GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

რ ე მ ა რ კ ე ბ ი

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარი 19-20 თებერვალს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ გაიმართა. ეს რემარკები სემინარის ძირითადი იდეის, მიმართულების, ხასიათისა და განწყობების რეკონსტრუქციის ერთგვარი მცდელობაა...
დილემები

,,ვინც დროებითი უსაფრთხოებისთვის თავისუფლებას თმობს, ის არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას“ – რუზველტის ამ სიტყვებით დაამთავრა თავისი გამოსვლა  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ (ამის მითითება საჭიროდ მიგვაჩნია!) ივლიან ხაინდრავამ. უსაფრთხოება და თავისუფლება სემინარზე წამოჭრილ დილემათა შორის ერთ-ერთი იყო. საქმე ისაა, რომ რუზველტის ნათქვამში დილემის სირთულე გადალახულია, ქართულ სინამდვილეში კი ჯერ კიდევ – არა. 
დილემის ელფერი ჰქონდა შვეიცარიის ელჩის – გიუნტერ ბეხლერის რეპლიკასაც: ,,ერთ-ერთ გერმანელ მაღალჩინოსანს ჰკითხეს: „გიყვართ თუ არა თქვენი ქვეყანა? უპასუხა: მე მიყვარს ჩემი ცოლი!“ ისე, კაცმა რომ თქვას, საფიქრალია, ეს მიდგომა დილემაა, თუ ბუნებრივი მდგომარეობა. სახიფათოა, დაეთანხმო ამ პასუხს, ჩვენ ხომ ასე გვასწავლიდნენ: „არაფერია, მე მგონი, ახლაც, – ღირსი დადგომის მამულზე მაღლა“... იმის მწარე ხვედრსაც გვასწავლიდნენ, ვინც ეს ტრადიცია და ეს გრადაცია უარყო (რამდენი რამ გვეხვია და დღესაც გვახვევია თავს!)...
დილემაა ისიც, მკაფიო ინდივიდუალიზმის მაღიარებელი ქვეყნის – გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა რა სიბრძნეს მიაგნო ილიას ფრაზაში: ,,ვაი, იმ ხალხს... საცა „მე“ ხშირია და „ ჩვენ“ – იშვიათი“... 
თუ მოძრაობას, მოძრაობის წესებს დემოკრატიის, დემოკრატიული პროცედურების მეტაფორად მივიჩნევთ, დილემაა მოძრაობის გამომხატველი -იარ- და -ვალ-ფუძიანი ზმნების  სიმრავლის ქვეყანაში დემოკრატიის არსებული ხარისხი...
სკოლას არც ათენისა და იერუსალიმის ურთიერთკავშირის „ვეფხისტყაოსნისეული“ დილემა გამორჩენია.
ერთი მხრივ, მძიმეა დილემებით ცხოვრება, მეორე მხრივ კი, მისი არარსებობა აუნაზღაურებლად შეამცირებდა და დააკნინებდა სააზროვნო სივრცეს,  ერთადერთი ფაქტორი კი, რომლის წინაშეც უკანა პლანზე იწევს დილემები, სიკეთეა! ამის მაგალითი სემინარზე ნაჩვენები 1956 წლის ოსკაროსანი ფილმია, ფერადი ბუშტებით გამოხატულმა ტრანსცენდენტურმა, დღევანდელი გადასახედით, ცოტა გულუბრყვილო სიკეთემ როგორ გასცა პასუხი ყველა შეკითხვას, გაურკვევლობას, როგორ აღემატა ის ფიზიკურ ძალას  და როგორ დაახასიათა საზოგადოება, ისინი, ვინც შექმნა ფილმი და ისინიც, ვინც საოსკაროდ  შეაფასა ის. 
ამდენი და ასეთი საფიქრალი აქვს სკოლას!

რაც სიმართლის ძიებას ჰგავს

სიმართლის ძიებას ჰგავს ეს მუსიკა, პროცესს და არა შედეგს... შენც მონაწილეობ მის შექმნაში, თანამონაწილეობის ეს განცდა შესაქმის ასოციაციებს ჰბადებს. სიმართლის ძიება-მეთქი,  ეს მუსიკაც სიმართლესავით ათასი კომპონენტის, ათასი სტილის, ათასი გემოვნების, ათასი ტოპონიმის ზღვარზე დგას, ისიც, სიმართლესავით, გარდამავლობებშია საძებარი. ალბათ ამიტომაც, ბორჯომის ლურჯ დარბაზში მოსმენილი მუსიკის საბოლო შედეგები არა მხოლოდ ესთეტიკაზე, არამედ ღრმა შემეცნებაზე გადის...
ის ვერტიკალურ ვექტორებსაც მოიცავს – ეთნოსებს, მხატვრულ სტილებს, ჟანრთა მრავალფეროვნებას, ინსტრუმენტთა სიმრავლეს, ტექნიკურ და ელექტრონულ დანამატებს, და ჰორიზონტულსაც – სიძველეს, წარსულს, საუკუნეებს, ისტორიის ცირკულარულ გაგებასაც (ათენური რომ შეიძლება ვუწოდოთ) და ქრონოლოგიურსაც (იერუსალიმურს რომ უწოდებენ), ე. ი. წარმართულსაც და ქრისტიანულსაც. ის კულტურული აზროვნების სინატიფითაც არის დამუხტული და პირველყოფილი გრძნეული ვნებითაც. აქ სიტყვები, უმეტესწილად, შორისდებულები და მხოლოდ მუსიკისთვის შექმნილი ბგერათშენაერთებია, მომთაბარულიც და მაღალკულტურულიც, ცოტა თამამი კაცი მასში  მეტყველების დანაწევრებამდელ შრეებსაც იპოვის და სახელმწიფო-ლევიათანობამდელ ერთობასაც...
მიხეილ მდინარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, გიგა ლოლაშვილი ქმნიან ასეთ მუსიკას. მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გაყინული, გაქვავებული კომპოზიციები კი არა, ყოველწამიერი იმპროვიზაციის ნაყოფია, რაც ამ მუსიკოსების ცოცხალ კომუნიკაციებში გამოიხატება. იმპროვიზაცია ხომ სიცოცხლეს ნიშნავს! 
ჟანრთა სტილთა, ეპოქათა, პერსონაჟთა, ტოპონიმთა ერთობაში მაინც იკვეთება ორი რამ, ორი დომინანტური რამ: მიწა და ვაზი! ამ ორ რამეში ყველაზე მეტი თავისუფლებაა, შესაბამისად, ყველაზე მეტი შედეგი.
ამ მუსიკის ხარისხს მუსიკოსთა ფაქიზი მგრძნობელობა განაპირობებს, მათ შესანიშნავად იციან, რა დამატებითი პლასტებიც შეაქვს მათ შემოქმედებაში ტექნიციზმს, რა ხარისხით აუხეშებს ელექტრონული შესაძლებლობები თავიდან ჩაფიქრებულ მუსიკალურ სინედლეს და ეს მოცემულობა, როგორც ეპოქის დანამატი, როგორ აიძულებს მათ მუდმივ ძიებას...
კონცერტის დროს დარბაზში ყველაზე მეტად ორი ადამიანი ღელავდა – მიხეილ ჯავახიშვილისა და მიხეილ მდინარაძის მეუღლეები... მათი ოჯახი და შემოქმედება გაყოფილი რომ არ არის, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა...
მათი მუსიკა სიმართლის ძიებას ჰგავს, ამ გზას კი თავისთავად მოაქვს ორიგინალობა.

კამათზე მაღლა
 
კამათი ყველაფერზე შეიძლება – გემოვნებაზე, იდეაზე, ხარისხზე, მსოფლმხედველობასა და წარმოდგენებზეც კი. ზოგჯერ ის აუცილებელიც კია, დემოკრატიულ დისკურსში – მით უმეტეს! თუმცა არსებობს ვითარებები, კამათი არაკორექტულობად, თუ პირდაპირ ვიტყვით, გულგრილობად რომ მიიჩნევა. გულგრილი იმ ერთ საოცარ საღამოს არავინ დაუტოვებია. არ დაუტოვებია ისინიც კი, ვისაც ადრე სხვაგვარად შეუფასებია, სხვა დამოკიდებულება ჰქონია.  ბორჯომის სემინარს მოსკოვიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული  თამარ გვერდწითელი სტუმრობდა. კამერულ კონცერტზე მომღერალმა ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მათგან ერთი რუსულად და ერთი ფრანგულად. 
კაცის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ სითბო რატომღაც ახალზე მეტად, ნაცნობს, ნაგრძნობს, ძველს მოაქვს. ამ რეტროსებურად ახმიანებულმა საღამომ ჩვენი ესთეტიკის რაკურსები სრულებით სხვა მხრივ მიმართა. ესთეტიკის იმ მხარეს უკომპრომისოდ ძლიერი ვოკალი, უკანასკნელ ბგერამდე უკიდურესად დამუხტული ემოცია, თავდაუზოგავი შემოქმედებითი ენერგია და რაღაცნაირი, ბუნებრივზე მეტი მოკრძალება იყო...… როიალთან მჯდარი თამრიკო გვერდწითელი თავისი ემოციური მუსიკის ფონზე ერთიანად თრთოდა, თრთოდა სიხარულისგან, სამშობლოს განცდის თავისებური მდგომარეობისგან, ვერ იტყოდი, რას უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, სიტყვას თუ ბგერას... როგორ ჰზრუნავდა სინქრონზე, რა მიმიკებით ასწორებდა ანსამბლთან სიმღერის დროს აქა-იქ გაპარულ ხარვეზებს...
ჟრჟოლა და ჟრუანტელი, მით უმეტეს, ცრემლი, კარგა ხანია, ზოგადად, მხატვრული, განსაკუთრებით კი, მუსიკალური ესთეტიკის მიზანდასახულობა სულაც არ არის. მსმენელზე ზემოქმედების სწორედ ამ შედეგს ისე თვალნათლად გრძნობდა იმ საღამოს შემსრულებელი... 
თამრიკო გვერდწითელს მომხიბვლელობა, არაერთი გაგებით, არასდროს აკლდა, მაგრამ იმ საღამოს გამორჩეული იყო თავისი მღელვარებით, ყოველი ნომრის წარდგინებისა და აპლოდისმენტების პარალელურად რომ გამოხატავდა, თავისი ორი საკონცერტო კოსტიუმით, მხედველობითი და ჟესტიკულაციური კონტაქტებით ანსამბლის წევრებთან, სუნამოს სურნელით და მირთმეული წითელი ვარდებით...
თამრიკოს გამგზავრების შემდეგ ეს ვარდები სასტუმროს მეექვსე სართულის ფოიეს ამშვენებდა, დარბაზში კიდევ დიდხანს იგრძნობოდა მისი სურნელი, ჩვენს შეგრძნებებში კი დიდხანს ისმოდა მისი სიყალბეგაურეველი ხმა... 
სხვა ესთეტიკისკენ მიმართა იმ დღეს ჩვენი ხედვა და გემოვნება თამრიკო გვერდწითელმა და ის საღამო კამათზე მაღლა დააყენა.

                                                                                                  ესმა მანია
24.02.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com