GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

კომედიად მოსათხრობი ტრაგედია

(ლევან კოღუაშვილის ფილმის „შემთხვევითი პაემნები“ ნახვის გამო. სკოლა, შუამთა, 1 თებერვალი, 2015)

„სიწმინდის გზაზე ყვავილები იყო ჩამხმარი და ცოდვის გზაზე ღაღანებდა ხორცსავსე ლელი“.

 ბესიკ ხარანაული

„ჰო“ -  „ჰო“ და „არა“ - „არა“
რამდენჯერ გვსმენია შეფასება: „(ერთი) პატიოსანი კაცია“  და ეს, ჩვენი დღევანდელი გაგებით, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა საშუალო პროფესიონალიზმს, საშუალო კარიერას, საშუალო მატერიალურ შესაძლებლობებს, საშუალო დონის სანაცნობო წრეს, საშუალო ხარისხის ინტერესებსა და მოტივაციებს, თუ პირდაპირ ვიტყვით, საინტერესოს - არაფერს!  
რამდენჯერ გვინახავს ქუჩაში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  ფერმკრთალი, გაცრეცილი სახეები, ღია ფერის მოფიქრალი თვალებით, ალალი გამოხედვით და დაგვმახსოვრებია... ყოვლის მნახველ და მცოდნე საზოგადოებას მათი შეფასების ათასი კრიტერიუმი აქვს, „ინტელიგენტებსაც“ უწოდებს, „ხელმოცარულებსაც“, „უნიათო-უგერგილოებსაც“ და „ბედის არმქონე-გაუმართლებლებსაც“... „თეიმურაზ ხევისთავიც“ გაგვიგია ზედწოდებად. ისინი უხმაუროდ დადიან, არ იქცევენ ყურადღებას, თავს არიდებენ ყოველგვარ რისკსა თუ პროვოკაციას, მათი ლექსიკა ნეიტრალურია, ხმა - საშუალო, აღქმა - ზომიერი, მიზანსწრაფულობის ხარისხი - დაბალი... 
„ერთი პატიოსანი კაცი“ - ეს „პატიოსნებაც“ ისეთი უგერგილო და ყავლგასული რამაა თანამედროვე აზროვნებისთვის, როგორც ზემოთ აღწერილი ადამიანი - ამ ათას ვნებამოძალებული საზოგადოებისთვის...
ასეთი ადამიანები გმირები ვერ ხდებიან, რადგან ამ სამყაროსთვის რა უნდა იყოს საინტერესო ისეთ ადამიანში, ვისთვისაც „ჰო“ „ჰოა“ და „არა“ -  „არა“!
ის რეჟისორ ლევან კოღუაშვილისთვის არის საინტერესო.

კინოთხრობა, ნეგატივი და სიკეთე
კინოთხრობის ლევან კოღუაშვილისეულ მანერაში რეჟისორის პროფესიული კონცეპტიც ჩანს, კინემატოგრაფიული გემოვნებაც, პიროვნული თვითრეალიზაციის გზაც და, რასაც ყველაზე მეტი სარეჟისორო ტაქტი სჭირდება, მაყურებლისადმი მიმართების ფორმაც.
მახსოვს, პირველ კურსზე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, პროფესიული კრედოს მთავარ ასპექტად ასეთი რამ დაგვისახელეს: „არ ავნო!“ სამყაროს კეთილად შეცვლის მსურველი პირველკურსელებისთვის ეს პრინციპი მაშინ შემაძრწუნებლად მინიმალისტური იყო და  ფანტომურად მოაზროვნეთათვის ყველა სიმაღლეს ახშობდა. შემდეგ ფანტომები თანდათან გაიფანტა, დაიწმინდა, დაღვინდა და ამ პროფესიული კრედოს მნიშვნელობაც და სამყაროს შეცვლის შესაძლებლობის ხარისხიც თვალნათელი გახდა. 
ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქართული კონემატოგრაფის თემა და იდეა სწორედ ნეგატივის პრინციპზე აეწყო. ამგვარმა ხელოვნებამ, სიკეთეზე მეტად, ვნება მიაყენა საზოგადოებას, გემოვნება შეუცვალა, მოლოდინი უარყოფითი ინერციული პერსპექტივებისკენ მიუმართა. მძიმე ცნობიერ და ყოფით საზოგადოებრივ ფონს  სარეჟისორო ხედვებისა და მეთოდების გამარტივება დაერთო. უარყოფითი კინოთხრობით ნეგატივისადმი მიდრეკილი მაყურებლის მიმხრობა და აყოლიება ბევრად მარტივი იყო. ისევ ირღვეოდა პრინციპი: „არ ავნო!“
„სიწმინდის გზაზე ყვავილები იყო ჩამხმარი და ცოდვის გზაზე ღაღანებდა ხორცსავსე ლელი“ - წერს ბესიკ ხარანაული. ნეგატივი ყოველთვის უფრო მარტივია, რადგან მის გზაზე „ღაღანებს ხორცსავსე ლელი“... და რა უნდა იყოს ამაზე დიდი სატირა! 
მეორე მხარეს „ჩამხმარი ყვავილებია“ და სიწმინდის გზა, ესეც სატირაა! მთავარია, ვის რა თვალსაწიერი აქვს, რომელ რეჟისორს - რა გადასახედი - ფანტომური თუ მარადიული!
ლევან კოღუაშვილი მეორე გზას ადგას, მის ფილმში ერთმნიშვნელოვანი არაფერია, ის ერთმნიშვნელოვნებამდე არ აკნინებს ადამიანს, შესაბამისად, სამყაროს. ალბათ ამიტომაც, რაც მეტია იუმორი მის ფილმში, მით მეტია ტრაგიზმი, რაც მეტია ხელმოცარულობის შეგრძნება, მით მეტია იმედი, რაც მეტია გაურკვევლობა, მით მეტია სინათლე, სადაც ყველა გზა იკვანძება, იქ უფრო მკაფიოა გამოსავალი...
ფილმის მთავარი გმირი სანდრო უხერხულობამდე კეთილშობილი ადამიანის ნიმუშია (პატიოსნება რომ უგერგილობაა და კეთილშობილებას უხერხულობა რომ შეიძლება ახლდეს, ესეც ხომ ამ სამყაროსეული ინტერპრეტაციაა). პერსონაჟის ასეთი ხასიათი საჭიროა არა მხოლოდ მინიმალისტური პრინციპისთვის „არ ავნო“, არამედ ბევრად მაღალი კატეგორიის სულიერი აზროვნებისთვის. ეს კი კიდევ უფრო მაღალი შედეგით გამოიხატა: ლევან კოღუაშვილისთვის მაყურებელი ცდისპირი კი არ არის, არამედ - მოყვასი!

არც ბედნიერი, არც უბედური
არც ერთი პერსონაჟი ფილმში ბედნიერი არაა, ესე იგი, არავინაა უბედური. ამიტომ ღირს ფიქრი, ღირს ცხოვრება. ხასიათების ხატვისას სამი მთავარი ასპექტი იწევს წინ: თვითრეალიზაციის დაბალი ხარისხი, საშუალო ან დაბალი სოციალური სტატუსები და მოუწყობელი ან დანგრეული პირადი ცხოვრებები. სკოლის მასწავლებელი, მედდა, პარიკმახერი, დამლაგებელი, პატიმარი, ლტოლვილი - ამ კონფიგურაციისაა ფილმის გალერეა. ქცევებისა და აზროვნების პალიტრაც უდისონანსოდ თავსდება ერთმანეთის  მსგავს ტონალობებში - ისინი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს - სიკეთეა ყველაში! პატიმარშიც, დილით რომ გამოვიდა ციხდან და საღამოს ისევ რომ ბრუნდება, მასაც კი უჭირს თამამად უთხრას ქალს სიტყვა „აბორტი“. 
„დევნილი“, „პროვინციელი“ -  ამ საზოგადოების სტიგმებია.  სტიგმიანთა ცხოვრება, მშობლების თაობის აღქმით, მათივე სოციალურ და გეოგრაფიულ არეალში უნდა ჩაიკეტოს, მათი გაგებით, დევნილია და მის მიმართ მდაბიო საქციელი სრულ დანაშაულად არ აღიქმება, თუმცა სტიგმა, შეზღუდული შესაძლებლობები, როგორც ადამიანის დისკრედიტაციის ფაქტორი, არათუ მიუღებელი, გაუგებარია სანდროსა და ივას თაობისათვის.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა: სანდროსა და ივას თაობას არ მოეპოვება პირადი სივრცე. მათთვის აკრძალულია ცივი მანდარინი, მათთვის ხელოვნურადაა მოდელირებული გარემომცველი საზოგადოებები, პოტენციური მეგობრები, საცოლეები, მუსიკაც კი, მათთვის განსაზღვრულია კრიტერიუმები და სტანდარტები, სასტუმროს ნომერიც კი არ არის მათთვის ხელშეუხებელი სივრცე. 
მათი ინდიფერენტულობაც ალბათ ერთგვარი პროტესტია ხელოვნური გარემოს მიმართ.
ამ საზოგადოებაში არავინ არის ბედნიერი, არც უბედური, სიკეთე ყველაშია, ყველას აქვს ბრძოლის საშუალება და, რაც მთავარია, იმედი. 

დისონანსი - მშობლები და შვილები
საოცარი რამაა - მშობლების თაობას თამამად შეიძლება უწოდო „ავკარგიანი“  - ბინა, მანქანა, სამსახური, კარგი სანაცნობო წრე, კარგი რეპუტაცია, გადასახადების დროულად გადახდა, ბალანსირებული კვება და დროული დასვენება, ლიმიტირებული მეგობრობა, ცნობენ სტიგმებს - „დევნილი“, „პროვინციელი“, სოციალურად აუცილებელი ნაბიჯი - ოჯახის შექმნა, აუცილებლად ორი სახეობის თევზი მათი ოჯახის წევრის ქელეხზე... ფიგურალურად კიდევ ერთი რამ შეიძლება მიაწერო მათ, ვთქვათ, ბროლის  ან (კიდევ უფრო მაღალი საფეხური) „როკოკოს“ ჭურჭლის კოლექციონერობა, შვილებისთვის კი არაფერია არც მომხიბლველი და არც საპროტესტო, ვთქვათ, მანქანის ქონა-არქონაში, ჯარიმის გადახდა-გადაუხდელობაში, პიროვნული სივრცის უხეშ დარღვევაში, ღვინის ხარისხში, მიძალებულ ცოლში კი... სამაგიეროდ, შვილების, ამ უსახურ და დაკარგულ თაობაში, მშობლების თაობაც რომ არ აღიარებს და არ ცნობს, არის მათთვისვე დაფარული პოტენციალი - თავგანწირვა. ეს უნარი ამ ხასიათებში ჯერ ბოლომდე ფორმირებული არ არის, მაგრამ ამ პოტენციალს და პერსპექტივას გრძნობს მაყურებელი.

სოციალური სატირა
დღეს ძალიან ხშირად გვესმის აქამდე ჩვენთვის, ცოტა არ იყოს, საუხერხულო თემები:  შრომის კულტურა, დასვენების კულტურა, ფულის კულტურა. ერთმა მკვლევარმა იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ ქართველი სიტყვა „ფულის“ ხსენებას მეტად უფრთხის და მას ცვლის ევფემიზმით - „თანხა“. საკუთარი შრომა გაყიდო, დასვენებისათვის დრო და პირობები მოითხოვო - ჯერ კიდევ უხერხულობად მიიჩნევა. 
ამ პრობლემას საინტერსო კონტექსტით ეხება ფილმი. სანდროს სამსახური აქვს, ისტორიის მასწავლებელია. მართალია, ხელფასი ცოტაა, სამაგიეროდ, შვებულება აქვს ხანგრძლივი. ერთი მხრივ, მოკლე სამუშაო დღისა და ხანგრძლივი შვებულების და, მეორე მხრივ, თვითრეალიზაციისა და მაღალი ხელფასის პროპორციაც ფილმისეული სატირის ნაწილია, უმწვავსი მენტალური და სოციალური საკითხი. 

რუსთავი და გორი
ფილმის სიუჟეტი თბილისდან გავიდა, ავადმყოფური მიჯაჭვულობა დედაქალაქთან, როგორც იქნა, დაიძლია. ურბანიზმსა და პასტორალს, ცენტრსა და პროვინციას შორის თხრობამ რუსთავი და გორი მოითხოვა, უფრო სწორად, რუსთავისა და გორის „საშუალოობა“, როგორც კინემატოგრაფიული, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით, და მთავარი - ქობულეთი, „ცხელი“ ტოპონიმის გულსაკლავად აუტანელი სიცივე.
საერთოდ, რუსთავმა და გორმა  კი არა, ქობულეთის კადრებმა გახსნა კონცეპტუალურად ფილმი, მისი მთავარი სიმბოლოები.

(სი-) მარტო (-ვე)
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შექსპირისეული ტრაგიზმია ქობულეთის სანაპიროზე ორი მეგობრის სიმარტოვეში, სულის შემხუთველმა კადრებმა ასახა ორ საქანელაზე მჯდარი ორი ადამიანი. 
ხშირად გვსმენია: არაფრით ყოფილა გამორჩეული, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდაო. ივა და სანდრო ასეთები „ვერ“ არიან (საინტერესოა, რომ ზმნის უარყოფით ფორმას „ვერ არიან“ სხვა გაგებაც აქვს ჩვენს სინამდვილეში). უადგილო ადგილას, უდროო დროს მათ „ზაფხულის“ ნარჩენებიღა ხვდათ წილად - სხვისი ცოლი, სხვისი საყვარელი, მწირი კაფე, საშინელი უამინდობა ...და კართან მომდგარი შემოდგომა.

მუსიკა
ჯერ „ვერხვებს“ ვუსმინეთ“, შემდეგ დაიწყო „კართან მოდგა შემოდგომა“. პირველს ასე ვიცნობთ - „გალაკტიონი“, მეორეს - „ჩიხლაძეები“. პირველში სიძველეა, ოღონდ არისტოკრატული, პოეტური, მეორეშიც სიძველეა, ოღონდ ოდნავ სოციალიზებული, პათეტიკური, შეგვეძლო, გვეთქვა, პუბლიცისტურიცო, ერთია ორივე სიმღერის განწყობა - კართან მომდგარი შემოდგომის განცდა.  თუმცა ეს ის შემოდგომა სულაც არ არის, შედეგებს რომ იმკიან და ითვლიან, ამ მუსიკაში და ამ ადამიანების ცხოვრებაში სხვა ლირიზმია, რადგან მათ არაფერი აქვთ სამკალი და დასათვლელი „შემოდგომაზე“... თვლადი და სტატისტიკური კრიტერიუმებიც ამ სამყაროს მოგონილია, არადა, სწორედ ეს მოსწონს მშობლების თაობას - რიცხვი, ანგარიში, კალკულაცია, ხომ უნდა იცოდნენ ზუსტად, რას ფლობენ... ივასა და სანდროს ცხოვრება, ისევე როგორც ეს სიმღერა, ისე შორსაა იმისგან, რაც ითვლება, იწონება, იზომება... 
ისეთივე რბილი და ნატიფია ფილმის მუსიკაც, როგორც სანდროს ხასიათი, როგორც მისი უხერხულობამდე მისული კეთილშობილება...
მთავარი
რასაკვირველია, ფილმის იდეა ბევრად აღემატება ფილმის საბაბს. ის რეჟისორის ცხოვრების წესიდან, ნაფიქრიდან, ნააზრევიდან, ინტერესთა სფეროებიდან მომდინარეობს, საბაბი კი ერთი კონკრეტული ფაქტია. ადამიანური თვალსაზრისით, ამაფორიაქებლად გენიალურია ამ ფილმის საბაბი: ბარში იჯდე 40 წლის მეგობართან ერთად და ისე გიყვარდეს ცხოვრებისა და სუფრის თანამეინახე, ისე ჩაუღრმავდე მის ცხოვრებას, რომ ფილმად აქციო, დიდი პროფესიონალიზმისა და, მეტიც, დიდი სიყვარულის ნიშანია! ეს სიყვარული ასე ეტყობა ლევან კოღუაშვილის ფილმსაც და, ბუნებრივია, ცხოვრებასაც. ეს სიყვარული გადამდებია, ის ასტრალებში კი არ გაძებნინებს შენ გვერდით მდგომი ადამიანის ღირსებებს და  უფსკრულებში - ნაკლოვანებებს, არამედ ორივეს - მის ხელმოცარულობაში. 
დიდი გადასახედით, ხელმოცარულობა ამ სამყაროში ყველაზე მართებული მდგომარეობაა. როგორ თვალნათლივ იგრძნობა ფილმში რეჟისორის განწყობა - მას უყვარს სამყარო, არა გაზულუქებული, იმედისა და სიხარულისთვის ადგილს რომ არ ტოვებს, არამედ სამყარო ხელმოცარული. 
                                                                                                


                                                                                                   ესმა მანია
                                                                                         
05.02.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com