GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ოქტომბრის სემინარი „ღია კარის“ აპლიკაციებით









(1) ერთი
რაფაელის „ათენის სკოლა“ ერთადერთი სლაიდი იყო სემინარზე. 
არ ღირს საუბარი, რადგან ვერ ახსნი, ან რა საჭიროა _ ასე „აუხსნელად“ ხსნიდა ანდრო დგებუაძე და ამ „გაუგებარი“ გასაგებობით მიდიოდა მთავარ სათქმელამდე: „გიყურებ, გიყურებ, გიყურებ და კი არ გითმენ და გიტან, არამედ ვხვდები, საიდანაც მოდიხარ და, შესაძლოა, შემიყვარდი კიდეც (ამ ფრაზის ფონზე როგორი არაადამიანურია ტერმინი „ტოლერანტობა“, რა ხელოვნურია, რა გულქვაა, ადამიანის ატანას, მის გაძლებას რომ ნიშნავს). არადა, ის „ერთი მთავარი“ ხომ საერთო გვაქვს ყველაზე განსხვავებული რასის, ჯიშის, გემოვნების ადამიანებსაც კი. სხვა თუ არაფერი, ხომ გვხიბლავს ერთი და იგივე მუსიკა?!
მთავარი ის „ერთია“, რა საერთოც გვაქვს და რა მიზეზითაც არ სჭირდება ახსნა რაფაელის „ათენის სკოლას“, ერთადერთ სლაიდს სემინარზე. 


(2) ორ(ნ)ი
გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე. მათი სახელობისაა ჭაუხის ორი მწვერვალი,@ არადა, ასე მარტივად არ რიგდება ,,იმ“ ჭაუხში ,,ის“ მწვერვალები! ორნი _ მეგობრები ბედით, გზნებით, ვნებით...… ჩქარობენ, რადგან თავიდანვე აქვთ მსხვერპლადქცევის წინათგრძნობა, ჩქარობენ, რადგან სხვა ,,ხედვა“ აქვთ გახსნილი, გრძნობენ სივრცეებს ქმნილებასა და ქმნილებას შორის, ზღვასა და მთას შორის...
სკოლის სემინარი ამ ორ ადამიანს (მათ არ სჭირდებთ პათეტიკური სახელდებები ,,მოღვაწეებად“, ,,შემოქმედებად“...), მათი სახელით კი მიეძღვნა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც დაუნახავს სწორად და პლებეურად არ დაუმალავს სიმართლე.
სკოლის პროგრამის მწუხრისფერ ფონზე ორი გურამია, ორი ადამიანი, ორი მწვერვალი, პროგრამის თემა კი ასეთია: არჩევანი (დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ)!

(III) მესამე
,,ორი გზა“ ყოველთვის რეალისტური მოდელია, ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი და, როგორც დღეს ამბობენ, „დათვლადი“. ეს გარდაუვალობაა, გარდაუვალობაში კი საინტერესო არაფერია! 
საინტერესოა მესამე გზა, მესამე პარადიგმა! 
მესამე პარადიგმაა სკოლის არჩევანი... ეს არის სივრცე პლატონსა და არისტოტელეს შორის, ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის, ფიქრსა და სიტყვას შორის, საიდუმლოსა და ცხადს შორის, ქვეყნიურსა და პიროვნულს შორის, შენსა და ჩემ შორის... ზურაბ კიკნაძე ამ ,,მესამეს” ,,იგავს” დაარქმევდა _ იგავს, რომლის ფუნქციაც ქმნილებათა შორის ხარვეზის აღმოფხვრაა.
რაკი სკოლის ეს არჩევანი არსებობს, თავისთავად გაცემულია პასუხი კითხვაზე: დემოკრატიული კულტურის, პროცესის, ბალანსის… კვლევის მთავარ ასპექტად და რაკურსად ამ სკოლაში რატომ ირჩევენ სპირიტუალურ მიდგომას?! არადა, როგორ რადიკალურადაა დაშორებული დემოკრატია თავის მეტაფიზიკურ ფესვებს...

(4) ოთხ(ნ)ი
კვარტეტი. ერთიანობა „ერთ-ობის“ გარეშე! ქალთა კვარტეტი საუბარსა და საუბარს შორის დაგროვილ ყველა უპასუხო კითხვას სცემდა პასუხს. მათი მუსიკა პოლარული სხვადასხვაობების საერთო ენას ჰგავდა. მას ისეთი გამტანობა ეტყობოდა, რომ მოერეოდა პოლიტიკასაც, იმ პოლიტიკას, მორევა, „ძალადობა“ რომ სჭირდება. 
მუსიკა ერთადერთი საჭირო „ძალადობაა“ დედამიწაზე. 

(6) ექვსი
არჩევანი (1), თავისუფლება (2), ვნება (3), პასუხისმგებლობა (4), მოწოდება (5), სინდისი (6) _ ზურაბ კიკნაძემ სემინარზე ეს ექვსეული მიიჩნია ისეთ ფაქტორებად, ადამიანს _ ადამიანად, სიცოცხლეს _ ცხოვრებად რომ აქცევს.
თანამედროვეობა ადამიანს სთავაზობს, დაკნინდიო, დაპატარავდიო, დაემორჩილეო ფიზიონომიურ გრძნობებს (ერთ სარეკლამო სლოგანს გულისხმობდა), მაშ, რა აზრი აქვს ამ ექვსეულს?! _ ისე დაფიქრებით საუბრობდა პროფესორი, თითქოს თვალნათლივ ხედავდა ამ დანაშაულის (თუმცა, სამწუხაროდ,  ჯერ მას „დანაშაული“ არ ჰქვია) განაჩენს.


(9) ცხრა
ცხრა მაგალითის მოყვანა სურდა ზურაბ კიკნაძეს ქართულ სიტყვიერებაში, ლიტერატურასა და ისტორიაში არჩევანის კულტურის სხვადასხვაობის ნიმუშად. ,,ცხრა კუბო“, ,,ცხრა მთა“, „ცხრა კარი“ _ საკრალური ,,ცხრა“! სამი ძმის ზღაპარი, ავთანდილი, ამირანი, მირიან მეფე, გიორგი VIII... ეგზისტენციური არჩევანის ნიმუშებიც და ანალიტიკურისაც...
რატომ ,,ცხრა“ ნიმუში (სულაც არ ჰგავს შემთხვევითობას) _ რა გამოცდილებაა ამ რიცხვში, რა მეხსიერება, ბოლოს და ბოლოს, რა მისნობა? რა ძირები აქვს ჩვენს აზროვნებას? ესეც ხომ კითხვაა?


(9/8) ცხრა მერვედი
,,აბსოლუტური მნიშვნელობები“ („ნატურალურ“ რიცხვს რომ ეძახიან) ფიქრის, აზროვნების, ,,სინდისისთვის“ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს, ვიდრე წილადები, ათწილადები... ,,ცხრა მერვედი“ _ ასე ჰქვია ჯგუფ ,,ირიაოს“ ერთ კომპოზიციას. ეს ტექნიკური მუსიკალური მოცემულობა, კომპოზიციის შემთხვევით, მარტივ, მექანიკურ სახელწოდებად რომ უქცევიათ, თავისი საზრისით, ბევრ სახელდებაზე მაღლა დგას. ამ ეთნოჯაზის უკომპრომისობა და შემწყნარებლობა, საკრალურობა და ცრურწმენა მადლმოსილება და გრძნეულება, სიმშვიდე და თავზეხელაღებულობა, უსიტყვო ჰარმონია და დისჰარმონია, დემონსტრაცია და კონსპირაცია, ერთად ყოფნა და უერთმანეთობა და კიდევ ათასი ოპოზიცია... სწორედ „წილადს“ უფრო შეეფერება, მით უფრო, არაწესიერს, ვიდრე ნატურალურ რიცხვს, თუმცა არც ეს არის სწორი, რადგან არსებობს ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონია“ (ზოგჯერ გაგურულებულიც)... 
სინამდვილეში, წილადზეც და ნატურალურ რიცხვზეც უფრო მნიშვნელოვანი ერთი რამ არის: ისინი მუსიკას მაშინ ქმნიან, როცა ენატრებათ... ენატრებათ მშობლები, მეუღლეები, შვილები, ახლობლები, მეგობრები (ეს „ირიაოს“ სოლისტის _ მიხეილ ჯავახიშვილისეული თანმიმდევრობაა...) და ენატრებათ ასე ბუნებრივი, ასე მართალი, ასე ეთიკური თანმიმდევრობით.


0, 047
საქართველო!

...და 30
სემინარის ოცდაათი ახალი მონაწილე!

P.შ. რიცხვი ყველაზე უსაფრთხო საზრისია, რადგან ის ყველაზე ახლოსაა უსასრულობასთან.                                          



                                                                                                   ესმა მანია
26.10.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com