GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

სტრასბურგული პალიტრა

,,ნუ დაივიწყებთ საკუთარ სულს!“
სამართლიანად უწოდებენ სტრასბურგს ,,ევროპის დედაქალაქს“. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ყველა მონაწილე გრძნობდა ამას დემოკრატიის მესამე მსოფლიო ფორუმზე 3-7 ნოემბერს სტრასბურგში. გრძნობდა ფორუმის თემატიკით, შეხვედრების მრავაფეროვანი ფორმატით  - პლენარული სხდომებით, რეგიონული და ორმხრივი შეხვედრებით, თემატური და პროფესიული კონფერენციებით; სამუშაო მეთოდებით - ინტერაქტივებით, ჯგუფური მუშაობებით, იდეათა და კონცეფციათა გრაფიკულ ესკიზებად ქცევით... გრძნობდა ღიმილით, კეთილგანწყობით, კანის ფერთა მრავალფეროვანი კონფიგურაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სრულფასოვანი ჩართულობით, ფართო კომუნიკაციისთვის მზაობით, თვითგამოხატვის ათასგვარი ფორმით... გრძნობდა მაღალი დონის ტექნიკური და ადმინისტრაციული ორგანიზებულობით... გრძნობდა გარდამავალი ფერების დარბაზებით, ვიტრაჟებით, სიმყუდროვის შემქმნელი ყავის სურნელით და სამყაროს ერთიანობის არცთუ ილუზორული განცდით.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა გრძნობდა ,,ამ“ და ,,ასეთ“ დემოკრატიას და მაინც ეძებდა...

,,Don't forget your soul!”
არაფერი ხდება შემთხვევით, მით უმეტეს, ისეთ გააზრებულ სივრცეში, როგორიც ევროპის საბჭოა, ევროპის პარლამენტი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოა. ამ ორგანიზაციების მთავარი კონცეფცია არქიტექტურაშიც გამოხატულა - დაკვირვებულ თვალსაც კი გაუჭირდება აქ კუთხოვანი კონსტრუქციის, დეტალის, ორნამენტის მოძიება, ,,წრიულობა“ და ,,ოვალურობა“ ალბათ ყველაფრის მიღებას, გაერთიანებას, შეკრებას, შეკვრას ნიშნავს... ,,შუშები“ და ,,ვიტრაჟები“ კი - გამჭვირვალობას, ამ ერთიანობაში ჩვენი ნების ნიველირებას კი არა, ,,ჩემი“ და ,,შენი“ ნების არსებობას, ყველა კითხვის დასმის, ნებისმიერი სახის კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლებასაც ნიშნავს... დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე ბევრი იყო ისეთი (თუ უმრავლესობა არა), ვისთვისაც ეს ,,ღიმილიანი“ საზოგადოება საშური პერსპექტივა იყო და ისეთებიც, ვისთვისაც ევროპის საბჭოს პერსპექტივები ეჭქვეშ იდგა, თამამად ისმებოდა შეკითხვები ამ თვალსაზრისითაც და, ბუნებრივია, არც ერთი კითხვა, ყველაზე მწვავეც კი, არავის შეუზღუდავს. ამ მწვავე კითხვების პასუხად ღიმილი კი რატომღაც ღრმა დისონასს გვაგრძნობინებდა ფორმასა და შინაარსს შორის...
მაინც სანთლით იყო საძებარი ,,კუთხოვანი“ კონსტრუქციები, დეტალები, ორნამენტები ამ ,,წრიულ“ და ,,ოვალურ“ სივრცეში.

,,Noubliez pas votre ame!”
ვისხედით სტრასბურგის სასამართლოს მრგვალ დარბაზში და ქართველი მოსამართლის საუბარს შემოდგომის ბოლომდე დამტკბარი პალიტრა და შეგრძნებები უქმნიდა აკომპანიმენტს. დარბაზისთვის მრგვლად შემოვლებულ ვიტრაჟებში ეს რეალური ფერები ცალკე აისახებოდა და მდინარე ილში არეკლილი ფერები კი – ცალკე. რკალად ევლებოდა შემოდგომა ამ დარბაზებს - ხან ჩამავალი მზის ძველი დიდების ანარეკლით შეფერილ-გაბუნდოვანებული, ხან - ნაწვიმარით გაკაშკაშებული, ხან - ნისლებით იდუმალებაშეპარული.
ამ ვნებებისგან დაცლილ სულიერ სიმწიფეს, გახსნილობას, ლმობიერებას, უკიდურესობებისგან შორს დგომას, ამ ,,შემოდგომას“ ბევრი რამ აქვს საერთო იმ სასურველთან, საშურთან (ოდნავ მკრეხელურიც კია, მაგრამ...), ,,დემოკრატიას“ რომ ეძახიან. რატომღაც მთავარი აქცენტი დღეს მის მექანიზმებზე, ინსტუმენტებზე, მის მართვაზეა აღებული... სამწუხაროდ, მექანიზებზე, ინსტრუმენტებზე... და არა მთავარზე!
მაინც უკიდურესად უხდებოდა შემოდგომა ყვითელ-ნარინჯისფერ სტრასბურგს, კლებერისა და გუტენბერგის მოედნებს, ფრანგული აწმყოს მქონე გოთურ არქიტექტურას, კათედრალის ზარებს, ასე მარტივად რომ აღწევდა ჩვენს სასტუმრომდე.

,,Не забывайте о собственной душе!”
რაღაც სხვაგვარად მოხდა იმ დღეს... დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ქართულმა ჯგუფმა ,,ირიაომ“ დახურა. ევროპის საბჭოს სასახლეში გამართულ დიდ მიღებას ქართული ეთნოჯაზის კომპოზიციები ახლდა. ამ მუსიკის უნიკალობა იმ დღეს იმ დარბაზში ორ რამეში გამოიხატა: ვინც შეიგრძნო, გასიგრძეგანებით შეიგრძნო და ქვეცნობიერად საკუთარ ფოლკლორში, საკუთარ წარსულში გადაინაცვლა, რაღაც ბუნებრივი, პირველყოფილი, ..კულტურამდელი“ იყო მათ ქცევაში და მეორე - ბევრმა ვერ შეიგრძნო და ღირს გამეორებად, რომ სწორედ ამაში გამოიხატა ქართული ეთნოჯაზის უნიკალობა.
რამდენი მექანიზმი, რამდენი ინსტრუმენტი, რამდენი რესურსია ჩადებული ამაში, რომ ერთნაირად ვფიქრობდეთ, ერთი რამ მოგვწონდეს, ერთნაირად ვცხოვრობდეთ და რა, ბედნიერებაა, რომ უშედეგოა ეს ყოველივე. 
,,ევროპის დედაქალაქში“ იმ დღეს ექსპერიმენტივით შედგა ,,ირიაოს“ კონცერტი, ზოგმა გულგრილად ჩაუარა, ზოგი მთელი არსებით ჩაერთო და შეუერთდა. 
დემოკრატია, ისევე  როგორც კარგი მუსიკა, სულაც არ უნდა ჰგავდეს მასობრივ, ნიველირებულ კულტურას. ალბათ ამიტომაც მოხდა რაღაც სხვაგვარად იმ დღეს...

P.შ. ყველა ქვესათაურში უარყოფითი (თან ბრძანებითი) ფორმაა გამოყენებული. დემოკრატიული დისკურსისთვის ეს არც თუ მისაღები სტილი, არც თუ ეთიკური მიდგომა რაღაც ისეთს შეიცავს, რაც ყველამ ერთად, კარგა ხანია, უარვყავით. უარვყავით პირდაპირი მითითებების, პირდაპირი მინიშნებების, მოწოდებების, ლოზუნგების, იდეოლოგიზებული სენტენციების ფორმა, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა! – 5 ნოემბერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი 64 წლის გახდა. მან თავის ერთ-ერთ შემაჯამებელ სიტყვაში გლობალურ დათბობაზეც ისაუბრა, ახალგაზრდების როლზეც დემოკრატიული მშენებლობის პროცესში და ციფრული ეპოქის მნიშვნელობაზეც. საკუთარი პიჯაკიც გაიხადა, ახალგაზრდულად მოირგო დემოკრატიული ფორუმის უნიფორმა - თეთრი მაისური და ლურჯი ქუდი და სრულად ადაპტირებულმა, ყველაფრით მისადაგებულმა ევროპასთან ამ სიტყვებით დაამთავრა გამოსვლა  - ,,ნუ დაივიწყებთ საკუთარ სულს!“ ევროპის საბჭოს პლენარულ დარბაზში დისკომფორტივით, ლოგიკური კონტექსტიდან ამოვარდნასავით გაისმა ეს ფრაზა და ერთგვარად ჩაკეტილი წრე გაარღვია ინგლისურ-ფრანგულ-რუსულ ენაზე თარგმნილმა ამ ,,დისონანსმა“...                                                                                      
                                                                                              ესმა მანია 
                                                                           
10.11.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com