GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ყვავილებად მირთმეული მუსიკა გალაკტიონს...

„დრო, დრო აღნიშნე...“ ანდერძივით დაგვიტოვა გალაკტიონმა.

ამ სიტყვების მნიშვნელობა კარგად იციან აქ, ამ სკოლაში, სადაც არ არსებობს დროზე ადრე ან დროზე გვიან, სადაც „მატარებელი ხუთ წუთში გავა“... ზუსტად ხუთ წუთში.

   მეც, როგორც სკოლის მსმენელი, ასე დავიწყებ - დროს აღვნიშნავ:

   ზაფხულის პირველი თვე (ეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თორემ სამხრეთში ზამთარია), თვის შუადღე - 15 ივნისი, საქართველო - 23 საათი 30 წუთი. ბაკურიანის სასტუმროს წითელი დარბაზი...

   ეს საღამო თემატიკითა და მნიშვნელობით გასცდა სემინარის ფარგლებს, ქვეყნისა თუ დედამიწის ნახევარსფეროს საზღვრებს და დროის ნამდვილი სიზუსტით ისეთ უდროობაში გადაგვიყვანა, რომელსაც მარადისობა ჰქვია. სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ჭეშმარიტი ხელოვნება ხომ მთელი მსოფლიოს, მისი შექმნიდან ყოველი მომდევნო ეპოქის კუთვნილებაა - საღამო გალაკტიონს მიეძღვნა.

   „უთარგმნელი პოეტი“ - ეს სტატუსი ერთი მხრივ ხელოვანის უნიკალურობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი ამ აბსოლუტურ, განუმეორებელ პოეტიკას სამშობლოსა და მშობლიურ ენაში ამწყვდევს. ამდენად არა მხოლოდ ჩვენთვის, ქართველებისთვისაა მისი დამსხვრევა და გადალახვა სასიხარულო. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ გალაკტიონის ღირსეულ მთარგმნელს, მისი პოეზიით მართლაც შეპყრობილ მეცნიერს, ინესა მერაბიშვილს უმასპინძლა.

   ნათქვამია, რომ ლექსს ჭეშმარიტად მაშინ კითხულობ, როდესაც თარგმნი. ამ გამოცდილების გაზიარება მრავალჯერ წაკითხულის ხელახლა გააზრებას გავდა. მეტი შევიტყვეთ ენობრივი თავისებურებებისა თუ აზრის მუსიკის შესახებ, რომელიც უცხო ენაში რაღაც ჯადოსნობით სრულყოფილად უნდა გადავიდეს, აღმოვაჩინეთ სიმბოლიკის აქამდე უცნობი დეტალები... საუბარს წინ უძღვოდა ფილმი, რომელმაც ლონდონში, ბელგრეივ სქვეარზე მდებარე განთქმულ სასახლეში გალაკტიონის 120 წლის იუბილე, ინესა მერაბიშვილის მიერ            თარგმნილი ლექსების კრებულის პრეზენტაცია ასახა. „ლონდონმა გალაკტიონის სახით ახალი გალაქტიკა აღმოაჩინა, რომელიც აქამდე თითქმის მიუწვდომელი იყო ინგლისურენოვანი მკითხველისთვის“ - ასეთი შეფასება მოჰყვა წიგნს ბაირონის შთამომავლებისა და მაღალი რანგის კრიტიკოსებისაგან.

   ჩვენს შეხვედრას „გალაკტიონი და არჩევანი“ ერქვა, რაც თითქოს არაპირდაპირ, სინამდვილეში კი პრინციპულად უკავშირდებოდა სემინარის ერთ-ერთ მთავარ თემას: „კონფორმიზმი და კომპრომისი“. გალაკტიონი ხომ ცხოვრებითაც ისეთივე გამორჩეული იყო, როგორც შემოქმედებით; საბჭოთა რეალობაში მისი არჩევანიც უნიკალური აღმოჩნდა - შინაგანი დისტანცირება, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ჩაკარგვა, სისტემისგან ამგვარი განდგომა... თუნდაც ღვინით დანამული წვერის, ლოთის ნიღბის მოშველიებით...  

   „ნეტავ როგორ გაიმართება ჩემი საღამო? მოვლენ თუ არა ახალგაზრდები? ნეტავი ქალები თუ მომიტანენ ყვავილებს?“ - უკითხავს ერთხელ გალაკტიონს...

   ფილმი, მსჯელობა, განწყობა, რომელიც პოეტების მეფეს შეეფერება... საღამოს მიწურულს დარბაზში ოთხი ულამაზესი ახალგაზრდა ქალიც გამოჩნდა, ხელში მუსიკალური ინსტრუმენტებით, ყვავილებს თავად ჰგავდნენ. სიმებიანმა კვარტეტმა „სფორცანდომ“ ისეთი სიმსუბუქით ააჟღერა სულხან ცინცაძისა და სხვათა კომპოზიციები, თითქოს მართლაც ყვავილებიდან წამობერილი ნიავი შემოგვაფრქვია... არ ვიცი, შროშანი იყო ეს, ზამბახი, იასამანი თუ ყველაფერი ერთად, დიდი მისტიკური თაიგული...

   გალაკტიონი ხომ უეკლო ვარდის სიმბოლიზებას ქრისტიანული ფილოსოფიისამებრ ღვთისმშობელთან ახდენდა, გვირილისას - მაცხოვართან.

   დროით დავიწყე და ასევე დავასრულებ: 14-15 ივნისი, დილის 10-დან გვიან ღამემდე - ეს მიმდინარე წლის მსმენელთა მეხუთე, საქართველოში ბოლო, სემინარი იყო. წინ სტრასბურგია, ევროპის საბჭოს ოქტომრბის ფორუმი. საფრანგეთში სამი საათით ადრეა. გალაკტიონი ალბათ საგზლად გაგვყვება, როგორც მარადიული და შეუცვლელი... მთელი მსოფლიოს კუთვნილება და თანაც ფრანგული პოეზიის ნამდვილი მოტრფიალე.

   თუმცა აქ ახლა, რაღაც დიდი დამთავრდა. ვინც სკოლას არ ზიარებია, მისთვის რთული წარმოსადგენია, რამხელა სევდა ახლავს დასარულს... და რამდენად კარგია, რომ გამოსამშვიდობებელ დღეებში, ასეთ ემოციურ წუთებში ჩვენთან იყო გალაკტიონი... „გამოსალმების ხელოვნებისთვის ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი“...

                                                                                   ეკატერინე ტოგონიძე

18.06.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com