GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ნინოობა სილბოთი და სიმარტივით

იმ ნინოობადღეს ისევ ერთად ვიყავით, რაღაცნაირი გემო დაჰყვება ამ ერთობას... „ისევ ერთად“ - ასე მარტივად რომ ვამბობთ, „გემო დაჰყვებაო“ - ამასაც ასე მარტივად, ასე ადამიანურად რომ ვამბობთ, სინამდვილეში მადლის და კეთილი ძალის დიდი მოქმედებითაა... ისე, მადლის და სიკეთის ბუნებაც სიმარტივეა, სიმარტივე, რომლის წინაშეც ყოველგვარი სისასტიკე, ყოველგვარი კომბინაცია, „ეტლებიანები“ და „ჰუნებიანებიც“ იხევენ უკან, ნინოსა და მისი ჯვრის წინაშე მთელმა უღმერთობით ამბოხებულმა სამყარომ დაიხია უკან... მას შემდეგ ჯავახეთის უმკაცრესი ზამთრები უმსუბუქესი სილბოთი გაჯერებული ზაფხულებით იცვლება... ამ სილბოს განცდა ნინოობადღეს ყველაფერშია - ფარავნის ტბის ფერსა და სიმშვიდეში, ცის ფერში, მინდვრის ყვავილთა გვირგვინების ფერში, ნიავის ქროლვაში, სიმწვანეში, შენ რომ ირეკლავ და შემდეგ სიცოცხლედ (და არა სიცოცხლესავით!) რომ მკვიდრდება შენში.

   სწორედ ეს სიმარტივე და სილბო, ჩვენდა უნებურად,  გვცვლიდა ჩვენც, უფრო სწორად, კი არ გვცვლიდა, ნამდვილ სახეს გვიბრუნებდა, ათასი შრით გადაფარულ ისეთ სახეს, საღამოს ტბის ენა რომ ესმოდა... საღამოს ტბისა, თამარ მეფის არეკლილ სახეს, მზის ჩასვლისას, საღამოს მოსულ მის განწყობებს დღემდე რომ ინარჩუნებს...

   იმ ნინოობადღეს ისევ ერთად ვიყავით ფარავნის ტბასთან, ღია საკურთხეველთან, უამრავ სასწაულთან, რომელსაც, ისევე როგორც მადლს და სიკეთეს, მარტივი ბუნება აქვს, მარტივი და უკიდურესად ბევრის მიმღები, ბევრის შემწყნარებელი! „მღვრიემდე გაგვიმარჯოსო,“ როგორ მოგვხიბლა თავის დროზე ამ სწორხაზოვანმა ფრაზამ, თუმცა სასწაულის ხასიათია ისიც, განვითარების ყველა გზას რომ უშვებს: „მღვრიემდე“ სიცოცხლესაც, „მღვრიეში“ სისუფთავესაც, „მღვრიეში“ ამღვრევას და შემდეგ გონს მოსვლას  და კიდევ ბევრს, ბევრ შეუცნობელ გზას...

   იმ ნინოობადღეს ისევ ერთად ვიყავით და თითოეული ჩვენგანის კანს დატყობილ ალპური მზის ანაბეჭდთან ერთად, სიხარულად და სიმსუბუქედ მოგვყვა სიმარტივე, თავისთავად რომ ქმნის წნიდა ნინოს წიაღი და ძალიან ხშირად ასე რთულად და მიუღწევლად რომ გვეჩვენება „ეტლებსა“ და „ჰუნებზე“ ამხედრებულებსაც კი...

   P. S.  იმ დღესაც ალბათ ასე ერწყმოდა ერთმანეთს ტბის და ცის ფერი...

   იმ დღესაც ალბათ კონტრასტს მხოლოდ მთის ფერდობებს შერჩენილი თოვლის ფრაგმენტები ქმნიდა... 

    მაგრამ იმ დღეს ეს პატარა სოფელი, დღეს რომ ფოკა ჰქვია, რაღაცით არ ჰგავდა თავისთავს, როგორც გვიან, სახეობრივად იტყვიან, იმ დღეს  მან იგრძნო რაღაც ფუნდამენტური ცვლილების მოლოდინი, იგრძნო, რომ „ბარში ვარდნი ჰყვაოდნენ“, სულიერების ვარდნი, ჯავახეთის მთებში კი  „ქარიშხლები ბღაოდნენ“, უღმერთობის ქარიშხლები...

   იმ დღიდან, რაც გაუხეშებულმა სამყარომ უკიდურესი ლმობიერებით დაუწყო ლოდინი ქალწულ ნინოს, უკან დაიხია უღმერთობის აბღავლებულმა ქარიშხალმა... და  მოიტანა   სიმარტივე და სილბო, როგორც მადლის, სიკეთის და სასწაულის შედეგი.

                                                                           ესმა მანია
03.06.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com