარი შემოქმედებისადმი მაღალი მოთხოვნები მსმენელის მხრიდან თვით შემსრულებლის დირექტივაა!

ჩვენ წინ მანანა მენაბდე დგას ზღვრულად მცირე ტექსტით, პლასტიკასაც რომ ვერ დაარქმევ, ისეთი „მოკვეცილი“ მოძრაობებით, „ფრაგმენტებად დაჭრილი“ ჰარმონიით, მხოლოდ გვირაბების თავთან რომ გაყენებს  და არაფერს გაძალებს, ასე, არისტოკრატულად... დიახ, არ გაძალებს - გინდა მოგეწონოს, გინდა - არა, ის ასეთია, სხვაზე გათვლით და დაკვეთებით არ იქმნება. საჭიროზე მეტად მკაფიოა მანანა მენაბდეს მუსიკალური ესთეტიკის სწორედ ეს სტრატეგია, თუმცა რა ხმამაღალი ნათქვამია: „სტრატეგია“... რჩება შეგრძნება, რომ  მისი სიმღერა ინტელექტუალურია. იქ  თავისი ადგილი აქვს თავშეკავებულობასაც და „გაგიჟებულ“ განცდასაც; რასაკვირველია, იშხნელ ბებიებსაც; თბილისურ, მოსკოვურ, ბერლინურ გამოცდილებასაც და აღმოსავლეთის შემეცნებასაც; თვითნაბად მუსიკასაც  და ე. წ. მანერულ-ქალაქურსაც; იამბიკოსაც, ოდასაც, შაირსაც, მუღამსაც; ჟარგონსაც და არქაიზმსაც, უმსუბუქეს განწყობასაც და დრამატიზმსაც და, რაც მთავარია, რომც ეცადო, ვერაფრით გაყოფ ერთმანეთისგან პოეზიას და მუსიკას, მუსიკას და პოეზიას, ვერაფრით მიაკუთვნებ ან ერთს, ან მეორეს უპირატეს ადგილს. და კიდევ უფრო მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ძალდაუტანებელია მის შემოქმედებაში, ძალდაუტანებელი, ე. ი. არისტოკრატული... საქმე ისაა, ძალდაუტანებელი სილაღე შედეგს ეტყობოდეს  და, პარადოქსია, მაგრამ რაც მეტია წინააღმდეგობა პროცესში, მით უფრო „მშვიდია“ შედეგი.  ბერლინში მცხოვრებმა მომღერალმა მისალმებისას ასეთი რამ ახსენა, „თურმე საკუთარ თავს ვერსად გაექცევი“... და ეს „ნაბრძოლობა“, საკუთარი თავის „ძერწვის“  გამოცდილება მისი შემოქმედების შედეგს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მშვიდ ანალიტიკად ეტყობა.

რატომღაც ველოდი, ვარდებს მიართმევდნენ, ისე, შაბლონურად ველოდი, ის კი არ გამიაზრებია, რომ ამ სენტიმენტს აღემატება მანანა მენაბდეს შემოქმედების და ცხოვრების ხასიათი (ერთი პირადი მოცემულობის „ცხოვრებად“ და „შემოქმედებად“ დაყოფაც ჩვენი მეტად ხელოვნური გამოცდილებაა...). მართალია, იმდენი „ბულბული“ და იმდენი „ვარდია“ მანანა მენაბდეს შემოქმედებაში, მაგრამ, ნუთუ არ დამეთანხმებით, ვარდები მაინც არ მოუხდებოდა მას...

სკოლის სამიზნე

2-3 ივლისის სემინარი ამ ჯგუფისთვის უკანასკნელი ქართული სემინარია, ერთგვარი სიმძიმეც ახლადა ამ შეკრებას და სკოლის ერთიან ქსოვილში ჩართვის სიხარულიც. სინამდვილეში სკოლის მთელი წლის მუშაობის შედეგიც და ჯგუფის განწყობაც პირადი მაგალითით ახსნა სკოლის ერთმა მსმენელმა - სამი ტყუპი ჩვილი შვილის დედა უსინანულოდ ტოვებს ამ სემინარისთვის ბავშვებს,  დარწმუნებულია,  მათთვისვე სასარგებლოდ.

ეს პატარა ამბავი, სინამდვილეში - დიდი და ღრმა საგა,  რაღაცით ეხმიანება თამაშს ისეთი სახელმწიფოს შესახებ, როგორსაც საკუთარი შვილისთვის ისურვებდა ადამიანი. ზოგჯერ ეპითეტი მხოლოდ აკნინებს ან აუხერხულებს სათქმელს - საკუთარი შვილისთვის ასაშენებელი ქვეყანა ნამდვილად არ საჭიროებს ეპითეტს!

ამგვარი ქვეყანა სკოლის ერთ-ერთი ნიხრიცაა და სამიზნეც... ეს „შედეგი“ კი „უსაინტერესოესი“, „უღრმესი“, „უშინაგანესი“ პროცესით - თვითშემეცნებით იწყება.

                                                                                                                                    ესმა მანია

                                                                                     

08.07.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com