GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ეტიუდები საერთო მნიშვნელით

გუდაური, 11-12 დეკემბერი.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სასემინარო თემის რაკურსი სხვადასხვა იყო, კრიტერიუმი - მრავალფეროვანი, ხასიათები - პერსონიფიცირებული... ამ მოცემულობებს ჰქონდა საერთო მნიშვნელი: ,,არჩევანი დემოკრატული კულტურის სასარგებლოდ“. ბუნებრივია, მნიშვნელი ერთი იყო, ეტიუდი - მრავალი!

მიტოვებული ძველი სახლი

,,ევროპული ღირებულებები კარგად დავიწყებული ძველი ქართული ღირებულებებია - ასე დაიწყო დათო ტურაშვილმა საუბარი - და ცდება ის, ვინც ეჭვით უყურებს საქართველოს ევროპულ გზას!“

„მიტოვებული ძველი სახლი“ საქართველოს ევროპული გზის მეტაფორაა. ძველისძველია ამ გზის ისტორია, ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციას უკავშირდება. ეს ისტორია მიდის ანგარიშგასაწევ სახელებთან - აპოლონუს როდოსელი, სტრაბონი, კარიუსი, მემატიანეები, მოწამეები, რაინდები, ერისკაცები... თანაც ეს რეალობა გაშლილია ისე თამამად, ისე ლაღად, ისე ფართოდ... ამის ნიმუშად ,,ვეფხისტყაოსანიც“ კმარა, ,,ვეფხისტყაოსნის“ ევროპეიზმი. მრავალფეროვნებაში, მრავალეროვნებაში, მრავალკულტურალიზმში იბადება დემოკრატია.

დღეს დაკრგულია ჩვენი ,,ძველი სახლი“, მაგრამ, დავიწყებული, საბედნიეროდ, არა! დაკარგულია მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევები, მაგრამ ცოცხალია მთავარი ­- კარგად დავიწყებული ძველი ქართული ღირებულებების ხსოვნა, ე. ი.  საერთო მნიშვნელი.

არ შეცვლილაო!

ჩვენთან ერთად დარბაზში  დავით არავიაშვილი, ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა იჯდა ღრმა ცისფერი თვალებითა და ფიქრიანი გამოხედვით. ყველას გვქონდა განცდა, რომ სადღაც გვენახა, რომ რაღაც გვაკავშირებდა მასთან. ამ შემაწუხებელ გაურკვევლობას უცებ ერთმა კადრმა მოუღო ბოლო - კადრმა გელა კანდელაკის ფილმიდან ,,სოფელი“. ქართლის ერთ-ერთ სოფელში მამას ეხმარებოდა ურმის დატვირთვაში. „სოფელი არ უყვარდეს და მე ვუყვარდე“ - პაუზა - „არა! მე მას ვერ შევიყვარებ!“ - გამაოგნებელად გულწრფელი თვალები და მაშინ ჯერ კიდევ ბავშვის შეუვალობა ამ კადრის, ამ განცდის დავიწყების საშუალებას არავის მისცემს!

სკოლამ მოძებნა ის,  არა არტისტი, შემსრულებელი, არამედ ბავშვი, სოფლის მკვიდრი, დღეს ,,ფერმერად“ მოხსენებული. დავით არავიაშვილი ადრე წავიდა სემინარიდან და ეს გულის სიღრმეში გაგვიხარდა კიდეც, მისმა წასვლამ ეჭვებისგან დაგვიცვა, ვაითუ, წლების შემდეგ რამე მოკლებოდა მის გულწრფელობას, ერთგულებას, სწორხაზოვნებას, მისი ცისფერი თვალების სისუფთავეს.

არ შეცვლილაო! - მზის სხივივით გაარღვია ამ პასუხმა ეჭვის უფსკრულები...

დავით არავიაშვილი - როგორი სიღრმეებიდან წამოსული სიმყარე ჩანდა მის ბავშვურ თვალებში.

 

„ცარიელა ეს პარტახი საიგავო“

ასეთი სიღრმე, სისუფთავე, ასეთი სიმყარე, იშვიათად, ისიც, უფრო მეტად, სოფლებშია შემორჩენილი, იქ საძებარი,  თუმცა დღეს თვით სოფლებია საძებარი, მთის სოფლები, მით უმეტეს... 11 დეკემბერი - მთის საერთაშორისო დღე -ერთ-ერთ მთავარ თემად აქცია სემინარმა. მთა სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა რაკურსით - გეოგრაფია, ბიომრავალფეროვნება, სუბკულტურა, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოგრაფია, დაბოლოს, მისტიკა - მომხსენებლების მთავარი აქცენტები იყო.

ათასი კითხვის ნიშანი, ათასი პარადოქსი!

,,საიგავო პარტახად ქცეული“ საქართველოს მთა და სამწუხარო მსოფლიო სტატისტიკა, რომელსაც გვერდს ვერ აუქცევ - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ურბანიზაციის დონეს ზრდის. პასტორალური იდილიური  გარემოს შემცირებასთან ერთად ალბათ მცირდება ,,მიწის“, ,,ჯიშის“, ,,სისხლის“, ,,პატრიას“, ,,მამულის“,  ბოლოს და ბოლოს, ,,მამის განცდა“...

სხვათა შორის, ერთი გამორჩეული ქართველი მწერალი, მსოფლიო და, განსაკუთრებით, ევროპული აზროვნება კარგად რომ ესმოდა, ერთგან წერს: ,,დასავლეთმა არ იცის მამა“ - რა სახიფათოა და თანაც მომხიბლველი ეს ფრაზა!

არადა ,,მამა“ ფუნდამენტური საკითხია, ,,ძირს“ და ,,მნიშვნელს“ რომ განაპირობებს!

,,მთა“ და ,,მამა“ - ეს ორი სიმბოლო  ერთმანეთს ჰგავს - ორივე მამრობითია.

...და გუდაურის დარბაზში ფიქრისგან უცებ გამოგაფხიზლებს გურამ რჩეულიშვილის ფრაზები: ,,ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა - კაცის და მხეცის!“ ამ ოპოზიციურ დაპირისპირებას, ამ ორ პოლარულ წყვილს, დაგვეთანხმებით ალბათ, რომ მხოლოდ მთა აიტანს!“

 

სიმთელე ,,მამით“

,,მამის“ განცდა ქართული კულტურის მთავარი მახასიათებელია. უყურებ ნანა ჯანელიძის ფილმს კახი კავსაძის შესახებ და ყოფ სამ მთავარ საგად - მამა, ბელა და თეატრი...

,,მამა“, ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით, თითქმის სამჯერ აღემატება ,,ბელას“ და ,,თეატრს“. რატომ? ასეთი, ერთი შეხედვით, მექანიკური შემთხვევითობები ყველაზე უტყუარი ქვეცნობიერი ფაქტორებია ხშირად.

მამების კულტს მამების დეფიციტიან სამყაროში თურმე დედები ქმნიდნენ. საბჭოთა სინამდვილეს შეწირული ეს ,,მთავარი ძალა“ საზრუნავში გაუჩინარებულმა „დედამ“ გადაარჩინა და სამყაროს ერთიანობა მამის ვირტუალური მყოფობით შეინარჩუნა - ეს სემინარის სტუმრის რეჟისორ ნანა ჯანელიძის ინტერპრეტაციაა.

შეკითხვაზე - მამა უფრო გიყვარს თუ დედა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი: ,,მამა!“ (მამა, რომელიც მხოლოდ ორჯერ ნახა ცხოვრებაში) - ამბობს კახი კავსაძე.

,,სიმთელე მამით“ - რაღაც მთავარია ამ ცნებაში, რაღაც დაუშლელი, დაუნაწევრებული, რაც მომდევნოს წინასთან აკავშირებს, შვილს - მამასთან. შემდეგ ეს „მთავარი“ გადადის ყველაფერზე, რასაც შთამომავლობითი ჰქვია, ყოფითზეც (კონიაკის დამზადების კულტურაზეც) და სულიერზეც  (ქართული პოლიფონიის განცდაზეც).

,,კარგ კონიაკს მხოლოდ იმ ოჯახში დალევ, სადაც ამ საქმეს მამის შემდეგ შვილიც ემსახურება, თუ შვილიშვილიც ამავე საქმითაა დაკავებული, იმ ოჯახში ეს სასმელი საუკეთესოა“ - ეს მაგალითი მთავარი სათქმელის უვერტიურად გამოიყენა კახი კავსაძემ.

 

მრავალხმოვანება

მთავარი სათქმელი ქართული ხალხური სიმღერის ბუნებაა, კარგ მრავალხმოვანებას მარტო რომ ვერ მიაღწევ, თუ არ მოგდგამს, არ მოგსდევს (რა უცნაური ზმნებია, უსათუოდ უკან გახედებს), თუ ,,მამა“ არ განგიცდია!

„ქართულ სიმღერაში ხმები მიდიან, მოდიან, ცდებიან ერთმანეთს და  ბოლოს მაინც ერწყმიან, კეთილად ერწყმიან“...

ქართული სულიერი კულტურის ამ გამოხატულებაში ინდივიდუალიზმიც არის და კოლექტიურობაც.

,,თუ აკორდმა ჰაერში ვერ აიწია, შედეგი მიღწეული არ არის. ამ შედეგს ბევრ რამესთან ერთად ერთი ნაბიჯი უძღვის წინ - სხვისი განცდის უნარი. შესაძლოა, ,,შენ ხარ ვენახი“ თხუთმეტ წუთში ისწავლო, მაგრამ ამ უნარის გარეშე თხუთმეტი წელიწადი ვერ იმღერო“ - ამ დისკურსით იწყებს საუბარს ანდრო დგებუაძე და ალბათ ასე ფიქრის, ასეთი მიდგომების გამო, სანათლითაც რომ ეძებო, წახნაგებს ვერ იპოვი მის აზროვნებაში. მის სააზროვნო სამყაროში დათქმულია, რომ არსებობს ობიექტურობა, რომელიც აღემატება „შენ“-სა და „ჩემ“-ს სიმართლეს, ამიტომ სიმღერამ (შესაბამისად, ცხოვრებამ) უნდა აიწიოს მაღლა, აღემატოს ,,მე“-საც და ,,შენ“-საც, ე. ი. უნდა აღემატოს რაღაც ვნებას, რომელიც ყოფს, შლის და ანაწევრებს.

არსებობს ობიექტური რეალობები, სადაც ,,შენი“ და ,,ჩემი“ მონაწილეობა  თვითმიზანი არ უნდა იყოს, ვთქვათ, პოლიფონიის ჰარმონია და არსებობს ინდივიდუალიზმი, ცალკე აღებული ადამიანი, როგორც უალტერნატივო ფასეულობა, ალბათ ამიტომაც იღებდა საკუთარი ფოტოაპარატით უპირატესად პორტრეტებს ანდრო დგებუაძე...

საშუალო ...

„პორტრეტი წინააღმდეგობრივ დროში“ - დოკუმენტური ფილმით და ამ კონტექსტით იხსენებს სკოლა ზურაბ ჟვანიას ყოველი დეკემბრის სემინარზე. ფილმში თანმიმდევრულად არის აღწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი საშინაო და საგარეო გამოწვევები, მის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები, მსოფლიო ქვეყნების წინაშე თვითიდენტიფიკაციის პირველი მცდელობები..

ყველაზე საგულისხმო ზურაბ ჟვანიას ნაუბარში გაწონასწორებული, ევროპულ რაკურსში ჩასმული ერთი ხედვაა: ცოტა ხანში ბისმარკები კი არ დაგვჭირდება, არამედ ოდნავ უნარიანი მმართველები.

რადგან ქარიზმა ვერ თავსდება დემოკრატიული ,,საშუალოობის“, ზომიერების კონტექსტში...

 

გადაბრუნებული მაგიდა

გადაბრუნებული მაგიდა რუსეთის რუკის კონტურებიანი ალისფერი ხავერდით ნანა ჯანელიძის ფილმში დაშლილი საბჭოთა კავშირის მეტაფორაა. „საბჭოთა კავშირი დაიშალა და იწყება რაღაც ახალი. ახალი ყოველთვის მძიმე და რთულია. ცხადი მხოლოდ ერთია - ისიც ისეთივე იქნება, როგორიც - ჩვენ“ - მაგიდის გადაბრუნების ეპიზოდს ეს სიტყვები ერთვის.

დღემდე „ახალია“ ეს გზა - რთული, მძიმე და დაუღვინებელი, ერთი სიტყვით, ისეთივე, როგორიც - ჩვენ... სწორედ ეს ხაზი, ეს ტენდენცია აშკარად ჩანს სემინარის ერთ-ერთი მომხსენებლის ანდრეი პეტროვის სასაუბრო თემის რაობიდან: ,,რა უშლის ხელს რუსეთს, იყოს დემოკრატიული“. სკოლის მეთოდური მიდგომები რეციდივებისა და მეტასტაზების აღმოჩენა უფროა, ვიდრე შედეგების დემონსტრირება. მომხსენებელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, იმ არგუმენტების, ვარაუდების და დასკვნების მოყვანის უფლება აქვს, ასე პროფესინალურად, ასე ლოგიკურად რომ ასახა თავის მოხსენებაში. მისი ნათქვამის ჩვენეული პერიფრაზირების საჭიროობაში კი რაღაც არაკორექტულს, ოდნავ უხერხულს აღმოაჩენ, ეს კი დუმილს გარჩევინებს, თუმცა დუმილს კი არა, მესამე გზას - ნიკოლოზ ბარათაშვილის, ბორის პასტერნაკისა და რეზო გაბრიაძის შემოქმედების ნაზავს.

 

,,წინაპართა საფლავების ნათლით“...

კინოდარბაზში რეზო თაბუკაშვილის სანდომიანი ხმა ისმოდა, უფრო სწორად, სანდომიანი სიტყვა... მისი დიდი მეოხებით მკვდრეთით აღდგენილი, ძველისძველ საარქივო მასალებში გაცოცხლებული ისტორიები გვესმოდა... დღეს ძალიან ძნელია, იარაღად გამოიყენო სიტყვა, ძალმოსილებით ისე დამუხტო, რომ ვერც პათეტიკა დასწამონ და ვერც ცინიზმი... ასეთია რეზო თაბუკაშვილის სიტყვა. ,,ჩვენს წინაპართა საფლავებიდან ამოსული ნათლით ჩვენც ხშირად უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე სინამდვილეში“, ამბობს ეს ხმა ფილმში. შენც ზომავ, წონი და ითვლი იმ გაუზომავ, აუწონავ და დაუთვლელ სიკეთეს, იმ ჩვენი ,,დიდებისგან“ რომ გვაქვს. მაინც ეძებ, რაღაცნაირ პროპორციებში აყენებ საკუთარ თავს, იმ ნათლის შუქზეც აფასებ და იმ შუქის გარეშეც.

ლოგიკური პარადოქსია - საბოლოოდ, მაინც ის ხდება დაფასების ღირსი, ვისაც არასოდეს უბრძოლია დაფასებისათვის.

სკოლას იური ბარამიძეც ახსოვს, რეზო თაბუკაშვილის დაუფასებელი, მიტოვებულ სოფელში მარტოდმარტო მცხოვრები ოპერატორი, სოფლის ცხოვრებით დაკოჟრილი ხელებით შექსპირს რომ კითხულობს, ოღონდ რეზო თაბუკაშილის ნათარგმნ შექსპირს.

დრომ რაც არ უნდა თქვას, საოცარი ძალა აქვს სიტყვას - ალბათ ბევრ ჩვენგანს მთელი სიმძაფრით ახსოვს რეზო თაბუკაშვილის ერთი შედარება, ერთი, თითქოს უმნიშვნელო მხატვრული სახე: ,,ექვთიმე თაყაიშვილის ნატყვიარივით ახსენდებოდა ზღვას მინდობილი საუკუნოვანი ქართული საუნჯე.

,,ნატყვიარივით ახსენდებოდა“ - მთელ ეპოპეას იტევს ეს ფრაზა.

 

14 კომპოზიცია მხოლოდ „ჩემთვის“

ღამე, ნახევრად ჩაბნელებული ბარი, სამი ინსტრუმენტი - ფორტეპიანო, ვიოლინო, საყვირი, 14 კომპოზიცია, ერთი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, სამი შემსრულებელი - ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, დავით შამანაური, ფიქრი რომ არ გაწყვეტილიყო, განწყობა არ შეცვლილიყო, აპლოდისმენტები ბოლოს, მეთოთხმეტე კომპოზიციის შემდეგ, აუდიტორია - მხოლოდ ჩემთვის...

საკვირველია, რომ იმ ლირიზმმა, თითოეული ჩვენგანის სულთან მისასვლელმა სხვადასხვა გზამ, ყველა ჩვენგანისთვის სხვადასხვა სათქმელმა ყველა მსმენელს ეს განცდა დაუტოვა. რა უცნაურად, რა გასაკვირად გახდა კონცერტის მიზანდასახულობა ერთი ადამიანი. იმ ღამეს ის კონცერტი ისე ჩატარდა, როგორც „მე“ მსურდა, როგორც „მე“ მჭირდებოდა, როგორც „მე“ მეფიქრებოდა...

                                                                                                         ესმა მანია

15.12.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com